Thumbnail

ამბები დინამოდან: ორი შეკრება, ჩისკო სამწვრთნელო შტაბში და ხარაბაძე ციურიხში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის დინამო ახალი სეზონისთვის მზადებას 24 იანვარს დაიწყებს
  • ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი ანთალიაში ორ შეკრებას გაივლის

გაირკვა, რომ ეროვნული ლიგის 2019 სეზონი 1 მარტს დაიწყება. ქართული კლუბები ახალი სეზონის მზადების დაგეგმის პროცესში არიან და მათ შორისაა თბილისის დინამოც. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბუხალმა popsport.com-თან აქტუალურ თემებზე ისაუბრა...

ორი შეკრება ანთალიაში

შეკრებას 24 იანვარს დავიწყებთ და დაახლოებით ერთი თვე გვექნება ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. ორი შეკრება გვექნება და ორივე ანთალიაში. გავმართავთ 6-7 ამხანაგურ შეხვედრას, თუმცა ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა გუნდებთან შედგება სპარინგ-მატჩები. ყველა დეტალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

ჩისკო დინამოს სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს
ფოტოები: დინამოს FB გვერდიდან

სამწვრთნელო შტაბი

ამ ეტაპზე, დადასტურებულად მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ: ჩისკო მუნიოსი იქნება გუნდის სამწვრთნელო შტაბში. რა პოზიციაზე იმუშავებს და ზოგადად, როგორ დაკომპლექტდება მთელი შტაბი, ეს ჯერ უცნობია. შეკრებაზე გამგზავრების წინ, აუცილებლად ჩავატარებთ პრესკონფერენციას და იქ გაირკვევა ყველაფერი.

ლევან ხარაბაძე

მედიაში იწერება, რომ ლევან ხარაბაძე (18 წლის მცველი) შვეიცარიულ ციურიხში გადავიდა. ამ ტრანსფერის ალბათობა 90%-ია, თუმცა სანამ ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, იქამდე ტრანსფერს ვერ დავადასტურებთ. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ უმჯობესია, რომ დაველოდოთ კონტრაქტის გაფორმებას. ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ლაპარაკია 1.5-წლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები