Thumbnail
  • 32 წლის გოლკიპერის ახალი კლუბის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს
  • ეროვნული ნაკრების მეკარე კლუბშიც ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირთან ერთად იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას სავარაუდოდ ყაზახეთში გააგრძელებს. ადგილობრივი Prosports.kz-ის ინფორმაციით, 32 წლის გოლკიპერი კოსტანაის ტობოლის ღირსებას დაიცავს. კლუბს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 

გიორგი ტობოლში საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებთან, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირთან ერთად ითამაშებს, კლუბს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ჯაბა კანკავა ტობოლში ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება

გიორგი ლორია თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 2014 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც საბერძნეთში გადაბარგდა. მეკარის კარიერა, რომლის მიმართ თავის დროზე მადრიდის რეალი და ლონდონის ჩელსი ინტერესდებოდნენ, საბერძნეთში ისე ვერ აეწყო, როგორც მისგან გულშემატკივარი ელოდა და ამაში თავად ლორიას ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღოდა. ფინანსური პრობლემები ჰქონდა ოფი-ს, რომლის ღირსებას ლორია გიორგი მერებაშვილთან ერთად იცავდა, მწვრთნელად კი ჯენარო გატუზო ჰყავდა. ქართველმა მეკარემ ოფი 2015 წელს დატოვა და ათენის ოლიმპიაკოსში გადავიდა, მაგრამ მოულოდნელად, ბერძნულ გრანდთანაც გამომშვიდობება მოუხდა, რისი მიზეზიც კლუბში შიდა გაურკვევლობა იყო.  

საბოლოოდ საქართველოს ნაკრების მეკარე რუსულ კრილია სოვეტოვში აღმოჩნდა. ლორიას კარიერა დიდად წარმატებული არც რუსეთში გამოვიდა - სამარის კლუბი პრემიერლიგიდან გავარდა, გიორგი კი 2017/18 წლების სეზონი კრილიადან მახაჭყალის ანჟიში იჯარით გაატარა. შარშან სამარელებმა გიორგისთან კონტრაქტი გაწყვიტეს და ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი გახდა.

თავის დროზე გიორგიმ ნაკრებში კარგი თამაშით რეალისა და ჩელსის ყურადღებაც მიიპყრო 

რაც შეეხება ლორიას შესაძლო ახალ კლუბს, კოსტანაის ტობოლმა ყაზახეთის 2018 წლის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ ზაფხულს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რუსთავის ყოფილი თავკაცი ვლადიმირ გაზაევი. ტობოლი პირველ შეკრებას თურქეთში, ანტალიაში გადის, სადაც 21 იანვრამდე დაჰყოფს და სამ სპარინგ-მატჩს გამართავს.  

გიორგი ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავს და მისი მაისურით 41 მატჩში უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები