Thumbnail

NBA | სუპერმატჩი სან ანტონიოში - ოლდრიჯის 56 ქულა, ვესტბრუკის სამმაგი 24 პასით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • სან ანტონიოს ოკლაჰომას დასამარცხებლად მეორე ოვერტაიმი დასჭირდა
  • ლემარკუს ოლდრიჯის პირადი და რასელ ვესტბრუკის ლიგის რეკორდები
  • დეტროიტ პისტონსი ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშობს და ისევ მარცხდება

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის გამორჩეული მატჩი სან ანტონიოში გამართა, სადაც სპურსმა ოკლაჰომა სითი თანდერი მიიღო. ამ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო, თამაში კი საბოლოოდ მასპინძელთა მოგებით, ანგარიშით 154:147 დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მეოთხე მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლეს, სან ანტონიო კი პირველი გუნდი გახდა 2010 წლის შემდეგ, რომელმაც შეხვედრაში 150-ქულიან ზღვარს მიაღწია. ბოლოს ეს ფინიქსმა მოახერხა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სან ანტონიოს ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი გახდა, რომელმაც 56 ქულა ჩააგდო და ამით ერთ თამაშში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. 

სპურსში დემარ დეროზანმა ორმაგი დუბლი მიითვალა (16 ქულა, 11 პასი), დერიკ უაითმა კი - 23 ქულა.

თანდერში სამმაგი დუბლი ჰქონდა რასელ ვესტბრუკს - 24 ქულა, 12 მოხსნა და 24 პასი. ამით სტუმართა გამთამაშებელმა ლიგის რეკორდი გაიმეორა - სამმაგი დუბლის დროს შედეგიანი პასების რაოდენობის მხრივ. აქამდე სამმაგი დუბლი 24 პასით, მხოლოდ აიზია თომასს (1984/85 წლების სეზონში, დეტროიტში) და რაჟონ რონდოს (2010/11 წლების სეზონში, ბოსტონში) ჰქონდათ. 

ვესტბრუკის კარიერაში ეს 117-ე სამმაგი დუბლია და ამ მაჩვენებლით ის NBA-ს ისტორიაში მესამეა. რასელი მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს (138 სამმაგი დუბლი) და ოსკარ რობერტსონს (181) ჩამორჩება.

რასელ ვესტბრუკის მომენტები

ოკლაჰომადან 30 ქულით დაასრულა შეხვედრა პოლ ჯორჯმა, ჯერემი გრანტმა კი ორმაგი დუბლით - 25 ქულა, 12 მოხსნა.

სან ანტონიო სპურსმა (25-18) ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე მოგება იზეიმა და დასავლეთ კონფერენციაში მეექვსეა. თანდერი (25-16) კი, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე მარცხია, ამავე ცხრილში მესამეზეა. 

კვლავ ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა დეტროიტ პისტონსმა (17-23) და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სტუმრად საკრამენტო კინგსთან (21-21) დათმო - 102:112. დეტროიტი, რომელმაც ბოლო ათი შეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს ლოს ანჯელესში, კლიპერსთან ჩაატარებს.

ქართველ ცენტრს, რომელმაც 31 დეკემბერს ორლანდოსთან ფეხის ტრავმა მიიღო, ახალი წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

სათამაშო დღის ტოპ-10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები