Thumbnail

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ყაზახეთში? მოლაპარაკება დაიწყო

  • ყაზახური მედიის ცნობით, ქაისარი მოლაპარაკებას გიორგი მერებაშვილთან მართავს
  • 32 წლის ნახევარმცველს პოლონურ ვისლასთან კონტრაქტი ამ წლის ივნისში ეწურება 

ყაზახეთის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძლება ვიხილოთ. როგორც Sports.kz-ისთვის ცნობილი გახდა, ამ ქვეყნის კლუბი ქაისარი მოლაპარაკებებს გიორგი მერებაშვილთან მართავს. 

ქაისარმა ყახაზეთის 2018 წლის პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა. 

"ეს ფეხბურთელი ყაზახ გულშემატკივარს უეფას ერთა ლიგაში, ყახაზეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებებით ემახსოვრება. თბილისურ შეხვედრაში ის გატანილი გოლითაც გამოირჩა. 32 წლის ვინგერი 2016/17 წლების სეზონიდან პოლონურ ვისლაში გამოდის, მასთან კონტრაქტი კი ივნისში ეწურება. მერებაშვილმა ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. ამჟამად Transfermarkt მას 400 ათას ევროდ აფასებს", - წერს ყაზახური გამოცემა.

მერებაშვილმა ყაზახებს თავი თბილისურ მატჩში (2:1) გატანილი გოლით დაამახსოვრა

გიორგი მერებაშვილმა კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, 2010-12 წლებში კი სერბულ ვოივოდინაში გამოდიოდა, რის შემდეგაც კვლავაც სამშაობლოში დაბრუნდა და დინამოში კიდევ ორი სეზონი გაატარა. გიორგი საზღვარგარეთ სათამაშოდ მეორედ 2014/15 წლების სეზონიდან გაემგზავრა. იყო ბერძნული ოფი-ს, ვერიასა და ლევადიაკოსის ფეხბურთელი, ბოლოს კი პოლონეთში აღმოჩნდა, სადაც 2016/17 წლების სეზონიდან პლოცკის ვისლას ღირსებას იცავს. 
    
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის - ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებიც კოსტანაის ტობოლის ღირსებას იცავენ. ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მალე მათ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაც შეუერთდება

კომენტარები

ბოლო ამბები