Thumbnail

უსაინ ბოლტს დორტმუნდში ელოდებიან! ლეგენდარული სპრინტერი მანჩესტერზე ოცნებობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გახდება, თუ არა უსაინ ბოლტი ფეხბურთელი?
  • იამაიკელი ექს-სპრინტერი დორტმუნდში ივარჯიშებს.
  • ბორუსიაში გადაწყდება, უნდა გახდეს თუ არა ბოლტი პროფესიონალი ფეხბურთელი.

ის 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 11-გზის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენია. მიუხედავად ამისა, 31 წლის უსაინ ბოლტს კიდევ ერთი დიდი ოცნება აქვს - მას უნდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს!

ლეგენდარულ იამაიკელ სპრინტერს არაერთხელ უთქვამს, რომ ფეხბურთელობა უნდა, ახლა კი კონკრეტულ გეგმებზე პირველად ისაუბრა: “მარტში, დორტმუნდის ბორუსიაში ვივარჯიშებ და სწორედ მაშინ გადაწყდება, გავხდები თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი. თუ ბორუსიაში მეტყვიან, რომ კარგად ვთამაშობ და ვარჯიში მჭირდება, აუცილებლად გავაგრძელებ!” - განაცხადა ბოლტმა ინგლისური “ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თუ დორტმუნდში მეტყვიან, რომ საკმარისად კარგი ფეხბურთელი ვარ, მაგრად ვივარჯიშებ.

უკი უსაინ ბოლტი დიდ ფეხბურთს მართლაც ითამაშებს, დიდი ალბათობით, სისწრაფის გამო, ან გარემარბი უნდა იყოს, ანაც თავდამსხმელი. ნიშნავს თუ არა, დორტმუნდის ბორუსიაში ვარჯიში იმას, რომ ბოლტი სწორედ გერმანული კლუბის მოთამაშე იქნება? თავად ბოლტი არ მალავს, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს.

“ჩემი უსაყვარლესი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედია და სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” თამაშზე ვოცნებობ. თუ დორტმუნდში მეტყვიან, რომ საკმარისად კარგი ფეხბურთელი ვარ, მაგრად ვივარჯიშებ. უკვე ვესაუბრე ალექს ფერგიუსონს და ვთხოვე, რომ იუნაიტედში სიტყვა შემაწიოს. მან მითხრა, რომ თუ ფეხბურთელად ვივარგებ და კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები, დაფიქრდება, რისი გაკეთება შეუძლია,” - აცხადებს ბოლტი.

მარტამდე დიდი დროა და ბოლტი დორტმუნდში ვარჯიშებისთვის მაქსიმალურად მოემზადება. იამაიკელი საკმაოდ თავდაჯერებულია: “მე მართლაც მჯერა, რომ შანსი მაქვს. ფეხბურთს ხშირად ვუყურებ, ვთამაშობ და, რაც მთავარია, ფეხბურთი კარგად მესმის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვარჯიშებზე თავს კარგად წარმოვაჩენ.”

უსაინ ბოლტს დორტმუნდის ბორუსიაში მარტში ელოდებიან...

კომენტარები

ბოლო ამბები