Thumbnail

ცრემლიანი გამოსვლა ავსტრალიაში - ენდი მარი კარიერას ამთავრებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ენდი მარი იძულებულია, კარიერა დაასრულოს
  • ყოფილ პირველ ჩოგანს ტკივილები არ ეშვება

ავსტრალიის ღია პირველობა მისთვის, შესაძლოა, ბოლო ტურნირი იყოს!

ენდი მარი კარიერას ყველაზე გვიან ზაფხულში, უიმბლდონის შემდეგ დაასრულებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ წლის პირველივე დიდი სლემის ტურნირი მისთვის ბოლო აღმოჩნდეს. მიზეზი ის არის, რომ 31 წლის ბრიტანელ ჩოგბურთელს დიდი ხანია, ბარძაყის პრობლემები აქვს და უკვე 20 თვეა, დიდი ტკივილებით თამაშობს.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კარიერის დასრულების შესახებ  მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ძალიან ემოციური გამოვიდა. როგორც იცით, ავსტრალიის ღია პირველობა ორშაბათს იწყება.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ ტკივილებით თამაშს კიდევ 4-5 თვე შევძლებ. მინდა, რომ უიმბლდონამდე გავძლო და ჩოგბურთიდან მერე წავიდე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას მოვახერხებ,” - განაცხადა მარიმ პრესკონფერენციაზე, რომლის დაწყების შემდეგ დარბაზი ცოტა ხნით დატოვა, მერე კი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემა თვალცრემლიანმა გააგრძელა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე შოტლანდიელი განთესილი არ არის და პირველ წრეში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს ხვდება, რომელმაც ახლახან დოჰაში ATP-ტურნირი მოიგო. შესაბამისად, მარისთვის ეს ადვილი მატჩი არ იქნება. ის რეიტინგში ახლა 230-ე ადგილზეა და როგორც ამბობს, აღარ ფიქრობს იმაზე, რომ კარიერის დასრულებამდე ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაშს მოახერხებს.

“ძალიან სერიოზული ტკივილები მაქვს - ეს უკვე მეტისმეტია. ტკივილი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვარჯიშითა და თამაშით ვისიამოვნო. შესაბამისად, სწორედ იმით ვერ ვიღებ სიამოვნებას, რის გამოც ჩოგბურთი ასე ძალიან მიყვარს. შევეცადე, რომ რაღაც მეღონა, ყველაფერი მოვიმოქმედე, ამაზე ბევრიც ვისაუბრე, მაგრამ ტკივილები არ გადის,” - აღნიშნა შოტლანდიელმა.

ენდი მარის ორჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი (2013 და 2016 წლებში) და ერთხელ ამერიკის ღია პირველობა მოიგო (2012). გარდა ამისა, ხუთჯერ იყო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში და ერთხელ როლან გაროსის ფინალში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები