Thumbnail

'შარშანდელი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ' - სანდრო კობახიძემ ვარჯიში განაახლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვორსკლას ქართველი ნახევარმცველი გამოჯანმრთელდა და ვარჯიშობს
  • 31 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატში შარშანდელი შედეგის გამეორება სურს 

უკრაინული ვორსკლას ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, რომელმაც შარშან შემოდგომით მხრის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, გამოჯანმრთელდა და სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა. 

31 წლის ფეხბურთელი სექტემბრის ბოლოს დაშავდა, იქამდე კი ყველა ტურნირში ათ მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

გამოჯამრთელებული კობახიძე პოლტავის კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა:

"როდესაც ტრავმა მივიღე და საქართველოში გავემგზავრე, პირველ დღეებში ვფიქრობდი, რომ დაკარგული იყო ის ყველაფერი, რისთვისაც წინა სეზონში ვიბრძოლე. მივხვდი, რომ წლის ბოლომდე ვეღარ ვითამაშებდი და ყველა მატჩს გამოვტოვებდი. ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო.

ოპერაცია გამიკეთეს, რის შემდეგაც საქართველოში, სარეაბილიტაციო ცენტრში გამიშვეს. იქ თითქმის ორთვენახევარი გავატარე და როგორც კი, ე.წ. თაბაშირი მოვიხსენი, სერიოზული მზადებაც დაიწყო. შეიძლება ითქვას, ახლა მზად ვარ ვარჯიშისთვის", - ამბობს სანდრო.

კობახიძის გუნდმა გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე სეზონში ვორსკლა 9-9 მოგება-მარცხით სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა, ზორიას (4) ერთი ქულით, ოლეკსანდრიას (3) კი 9 ქულით ჩამორჩება.

სანდრო თურქეთში გამგზავრებამდე უკრაკნული კლუბის ბაზაზე ვარჯიშობს

ვორკსლას ფეხბურთელები შვებულებიდან 8 იანვარს დაბრუნდნენ, 14 იანვრიდან კი თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც ოთხ სპარინგს გამართავენ. სანდრომ გუნდის მიზნებზე ილაპარაკა:

"შეკრებაზე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩემპიონატში ისეთი კარგი სიტუაცია აღარ გვაქვს, როგორიც შარშან გვქონდა და ალეკსანდრიისთვის დაწევა გაგვიჭირდება. ამოცანა კი შარშანდელი სეზონის შედეგის გამეორებაა. გაძლიერება გვჭირდება და მინუმუმ, ის ბიჭები უნდა შევინარჩუნოთ, რომლებიც გვყავს. პირველი მატჩიდან დაწყებული, რომელიც კარპატისთან გვიწევს, მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები