Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ლუცერნს შეკრებაზე არ გაჰყვა
  • ფეხბურთელი იჯარით გურნიკში მიდის, სადაც სეზონის მეორე ნახევარს გაატარებს
  • ზაბჟეს გურნიკი პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია  

შვეიცარული ლუცერნისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო (ვალერიან) გვილია კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას luzernerzeitung ავრცელებს, რომლის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი სეზონის მეორე ნაწილს ზაბჟეს გურნიკში იჯარით გაატარებს.

"ვაკო ლუცერნს მარბელიაში საწვრთნელ შეკრებაზე არ გაჰყვა. ქართველი ლეგიონერი პოლონეთში გასამგზავრებლად იბარგება", - წერს გამოცემა.

გურნიკის მდგომარეობა პოლონურ ექსტრაკლასაში არცთუ სახარბიელოა - 16-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 20 ტურის შემდეგ, ბოლოსწინა ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. სწორედ ამ მიზნის შესრულებაში უნდა დაეხმაროს გვილია გურნიკს.

ვაკო გვილიას სათამაშო პრაქტიკა ეროვნულ ნაკრებსაც სჭირდება

ვაკო გვილიამ კაირერა უკრაინაში დაიწყო, შვეიცარიაში კი ბელარუსული ბატე-დან შარშან იანვარში გადაბარგდა და მალევე იქცა ლუცერნის ერთ-ერთ ლიდერად, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდის მწვრთნელად რენე ვაილერი დაინიშნა, ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. ვაკომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის 11 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, პრესაში კი ადრევე დაიწერა, რომ ფეხბურთელი ლუცერნს ზამთარში დატოვებდა.

მეტი ამ თემაზე: 'ასეთი ფეხბურთელები მომავალში აღარ იარსებებენ' - გვილია ლუცერნიდან მიდის?

როგორც ირკვევა, ვაკო გვილია ლუცერნში, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი - ოთარ კაკაბაძე გამოდის, ზაფხულში დაბრუნდება. ვაკოს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ვაკო გვილიას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლია. Transfermarkt.de 24 წლის ქართველ ფეხბურთელს 1,25 მილიონ ევროდ აფასებს.

ზაბჟეს გურნიკი პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია - ჩემპიონობა 14-ჯერ აქვს მოპოვებული, 6-ჯერ კი პოლონეთის თასი.

კომენტარები

ბოლო ამბები