Thumbnail
  • 📅 13 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ ბეტისი V რეალი
  • სოლარის კურტუა, ბეილი და ვასკესი არ ეყოლება

კვირას ესპანეთის ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა ანდალუსიაში გაიმართება, სევილიური ბეტისი რეალს მასპინძლობს. თუკი სანტი სოლარის  გუნდი კიდევ დაკარგავს ქულებს, არ არის გამორიცხული, რომ არგენტინელს კარისკენ არა სეზონის ბოლოს, არამედ, მალევე მიუთითონ. რეალი ბარსას უკვე 10 ქულით ჩამორჩება. ასეთი ჩამორჩენა კი ლა ლიგის ამ ეტაპიდან ბარსასთან ჯერ არავის ამოუქაჩავს. 

ბეტისისა და რეალის ბოლო შეხვედრა სევილიაში თებერვალში შედგა და ამ მატჩში 8 გოლი (!) გავიდა, "სამეფო კლუბმა" ზინედინ ზიდანის მეთაურობით 5:3 მოიგო. სუპერმატჩში დაძაბულობა ბოლო წამებზე ბენზემას გოლმა მოხსნა. ამ მატჩში მარკო ასენსიომ დუბლი შეასრულა, სოლარი ამ ფეხბურთელს საერთოდ არ ათამაშებს და გასხვისებას უპირებს. ერთი გოლი სერხიო რამოსის ანგარიშზეა, რომელიც განსაკუთრებით არ უყვართ ბეტისის ფანებს, როგორც ყოფილი სევილიელი. კიდევ ერთი გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა, რომელიც ახლა სულ სხვა ჩემპიონატში თამაშობს, მისი შემცვლელი კი რეალმა ვერ შეიძინა და ისეთი პირი უჩანს, ვერც ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეიძენს.

თამაშს მოიგებს ნახევარდაცვა?

მარკოს ლორენტე 2018 წლის დეკემბრის რეალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კიკე სეტიენს სურს, მადრიდული კლუბს შუახაზი მოუგოს და ამით წელში გატეხოს. წინ კი მასპინძლებს ანტონიო სანაბრიას იმედი ექნებათ, რომელმაც ბოლო დროს თავი გამოიჩინა. 

რეალს ტიბო კურტუა თვის ბოლომდე დააკლდა, თუმცა კეილორ ნავასს მისი შეცვლა არ გაუჭირდება. აი, რამდენად სრულფასოვანი შემცვლელია სებალიოსი ტონი კროოსის, მატჩის დროს გამოჩნდება. ლუკას ვასკესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო გარეთ ბეილი - ტრავმირებული. ასე რომ, სოლარის სხვა გზა არც დარჩა - ისკო უნდა ათამაშოს სასტარტოში.  

სავარაუდო შემადგენლობები

ბეტისი (5-3-2): პაუ ლოპესი - ფრანსისი, მანდი, ბარტრა, ფედალი, ტელიო - კანალესი, ვ. კარვალიო, ლო სელსო - სანაბრია, ხოაკინი

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ისკო, ბენზემა, ვინისიუსი

საინტერესო ფაქტები

⚽ ბეტისის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ბოლო ხუთ ტურში მეტოქეებმა ერთნაირად ითამაშეს - მოიგეს სამი, შემდეგ ფრე და წაგება. 

⚽ თებერვალში ამ გუნდების დაპირისპირებაში სევილიაში 8 გოლი გავიდა. 

⚽ დანი სებალიოსი "სამეფო კლუბში" ბეტისიდან 2017 წელს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები