Thumbnail

რამდენიმე კვირის წინ მანჩესტერ იუნაიტედიდან ჟოზე მოურინიო გაუშვეს. ამ ამბავს საფეხბურთო სამყარო დიდხანს ელოდებოდა - ჟოზეს იუნაიტედი ბოლო თვეებში კატასტროფულად გამოიყურებოდა. ეს წარუმატებლობა ჟოზესთვის ზედიზედ მესამეა - მანჩესტერამდე მან ჯერ ლონდონურ ჩელსიში დაასრულა სკანდალით მუშაობა, იქამდე კი მადრიდის რეალში. ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მოურინიოს სისტემური პრობლემა აქვს, მისი ფეხბურთი თანამედროვე რეალობაში შედეგის მომტანი აღარ არის.

როგორ იქცა Special One პრობლემად?

მოურინიოს კარიერა შეგვიძლია ორ ეტაპად დავყოთ. მისი კარიერის პირველ ეტაპზე (2002-2010 წლები) პორტუში, ჩელსისა და მილანის ინტერში ჟოზემ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი ფეხბურთში შეიძლებოდა. იგი სრულად ამართლებდა თავის მეტსახელს - Special One და მისი გუნდები წლების მანძილზე უძლეველად გამოიყურებოდნენ. მისი კარიერის მეორე ეტაპზე (2010-2018 წლები) რეალში, ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედში კი ჟოზეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მიუხედავად, თავისი გუნდებისთვის უფრო მეტი პრობლემა მოჰქონდა, ვიდრე სარგებელი - სკანდალები, გამუდმებული კონფლიქტები ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან და კლუბის მენეჯმენტთან, ჩაგდებული სეზონები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟოზეს შედეგები წლიდან წლამდე მხოლოდ უარესდება. თუკი ჯერ კიდევ რეალში მუშაობის პერიოდში სკანდალების მიუხედავად, ვერავინ იტყოდა, რომ მოურინიოს ფეხბურთი მოძველებული და არაეფექტურია, ჟოზეს მანჩესტერ იუნაიტედი წლიდან წლამდე მხოლოდ რეგრესირებდა. პორტუგალიელის კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისი ბოლო ორი გუნდი (ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი) ჟოზესთან ერთად თავისი თამაშების 60 პროცენტზე ნაკლებს იგებდა.

მოურინიოს გამარჯვებების პროცენტი  უარესდება

მარტივი სტატისტიკაა - შეუძლებელია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, როდესაც შენი გუნდი ორი თამაშიდან მხოლოდ ერთს იგებს.

მესამე სეზონის სინდრომი

ამ სეზონის წინ ბუკმეკერები მოურინიოს გათავისუფლების უპირველეს კანდიდატად მიიჩნევდნენ, არადა გასულ სეზონში იუნატედი მეორე ადგილზე გავიდა. ბუკემერეკები ყველაზე მეტად სტატისტიკას ენდობიან, სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ ჟოზეს მესამე სეზონი ყოველთვის კატასტროფული გამოსდის. პორტუში და ინტერში ჟოზემ მხოლოდ ორ-ორი სრული სეზონი გაატარა. რეალსა და ჩელსიში მას წარუმატებელი მესამე სეზონი ჰქონდა, ჩელსიში მეორედ მისვლის დროს და მანჩესტერ იუნაიტედში კი ჟოზეს მესამე სეზონი იმდენად კატასტროფული გამოვიდა, რომ სეზონის დასრულებამდე გაათავისუფლეს.

ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. მოურინიო იმ ტიპის მწვრთნელია, რომელიც გუნდს ვერ ავითარებს. იგი თავისი გუნდის რესურსების მაქსიმალური მობილიზების გზით შედეგს თავის პირველ ორ სეზონში დებს, შემდეგ კი მისი გუნდი გადამწვარია, ჟოზეს სამწვრთნელო მეთოდებით (რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ) გადაღლილი და კრიზისი ეწყება.

თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ჟოზეს ტიპის მწვრთნელებზე, რომლებიც სწრაფ შედეგს იძლევიან, თუმცა გუნდის თამაში ხარისხობრივად არ პროგრესირებს, ნაკლები მოთხოვნაა. პირიქით, თუ გადავხედავთ, მაგალითად, პრემიერლიგის გრანდებს, თვალში მოგვხვდება, რომ თითოეული გრანდი ცდილობს ისეთი მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც გუნდს განავითარებს, თამაშის ხარისხი პროგრესირებდი იქნება და ამისთვის მზად არიან კიდეც მწვრთნელებს საჭირო დრო მისცენ. იუნაიტედის გარდა ხუთივე სხვა ინგლისურ გრანდში სწორედ ამ ტიპის მწვრთნელები მუშაობენ - გვარდიოლა სიტიში, კლოპი ლივერპულში, სარი ჩელსიში, პოჩეტინო ტოტენჰემში, ემერი არსენალში.

წაიკითხე | გვარდიოლას ეფექტი - პეპმა ყველაფერი დაანგრია

კატასტროფული Man Managment

მწვრთნელის სამუშაო ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ტაქტიკური მომზადება და გუნდის მართვა. მწვრთნელს კარგი შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი იგი 20-25 კაციან გუნდში კარგ სამუშაო განწყობას შექმნის. ჟოზე ამ კუთხით კატასტროფულად გამოიყურება- ბოლო წლებია მას გუნდებში საკუთარ ფეხბურთელებთან მუდმივად კონფლიქტები მოსდის. ცუდი შედეგები თითოეულ მწვრთნელს აქვს, თუმცა ბოლო წლებია დიდი გუნდების მწვრთნელებიდან მხოლოდ მოურინიო ახერხებს, რომ თავისი გუნდი აბსოლუტურ კატასტროფამდე მიიყვანოს.

2015 წელს ჩელსისთან ერთად მოურინიომ მის ბოლო 7 შეხვედრაში 6-ჯერ წააგო და 1 ფრე ითამაშა, მისი გაძევების შემდეგ კი გუნდმა 15 თამაშიდან მხოლოდ ერთში განიცადა მარცხი. იგივე ხდება მანჩესტერის შემთხვევაშიც - იუნაიტედს 1990 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდა, 17 შეხვედრაში მხოლოდ 26 ქულა აიღო და ლიდერ ლივერპულს ჟოზეს გაძევების მომენტში 19 ქულით ჩამორჩებოდა. მანჩესტერმა ამ სეზონში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა 0-ზე და 17 თამაშში 29 გოლი გაუშვა, მასზე მეტი გოლი გაშვებული გოლი მხოლოდ აუთსაიდერებს - ფულემს, ბარნლის, კარდიფსა და საუთემპტონს - ჰქონდათ. მოურინიოს შემცვლელ სოლსკიაერთან ერთად იუნაიტედმა 5-დან 5 თამაში მოიგო, ისე რომ 16 გოლი შეაგდო და მხოლოდ 3 გაუშვა. მნიშვნელოვნად შეიცვალა სტატისტიკური მაჩვენებლებიც.

სოლსკიაერთან ერთად სტატისტიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

გუნდის შედეგებსა და სტატისტიკაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. არც ჩელსი ყოფილა იმდენად სუსტი, რომ 7-დან 6-ჯერ წაეგო და ობიექტურად, არც მანჩესტერის დაცვაა პრემიერლიგის აუთსაიდერის დონეზე. ეს შედეგები იმით აიხსნება, რომ ფეხბურთელები მიდიან იმ ეტაპზე, როდესაც მათ აღარ სურთ ჟოზეს თავკაცობით მუშაობა. მოურინიოს მთავარი მარცხი განპირობებულია არა ტაქტიკური შეცდომებით, არამედ კონფლიქტური სიტუაციით გუნდის შიგნით, რის შედეგადაც ფეხბურთელები თამაშის მოტივაციას კარგავენ. ჟოზეს წასვლის შემდეგ კი დემონსტრაციულად მოტივირებულად გამოიყურებიან.

ბრიტანული პრესის ცნობით მოურინიოს მხოლოდ სამ ფეხბურთელთან - მატიჩთან, ფელაინისთან და ეშლი იანგთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. გუნდის მთელ რიგ წამყვან ფეხბურთელებთან (პოგბა, სანჩესი, მარსიალი, ვალენსია) კი მას ღია კონფლიქტი ჰქონდა. ასევე მოხდა ჩელსის შემთხვევაში, როდესაც მოურინიომ გასახდელის მხარდაჭერა დაკარგა და, მაგალითად, აზარს და ფაბრეგასს ღიად ბრალდებოდათ, რომ მათ მოურინიოს თავკაცობით თამაში არ სურდათ.

მოურინიო დროს ჩამორჩა. თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ. მათი მარკეტინგული ფასი იზრდება. ნებისმიერი ვარსკვლავი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე თუნდაც ყველაზე დიდი მწვრთნელი. ფეხბურთელებს აგენტები, იურისტები და მათთან დაახლოებული ჟურნალისტები კარგად იცავენ და ყოველთვის შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრი მწვრთნელის წინააღმდეგ მიმართონ. მწვრთნელს იშვიათი გამონაკლისების გარდა აღარ შეუძლია ერთპიროვნულად განკარგოს თავისი ფეხბურთელის ბედი, რომელშიც კლუბს მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვს ჩადებული. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც ჟოზეს პოგბას გაშვება სურდა, მოუწია კლუბის წარმომადგენლებისთვის ეკითხა, თუ როგორ მიიღებდნენ სპონსორები ამ ფაქტს. არ სჭირდება საფეხბურთო მარკეტინგის კარგად ცოდნა იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კლუბი პოგბასა და მოურინიოს დავის მიუხედავად ფრანგ ვარსკვლავს არ შეელეოდა. პოგბას მეორეჯერ დაკარგვა იუნაიტედისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა საიმიჯო და მარკეტინგული თვალსაზრისით.

როგორც ჟოზე ფეხბურთელებს ექცევა ეს 20 ან თუნდაც 10 წლის წინ შეიძლება ნორმალური ყოფილიყო, დღეს კი ნორმიდან ამოვარდნილად გამოიყურება. გრანდების თანამედროვე წარმატებული მწვრთნელები ავტორიტარები აღარ არიან, ისინი ცდილობენ ფეხბურთელებთან კარგი და თანამშრომლობითი ურთიერთობა ჰქონდეთ - ზიდანის, კლოპის და ალეგრის მაგალითები ამას მხოლოდ ადასტურებს.

თანამედროვე წარმატებული მწვრთნელები თავის ფეხბურთელებს ყოველთვის იცავენ, თუნდაც ცუდად ჩატარებული შეხვედრების შემდეგ და ცდილობენ ნეგატიური მომენტები პრესასთან არ გამოიტანონ. მოურინიო ერთადერთია, რომელიც საკუთარ ფეხბურთელებს ღიად აკრიტიკებს.

 „ფეხბურთელებმა ჩემს გაწეულ სამუშაოს უღალატეს. მე მათ 4 კომბინაცია ვაჩვენე, რომლებსაც ლესტერი შეტევაში იყენებს. მათ კი ორივე გოლი იმ სიტუაციებში გაუშვეს, რომელიც წინასწარ ვაჩვენე.“

ასე იმართლებდა თავს მოურინიო 2015 წელს ჩელსიში მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ (ლესტერი - ჩელსი 2 -1).

„შეუძლებელია, ამაზე უკეთესად გუნდი სტანდარტებისთვის მოამზადო. ყველა მოთამაშემ იცოდა თავისი პოზიცია და დავალება. ეს ყველაფერი გასახდელშიც იყო გამოკრული. პრობლემა მხოლოდ ფეხბურთელებშია."

ასე იმართლებდა თავს მოურინიო რეალთან ერთად მის ბოლო სეზონში სევილიასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ (სევილია - რეალი 1-0).

 „ზოგიერთი ჩვენი მოთამაშე მუდამ ტრავმირებულია და არასოდეს ფორმაში არ არის. ლივერპული კი ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ჩვენ არ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ამ ინტენსივობით თამაში შეუძლიათ.“

ეს კი ჟოზეს კომენტარია მანჩესტერში მის ბოლო შეხვედრაში, ლივერპულთან წაგების შემდეგ. ჟოზე მარცხს ისევ ფეხბურთელებს აბრალებს (ლივერპული - მანჩესტერი 3 -1).

ჟოზე ხშირად პირად კრიტაკასაც არ ერიდებოდა. იგი ისე შორსაც წავიდა, რომ თასზე დერბისთან პენალტებით წაგებული შეხვედრის შემდეგ ფილ ჯონსი გააკრიტიკა აცილებული პენალტის გამო. პენალტის ვერგატანას ფეხბურთელები ისედაც ძალიან განიცდიან და ღია კრიტიკა ვერგატანილი პენალტის გამო საფეხბურთო სამყაროში აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევა.

პრობლემები პრესასთან

წლების წინ პრესასთან ურთიერთობა მოურინის ძლიერ მხარედ მიიჩნეოდა. იგი სიამაყით აღნიშნავდა, რომ თამაშს წინა დღეს პრეს-კონფერენციაზე იწყებდა. მოურინიოს საყვარელი ხერხი კონფლიქტის შექმნაა - მას სურს მის ფეხბურთელებს ჰქონდეთ განცდა, რომ ყველა მათ ებრძვით - მსაჯები, პრესა, მოწინააღმდეგეები. ამ ხერხით ჟოზე თავისი მოთამაშეების მაქსიმალურ მობილიზებას ახდენდა. ასევე იქცეოდა მარჩელო ლიპი 2006 წელს, როდესაც კალჩოპოლის დროს თავის ფეხბურთელებს ჟურნალისტებს სპეციალურად ახვედრებდა, რათა მათ ჰქონოდათ განცდა, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა.

ჟოზეს ძალიან უყვარს სტრესის შექმნა, რადგან მიიჩნევს, რომ სტრესის დროს მოთამაშეები თავის მაქსიმუმს გაიღებენ. ეს მეთოდი წლების წინ მუშაობდა, თუმცა, დღეს მედიას აბსოლუტურად სხვა ძალა აქვს და ჟოზე ამ განსხვავებას ვეღარ თვლის. სოციალურ მედიასთან ერთად ფეხბურთელებზე ზეწოლა ბევრად უფრო გაიზარდა. აღარ არის საჭირო ჟურნალისტებთან შეხვედრა, თითოეულ მოთამაშეს თავის ტელეფონშივე შეუძლია გაიგოს, რას ფიქრობს მასზე მისი მილიონობით follower. თანამედროვე აგრესიულ მედიაგარემოში მწვრთნელები მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელებს ზეწოლა შეუმსუბუქონ. სულ რამდენიმე დღის წინ, სიტისთან გასამართი გადამწყვეტი შეხვედრის წინ იურგენ კლოპი მთელ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ მას არა შედეგი, არამედ თამაშის ხარისხი აინტერესებს. კლოპი ამ ხერხით ცდილობდა, მოთამაშეებისთვის სტრესი შეემსუბუქებინა. ამ ფონზე ჟოზე, რომელიც ყოვლად უმნიშვნელო მიზეზებსაც კი სკანდალად აქცევს, საკუთარივე გუნდისთვის ზედმეტად დიდი ტვირთია.

მოურინიოს ავიწყდება სხვა ფაქტორიც. ბოლო 10 წელში ფეხბურთში ტელეტრანსლიაციებით ძალიან დიდი ფული შევიდა. კლუბების შემოსავლის ძირითადი წყარო აღარ არის მათი ერთგული გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე დადის. კლუბები აქცენტს იმ მილიონობით გულშემატკივარზე აკეთებენ, რომელიც ტელეტრანსლიაციებში ფულს იხდის და ყველა ხერხით ცდილობენ ახალ სატელევიზიო ბაზრებზე გავიდნენ და ნეიტრალური გულშემატკივარის გული მოიგონ. სწორედ ამიტომ თანამედროვე სუპერკლუბებისთვის პოზიტიური მარკეტინგული იმიჯის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ფონზე სკანდალისტი ჟოზე ნეგატიური მარკეტინგული იმიჯის გარანტია.

ტაქტიკა, რომელიც აღარ მუშაობს

როდესაც 2004 წელს მოურინიო ჩელსიში მივიდა, მან იქ ტაქტიკური გადატრიალება მოახდინა. არცერთი მწვრთნელი არ იყო მზად, ჟოზესთან ტაქტიკური ორთაბრძოლა მოეგო. იმ წლების პრემიერლიგაში გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა ტრადიციულ ბრიტანულ 4-4-2 სქემით თამაშობდა. ნახევარდაცვაში 2 მოთამაშე ცენტრში იყო განლაგებული, 2-იც ფლანგებზე. მაგალითად, ფერგიუსონის ლეგენდარული მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარდაცვაში კინი და სქოულზი ცენტრში თამაშობდნენ, ბექემი მარჯვნივ, გიგზი კი - მარცხნივ. მოურინიო თავის ყველა გუნდში 4-5-1 სქემით თამაშობს. ასე იყო ჩელსიშიც და მას მოედნის ცენტრში ერთდროულად 3 მოთამაშე ჰყავდა.

15 წლის მერეც ჟოზეს სათამაშო სქემა არ იცვლება

როდესაც ჟოზეს ჩელსი თავისი სქემით ტრადიციული ბრიტანული 4-4-2-ის წინააღმდეგ თამაშობდა, მაკელელე, ესიენი, ლემპარდის სამეული მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგის ორ მოთამაშეს ყოველთვის ჩაგრავდა. სწორედ მოურინიომ შემოიტანა პრემიერლიგაში მოედნის ცენტრის მაქსიმალურად დატვირთვის ტენდენცია.

სულ მცირე სამი მოთამაშე ცენტრში და დროგბას ტიპის დიდი ფორვარდი წინ მოურინიოს სავიზიტო ბარათად იქცა. წელსაც მანჩესტერი ძირითადად 4-5-1 სქემით თამაშობდა. სათამაშო სქემა, რომელიც 15 წლის წინ ინოვაციური იყო, დღეს არცთუ ისე პოპულარულია. ტაქტიკოსები მიიჩნევენ, რომ 4-5-1 არადინამიურია და შუაში ორი ჩამშლელის ყოლის შემთხვევაში ამ სისტემით გუნდს მხოლოდ 4 აქტიური შემტევი ფეხბრთელი ჰყავს.

მის კიდევ ერთ ნაკლად ის მიიჩნევა, რომ პრესინგიდან ამოსვლის დროს ამ სისტემით გუნდს პასის არცთუ ისე ბევრი ოფცია აქვს - შუა ნახევარმცველებს წინ გადაცემის მხოლოდ3 ადრესატი ჰყავთ, რაც მეტოქის პრესინგის დაძლევას ართულებს.

შემთხვევითი არ არის, რომ მოურინიოს საყვარელი სისტემა სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში.

პრემიერლიგაში 4-5-1 პოპულარობას კარგავს

ინგლისის გარდა, 4-5-1 სისტემა ესპანეთსა და გერმანიაშიც ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევა. ესპანეთში სულ რაღაც 4 სეზონის წინ გუნდების ნახევარზე მეტი (54.9 პროცენტი) ამ სქემით თამაშობდა, ამ სეზონში კი ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს ჩამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა-ლიგის მხოლოდ 3 გუნდი იყენებს სტაბილურად ამ სქემას.

ესპანეთის მსგავსად, 4-5-1 აღარც გერმანულ ბუნდესლიგაშია ყველა პოპულარული და ხშირად გამოყენებადი ტაქტიკუსი სქემა. 

იტალიაში ამ ტაქტიკურ სქემას ყოველთვის იშვიათად გამოიყენებდნენ. მოურინიო, ფაქტობრივად, მთელი მისი კარიერის მანძილზე იშვიათი გამონაკლისების გარდა მუდამ 4-5-1 სისტემით თამაშობს, რომელიც 15 წლის წინ, ჟოზეს ჩელსიში პირველად მისვლის დროს ინოვაციური იყო, 5 წლის წინ კვლავ პოპულარული, დღეს კი ცოტა მოძველებულად გამოიყურება.

პრესინგის პრობლემა

გვარდიოლას ბარსელონას შემდეგ პრესინგი თამაშის უმთავრეს ელემენტად იქცა. მაღალი კლასის გუნდებს მოეთხოვებათ კარგად შეეძლოთ მეტოქის პრესინგის ქვეშ მოქცევა და თავად მოწინააღმდეგის პრესინგის დაძლევა. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერლიგის გრანდებში სწორედ ის მწვრთნელები მუშაობენ, რომლებიც პრესინგის სპეციალისტებად მიიჩნევიან და რომელთა გუნდები მეტოქეს მის საჯარიმოსთანავე ხვდებიან - სარის ჩელსი, ემერის არსენალი, კლოპის ლივერპული, პოჩეტინოს ტოტენჰემი და, რაც მთავარია, გვარდიოლას სიტი მეტოქეს ბურთის გათამაშებაში ხელს აქტიურად უშლიან და ცდილობენ, როგორც კი დაკარგავენ, ბურთი სწრაფად დაიბრუნონ. გამონაკლისი ჟოზე მოურინიოა, რომელიც პრესინგს ძალიან უფრთხის, რადგან ფიქრობს, რომ პრესინგის დროს მის გუნდს თავის ნახევარზე სივრცეები რჩება და ამჯობინებს მეტოქეს თავის კართან შეხვდეს. მოურინიოს გუნდები, ფაქტობრივად, მეტოქის მცველებს და ნახევარმცველებს არ აწუხებენ და ბურთის ფლობის საშუალებას იქამდე აძლევენ, სანამ ისინი მათ კარს არ უახლოვდებიან.

მოძველებულია ჟოზეს დამოკიდებულებაც მეტოქის პრესინგის დაძლევის მიმართაც. თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო ფასობს ის მოთამაშეები, რომლებიც უკანა ხაზიდან შეტევას კარგად იწყებენ და ბურთის გათამაშება შეუძლიათ. სწორედ ასეთი მცველებისა და ნახევარმცველების წყალობით ინარჩუნებენ გუნდები ბურთს მეტოქის პრესინგის დროს. სიტის ჯონ სტოუნსი და ემერიკ ლაპორტი მსოფლიოს საუკეთესო მცველების რიცხვში არ შედიან, თუმცა ბურთს კარგად ფლობენ და ეს მათი მთავარი საფეხბურთო ღირსებაა. შეტევას ძალიან კარგად იწყებს ლივერპულის ვირჯილ ვან დიიკიც, მოურინიო კი, რომელიც კარგი დაცვის სპეციალისტად მიიჩნევა, აქცენტს კვლავ ძველი სტილის ფეხბურთელებზე აკეთებს, იმ მოთამაშეებზე, რომლებიც პრესინგის დაძლევაზე ორიენტირებულები არ არიან.

წაიკითხე | მარჩელო ლიპი - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო

ჩელსიში მას ჯონ ტერი - რიკარდო კარვალიუს დუეტი ჰყავდა, ინტერში ვალტერ სამუელი, ლუსიო და მარკო მატერაცი. ყველა ეს მოთამაშე ძალიან კარგი მცველია - ფიზიკურად ძლიერი, ხისტი და აგრესიული. თუმცა, არცერთი მათგანი არ შედის იმ მოთამაშეთა რიცხვში, რომლებსაც შეტევის დაწყება და ბურთის გათამაშება შეუძლიათ. ჟოზე კვლავ იმ ტიპის მცველებს ეძებს, რომლებთან ერთადაც წარმატებას მიაღწია, ის კი ავიწყდება, რომ ამასობაში ფეხბურთი შეიცვალა.

იგივე ხდება ნახევარმცველებთან მიმართებაშიც. 2004 წელს ჩელსიში პირველ თამაშში მან მანჩესტერის წინააღმდეგ ერთდროულად დააყენა მაკელელე, ჯერემი ნჯიტაპი და ალექსეი სმერტინი - სამი ჩამშლელი ნახევარმცველი. მისი ჩელსი სწორედ მაკელელე - მიქალ ესიენის დუეტით გამოირჩეოდა - ორი ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური მოთამაშე. დაცვით ფაზაში ეს იყო ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვა, რომელიც კი მე მინახავს.

ინტერში მას კამბიასო, სტანკოვიჩი და ტიაგო მოტა ჰყავდა. დღესაც, თითქმის 10 წლის შემდეგ, რაც მისმა ინტერმა ყველაფერი მოიგო, ჟოზე კვლავ იმ ტიპის ფეხბურთელებს ენდობა, რომელთაც მას წარმატება მოუტანეს. იუნაიტედის ნახევარდაცვაში ნემანია მატიჩი თამაშობს - ფიზიკურად ძლიერი, თუმცა ნელი და სტატიკური მოთამაშე, რომელსაც შეტევის დაწყება და თამაშის გაშლა არცთუ ისე კარგად შეუძლია.

შედეგად, როდესაც მანჩესტერი შეტევის დაწყებას ფილ ჯონსით და ვიქტორ ლინდელოფით ცდილობს, ხოლო ნახევარდაცვაში ნემანია მატიჩი და ანდრეს ერერა ყავს, მათ ბურთის გათამაშების და მეტოქის პრესინგის დაძლევის არცთუ ისე ბევრი შანსი აქვთ.

გამოდის ის, რომ მოურინიოს გუნდები ხელს არ უშლიან მეტოქეს ბურთის გათამაშებაში და ელოდებიან მას თავის ნახევარზე, თავად კი საკუთარი მოთამაშეების შეზღუდული ტექნიკური არსენალის გამო მეტოქის პრესინგის დროს მყისვე კარგავენ ბურთს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოურინიოს გუნდები განწირულნი არიან თამაშის დიდი ნაწილი უბურთოდ გააატარონ.

მანჩესტერი ყველა სხვა გრანდს ჩამორჩება ბურთის ფლობაში

ჟოზეს იუნატედი ბურთს არ ფლობს პრემიერლიგის გრანდების დონეზე. ბურთის ფლობის 51 პროცენტიანი მაჩვენებლი უფრო მეტად ცხრილის შუაში განთავსებულ გუნდს შეეფერება, ვიდრე გრანდს. კიდევ უფრო ნეგატიურია ჟოზეს სტატისტიკა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც თავად კარგად ფლობენ ბურთს და აქტიურად აპრესინგებენ. ორივე ამ მაჩვენებელში პრემიერლიგის საუკეთესო გუნდების სიტის და ლივერპულის წინააღმდეგ მანჩესტერ იუნაიტედი წელს სამარცხვინოდ გამოიყურებოდა.

ამ ორივე თამაშში იუნაიტედს ბურთი მხოლოდ 35 % ჰქონდა. ლივერპულთან საერთოდაც ჟოზეს შეგირდებმა შეხვედრა ზუსტი პასების 65 % მაჩვენებლით დაასრულეს - შეუძლებელია წარმატებაზე ფიქრი, როდესაც, ფაქტობრივად, ორიდან ერთი პასი არაზუსტია. შედეგად, სიტიმ და ლივერპულმა ამ ორ თამაშში ჯამურად მანჩესტერის კარისკენ 53-ჯერ დაარტყეს, იუნაიტედმა კი მხოლოდ 10-ჯერ.

საკუთარი წარმატებების ტყვე

ბოლო წლებია ჟოზე ცდილობს კოპირება მოახდინოს იმ ფეხურთელების, რომელთაც მას წარმატება მოუტანეს. მოურინიოს ჩელსი დიდიე დროგბაზე იყო აწყობილი, თავისი თაობის საუკეთესო დიდ და ათლეტურ ფორვარდზე. ამ ტიპის თავდამსხმელები თანამედროვე ფეხბურთში იშვიათობაა. მწვრთნელები უპირატესობას მობილურ შემტევებს ანიჭებენ, რომელთაც უკან ჩამოსვლა და ბურთის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ და კარგი გახსნის წყალობით თანაგუნდელისთვის სივრცის გათავისუფლებაც.

მოკლედ, რომ ვთქვათ, უპირატესობა დინამიურ ფეხბურთელებს უფრო ენიჭებათ, ვიდრე სტატიკურ და ათლეტურ მოთამაშეებს. მოურინიო ჩელსიში მიბრუნების შემდეგ მეტ-ნაკლები წარმატებით ეცადა, რომ დიეგო კოშტასგან ახალი დროგბა შეექმნა, მანჩესტერში კი ამ როლს რომელუ ლუკაკუს არგებდა. ლუკაკუსგან ახალი დროგბა არ გამოვიდა და მოურინიოს, რომც უნდოდეს ამ ტიპის სუპერფორვარდს ბაზარზე, ფაქტობრივად, ვერ იპოვის - თანამედროვე ფეხბურთში დიდი და ათლეტური თავდამსხმელები იშვიათად გვხვდება.

ცუდად დაყენებული კომბინაციური თამაში

თანამედროვე შემტევ თამაშში მწვრთნელები აქცენტს კარგად დაყენებულ გუნდურ მოძრაობასა და კომბინაციურ თამაშზე აკეთებენ. მოურინიო კი ცდილობს აქცენტი მოთამაშეების ინდივიდუალურ ოსტატობასა და ფიზიკური ძალით მეტოქეზე ზეწოლაზე გააკეთოს. სწორედ ამიტომ გამოყავს ხოლმე მარუან ფელაინი მეორე ფორვარდად, როდესაც იუნაიტედს გოლის გატანა სჭირდება. ჟოზეს სურს, ორი დიდი, ათლეტური და თავით კარგად მოთამაშე ფეხბურთელი ჰყავდეს.

ამ სეზონში ჟოზემ 53 ცვლილება განახორციელა თავის შემადგენლობაში ანუ 53-ჯერ შეცვალა მოთამაშეები, წინა შეხვედრის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით. ამ მაჩვენებლით იგი პრემიერლიგაში უპირობოდ ლიდერობს.

არცერთი მწვრთნელი, რომელიც კომბინაციური და გუნდური თამაშის დალაგებაზე ზრუნავს, არ შეცვლის შემადგენლობას ასე ხშირად. აწყობილი გუნდური თამაშისთვის კარგი შეთამაშება და სინქრონული მოძრაობაა საჭირო. შემადგენლობის ხშირი ცვლილების პირობებში კი ეს შეუძლებელია.

ვერ ავითარებს ფეხბურთელებს

ჟოზე ვერ პასუხობს კიდევ ერთ თანამედროვე ტენდენციას - მისი ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, არ პროგრესირებენ. ბოლო 5-10 წელში ფეხბურთელების სატრანსფერო ფასმა ძალიან აიწია. იშვიათი გამონაკლისების გარდა არცერთ გუნდს არ შეუძლია ერთ სატრანსფერო კამპანიაში ახალი გუნდი ააწყოს - ანუ გააკეთოს ის, რაც რომან აბრამოვიჩმა 2003-2004 წლებში გააკეთა. სულ რაღაც 2 წელში გუნდში დროგბა, ლემპარდი, რიკარდო კარვალიუ, დაფი, რობენი და ჯო კოული მიიყვანა. მანჩესტერში ჟოზემ 400 მილიონი დახარჯა და ამ თანხად იმ კლასის მოთამაშეები იყიდა, როგორიც ვიქტორ ლინდელოფი, ლუკაკუ, ერიკ ბაილი და ჰენრიკ მხითარიანი არიან.

ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ, ფრედი, ვიქტორ ლინდელოფი, ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა, ერიკ ბაილი

თანამედრო საფეხბურთო ტენდენცია ახალგაზრდების გუნდურ სისტემაში განვითარებას გულისხმობს. მოურინიო კი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელია - მის ხელში ახალგაზრდა მოთამაშეები იშვიათი გამონაკლისების გარდა რეგრესირებენ. ასე მოხდა ჯესი ლინგარდის, ენტონი მარსიალის, ლუკ შოუს და ლუკაკუს შემთხვევაშიც.

წარუმატებლობების მიუხედავად, ჟოზე გვარდიოლას შემდეგ ამ საუკუნეში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მას ბოლო პერიოდში რთულ გამოწვევებთან გამკლავება მოუხდა - მისი რეალის კონკურენტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბარსელონა იყო, ჩელსისა და მანჩესტერში კი მას ამ კლუბების კრიზისულ პერიოდში მოუწია მუშაობა.

ამის მიუხედავად, ტენდენცია ნათელია - მოძველებულად და არაეფექტურად გამოიყურება ჟოზეს ტაქტიკაც და მისი მენეჯმენტიც. დღეს უკვე ჟოზეს ბევრი დიდი გუნდი იოლად აღარ ენდობა. ყველაზე უკეთესი პორტუგალიელისთვის ის იქნება, რომ გადახედოს თავის სამწვრთნელ მეთოდებს და უფრო მეტად მოერგოს თანამედროვე საფეხბურთო რეალობას. დღეს კი ჟოზე თავისივე წარსული წარმატებების ტყვეა.

კომენტარები

ბოლო ამბები