Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
  • ბენჟამენ პავარი რეკორდმაისტერში შტუტგარტიდან გადავა
  • შვაბები 35 მილიონ ევროს მიიღებენ
  • ფრანგი ბავარიულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს აფორმებს

რაც მოსალოდნელი იყო, ახლა უკვე გადაწყვეტილი და ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: მსოფლიოს ჩემპიონი ბენჟამენ პავარი შტუტგარტიდან მიუნხენის ბაიერნში მიდის. ფრანგი მარჯვენა მცველის ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება, მანამდე კი მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც, ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გარიგება დაადასტურა.

პავარს, რომელსაც შტუტგარტთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, რეკორდმაისტერი 35 მილიონ ევროდ ყიდულობს. მართალია, ფრანგის ფასი გაცილებით მეტია, მაგრამ მის კონტრაქტში 2019 წლის ზაფხულში გამოსასყიდ თანხად სწორედ ამდენი იყო მითითებული. 

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბენჟამენ პავარის ტრანსფერი გადაწყვეტილია. ის 2019 წლის პირველი ივლისიდან შემოგვიერთდება და ბაიერნთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს,” - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა დღეს, ყატარში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც იცით, ბაიერნი სწორედ ყატარში გადის შეკრებას. შეგახსენებთ, რომ 22 წლის პავარი შტუტგარტში 2016 წელს, ფრანგული ლილიდან გადავიდა. საფეხბურთო მსოფლიომ ის მუნდიალზე გაიცნო - განსაკუთრებით კი არგენტინის ნაკრების კარში გატანილი ულამაზესი გოლით.

პავარის გოლი არგენტინის ნაკრების კარში

პრესკონფერენციაზე სალიჰამიჯიჩმა ჩელსის 18 წლის ტალანტ კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებაც ისაუბრა: “ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რომლის გადმობირება მართლაც ძალიან გვინდა. ჰადსონ-ოდოის ზუსტად ის პლუსები აქვს, რაც ბაიერნის თამაშს მოუხდება. დრიბლიორია, სწრაფი და აქვს კარგი საგოლე ალღო.”

გარდა ამისა, “ბრაცომ” კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონის, ლუკა ერნანდესის (22 წლის, ატლეტიკო) შეძენის სურვილიც დაადასტურა: “ლუკაც ძალიან საინტერესო მოთამაშეა. კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით, უნდა ვნახოთ, რა და როგორ არის შესაძლებელი.”

გერმანელმა ჟურნალისტებმა სალიჰამიჯიჩს რიბერის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც “ოქროს სტეიკის” სკანდალში გაეხვა. აი, რა თქვა “ბრაცომ”: “დიდი ალბათობით, ეს რიბერის ბოლო სეზონია ბაიერნში. სკანდალის შესახებ არაფრის თქმა არ მსურს. ბაიერნში ამ ფეხბურთელით ვამაყობთ, მან ჩვენს გუნდში დიდი ერა შექმნა. ზუსტად ისე, როგორც არიენ რობენმა.”

კომენტარები

ბოლო ამბები