Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები მალტას, აზერბაიჯანს და კვიპროსს დაუპირისპირდება
  • ჯორჯე რაშიჩი ერთადერთ რეალურ კონკურენტად კვიპროსს მიიჩნევს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს 11-13 იანვარს, მალტაში, ევროპის 2022 წლის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სერბი ჯორჯე რაშიჩი უთავკაცებს, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი უკვე იყო 2013-14 წლების სეზონში. მალტაში საქართველოს ეროვნული გუნდი მასპინძელთა ნაკრებს, აზერბაიჯანს და კვიპროსს გაუწევს კონკურენციას.

მაშინ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და შინ სამივე მეტოქე: ფინეთი, თურქეთი და ლიტვა დაამარცხა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ რაშიჩთან ურთიერთობა განაახლა 2018 წლის ოქტომბერში, როდესაც სერბი, გიორგი გვაზავასთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, კოსოვოში.

სწორედ გვაზავა იქნება რაშიჩის თანაშემწე ეროვნულ გუნდში. ნაკრები მალტაში 9 იანვარს მიემგზავრება, იქამდე გუნდი შეკრებაზეა და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ოლიმპიურ სასახლეში. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 32 ნაკრები მონაწილეობს, ტურნირზე კი 20 გუნდი გადის. ჯორჯე რაშიჩი მიიჩნევს, რომ პირველ საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრების ერთადერთი რეალური კონკურენტი კვიპროსი იქნება.

ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები