Thumbnail

'ტრანსფერს სამედიცინო შემოწმების შემდეგ გამოვაცხადებთ' - ჯანომ გადაწყვიტა?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კრილია ჯანოსთვის ბრძოლას იგებს
  • იჯარა თითქმის გადაწყდა

სამარის კრილია სოვეტოვის დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვი აცხადებს, რომ ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე ამ გუნდის ღირსებას დაიცავს:

"ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, კრილია სოვეტოვის ფეხბურთელი გახდება. საუბარია 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე იჯარაზე. ჩვენმა კლუბმა წარმატებით გამართა მოლაპარაკებები, როგორც ნახევარმცველთან, ისე მოსკოვურ კლუბთან. იჯარის შესახებ ოფიციალურად სამედიცინო შემოწმების შემდეგ გამოცხადდება". 

ჯანოს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი მოსკოვის სპარტაკის მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმაც გააკეთა, რომელსაც ანანიძესთან ერთად, კიდევ ერთი ფეხბურთელის არტიომ ტიმოფეევის იჯარით გაშვება სურს:

“ვაპირებთ, რომ ეს ფეხბურთელები სხვა კლუბებში იჯარით გავუშვათ. მიზანი გასაგებია: მათ მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. ჩვენ კი გავაგრძელებთ მათზე დაკვირვებას იმ იმედით, რომ პროგრესი ექნებათ”.

26 წლის ანანიძე სპარტაკში 2009 წლიდანაა. მან 2018 წლის მარტში ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მუხლის ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა მიიღო, ჯანო შემოდგომით გამოჯანმრთელდა.

სპარტაკმა შეკრება დღეს სამედიცინო შემოწმებით დაიწყო. 16 იანვარს რუსული კლუბი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის. დიდი ალბათობით, ჯანო წამსვლელთა სიაში არ იქნება. ანანიძემ ამ სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, ის სპარტაკს 2021 წლის ივნისამდე ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები