Thumbnail
  • საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები სარაგოსაში ისინჯებიან 
  • 20 წლის გიორგი ჩოჩიშვილსა და 18 წლის ლევან გრძელიძეს შანსი ეძლევათ
  • ახალგაზრდა მეკარემ POPSPORT-ს თავისი მოლოდინი გაუმჟღავნა

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ბოლნისის სიონის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი კარიერას სავარაუდოდ ესპანეთში გააგრძელებს. 20 წლის გოლკიპერი, თბილისის ლოკომოტივის 18 წლის ნახევარმცველ ლევან გრძელიძესთან ერთად, ამჟამად სარაგოსაში სინჯებზე იმყოფება და როგორც თავად POPSPORT-ს განუცხადა, მეორე გუნდში უკვე ითამაშა და დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს. 

გიორგი ჩოჩიშვილი და ლევან გრძელიძე სარაგოსაში

შეგახსენებთ, რომ სარაგოსას ღირსებას გიორგი პაპუნაშვილი მეორე სეზონია იცავს, კლუბში სინჯებზე ჩასული ორი ქართველი ფეხბურთელის შესახებ ადგილობრივმა eldesmarque.com-მაც დაწერა:

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეალ სარაგოსა მეორე წრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს, თუმცა სპორტული მენეჯმენტი უფრო შორსაც იყურება. აქ სტუმრად ორი ქართველი ფეხბურთელია, რომლებსაც უახლოეს დღეებში შანსი ექნებათ, შესაძლებლობები წარმოაჩინონ. მათთვის მაგალითი გიორგი პაპუნაშვილია - თანამემამულე, რომელთანაც აგენტიც საერთო ჰყავთ. ისინი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველი - თბილისის ლოკომოტივის 18 წლის შემტევი ლევან გრძელიძეა, რომელიც სათამაშო მახასიათებლებით "პაპუს" ჰგავს. ის მარცხენაა, არის სწრაფი და ტექნიკური. 

გიორგი ჩოჩიშვილი 20 წლის მეკარეა, რომელიც ყურადღებას თავისი სიმაღლით იპყრობს - 195 სმ-ია. ის ბოლნისის სიონში თამაშობს, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს - იყო პრაღის სლავიასა (21-წლამდელთა გუნდში) და სლოვაკურ ზლატე მორავცეში. ორივე ფეხბურთელს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში იწვევენ.

სარაგოსას ქართველები: პაპუ, გიორგი და ლევანი

ამ ორ ფეხბურთელს აქვს სარაგოსაში თავის გამოჩენისა და დამკვიდრების შანსი. ამის მაგალითი პაპუნაშვილია, მოთამაშე, რომელმაც დასაწყისში წარმოქმნილი, ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც შეძლო ყველას დარწმუნება და გუნდის ერთ-ერთი წამყვან და გულშემატკივრებისთვის საყვარელ მოთამაშედ გახდომა", - წერს საიტი.

გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას ღირსებას მეორე სეზონია იცავს. გუნდი ლა ლიგა 2-ში მე-15 ადგილზეა, გიორგიმ კი ამ სეზონში 7 მატჩში 1 გოლი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები