Thumbnail

ჩოგბურთი და eSports - ავსტრალიის ღია პირველობაზე Fortnite-ს ტურნირი გაიმართება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Summer Smash-ის საპრიზო ფონდი 500,000 აშშ დოლარი იქნება
  • ღონისძიება ორ ნაწილად - ინდივიდუალურ და საქველმოქმედო ტურნირებად იყოფა
  • ავსტრალიის ღია პირველობა eSports ღონისძიებას პირველად მასპინძლობს

პროფესიონალური ჩოგბურთი ელექტრონულ სპორტს დაუმეგობრდა. წლის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიება, ავსტრალიის ღია პირველობა, Fortnite-ს მასშტაბურ ტურნირს - 'Summer Smash'-ს უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 500,000 აშშ დოლარი იქნება.

'Summer Smash' რეალურად ორი ღონისძიებისგან შედგება - პირველზე 100 კიბერ სპორტსმენი ინდივიდუალურად შეეცდება წარმატების მიღწევას, ხოლო მეორე ტურნირს კი საქველმოქმედო ხასიათი აქვს და ერთმანეთს პოპულარული ადამიანები და ცნობილი 'კონტენტის' შემქმნელები დაუპირისპირდებიან. ტურნირი 26 იანვარს აიღებს სტარტს. ჯერ ხუთი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება და თითოეული მათგანიდან ფინალში ოცი საუკეთესო გადაინაცვლებს. თავად დიდი ფინალი 27 იანვარს გაიმართება და მოთამაშეები საუკეთესოს ექვსი მატჩის შემდეგ გამოავლენენ. საქველმოქმედო ღონისძიება ფინალის დასრულებისთანავე დაიწყება. ინდივიდუალური ტურნირის საპრიზო ფონდი 400,000 აშშ დოლარია, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

ტურნირი საინტერესო ფორმატით ჩატარდება -

პირველი ადგილი (Victory Royale) - +3 ქულა

მეორე და მესამე ადგილი - +2 ქულა

მე-4-10 ადგილები - +1 ქულა

3-4 მკვლელობა - +1 ქულა

5-6 მკვლელობა - +2 ქულა

7+ მკვლელობა - + 3 ქულა

საკმაოდ უცნაურია, რომ ინდივიდუალურ ტურნირზე არავის იწვევენ და მონაწილეობას ის 500 ადამიანი მიიღებს, რომლებიც რეგისტრაციის პროცესს პირველები გაივლიან. ღონისძიებაში ჩართვა 16 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს შეუძლია, ვინც ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ცხოვრობს. სათამაშო ეკიპირებას ტურნირი ორგანიზატორები უზრუნველყოფენ და სხვა პერიფერიული მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია.

რეგისტრაცია 9 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები