Thumbnail

ლეიკერსის დამარცხება არაფერს ნიშნავს? მინესოტამ მწვრთნელი მოგების მერე მოხსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტომ თიბოდო 3-წლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვეს
  • ოკლაჰომა სიტი შინ უიზარდსთან ისტორიაში პირველად დამარცხდა
  • NBA- რეგულარული სეზონის დღის ლიდერები

მინესოტა ტიმბერვულვზის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან მოხსნა მთავარი მწვრთნელი და კლუბის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი ტომ თიბოდო.

ეს კი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 22 ქულის სხვაობით მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა. გამარჯვების შემდეგ თიბოდოს გაშვების შესახებ თავად მინესოტას CEO-მ ითან კასონმა აუწყა. სეზონის ბოლომდე მინესოტას თიბოდოს ასისტენტი რაიან საუნდერსი გაწვრთნის. საუნდერსი წარსულში მინესოტას ცნობილი თავკაცის, ფლიპ საუნდერსის ვაჟია. 

ტომ თიბოდომ მინესოტაში 3 წელი გაატარა

ამ სეზონში ტიმბერვულვზს 19-21 ბალანსი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. 
როგორც ექსპერტები ამბობენ, თიბოდოს დღეები მას შემდეგ იყო დათვლილი, რაც მან ვერ შეინარჩუნა გუნდის ლიდერი ჯიმ ბატლერი და ვერ აიძულა კონტრაქტის ბოლო წელი გუნდში გაეტარებინა. ბატლერი ფილადელფიაში რობერტ კოვინგტონში და დარიო შარიჩში გაცვალეს.

უსუსური ლეიკერსი

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს - ლეიკერსს სამი მოწინავე კალათბურთელის არყოფნაში შანსი არ ჰქონია. ლუკ უოლტონს განსაკუთრებით, რა თქმა უნდა ტრავმირებული ლებრონ ჯეიმსი დააკლდა. პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ მინესოტა მოიგებდა, რომელიც უმალ 20:3 დაწინაურდა.

ტიმბერვულვზს კარლ-ენტონი ტაუნსის (28 ქულა, 18 მოხსნა) და ენდრიუ ვიგინსის (28 ქულა) კარგმა თამაშმა მოაგებინა. სხვათა შორის, ამ ორ ვარსკვლავთან უთანხმოების გამო წავიდა გუნდიდან ბატლერი. საბოლოოდ მინესოტამ 108:86 გაიმარჯვა.

პირველად ისტორიაში

ოკლაჰომა ვაშინგტონთან მშობლიურ არენაზე პირველად დამარცხდა

ვაშინგტონმა ოკლაჰომა სიტის სტუმრად 116:98 მოუგო. ამ მოგებით გუნდმა პლეი ოფში მოხვედრის შანსები გაიმყარა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ვაშინგტონმა ისტორიაში პირველად დაამარცხა სტუმრად ოკლაჰომა. ამისთვის დედაქალაქელებს 10 ცდა დასჭირდათ. ახლა მხოლოდ ფილადელფია რჩება NBA-ში ერთადერთ კლუბად, რომელსაც "ჩესაპიკ ენერჯი არენაზე" არ მოუგია. 

კემბას აფეთქება

კემბა უოკერმა ბოლო 4.5 წუთში 18 ქულა ჩააგდო

კემბა უოკერს, თითქოს, მშვიდი თამაში ჰქონდა ფინიქს სანსთან, 43 წუთის განმავლობაში ოლსტარელ მცველს მხოლოდ 11 ქულა ჰქონდა, თუმცა ბოლო 4.5 წუთში მან მეტოქეს 18 ქულა ჩაუგდო და შარლოტს 119:113 მოაგებინა. გუნდის ბოლო 14 ქულა მის ანგარიშზე იყო.

დღის ლიდერები

ქულა: კემბა უოკერი (შარლოტი) - 29

მოხსნა: ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო) - 24

პასი: რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) - 13

3-ქულიანი: დ'ანჯელო რასელი (ბრუკლინი) - 6

ჩაჭრა: ტიუს ჯონსი (მინესოტა) - 4

ბლოკი: კარლ-ენტონი ტაუნსი (მინესოტა) & კაილ ო'ქვინი (ინდიანა) - 4

კომენტარები

ბოლო ამბები