Thumbnail

ექსკლუზიურად მობილურებზე - ანუ როგორ გახდა Clash Royale წარმატებული eSports

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Clash Royale ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული 'მობილური' eSports-ია
  • 2018 წელს Clash Royale League შეიქმნა
  • ვარაუდობენ, რომ თამაში მობილური 'გეიმინგის' სახე გახდება

მობილურ ტელეფონზე 'გეიმინგის' მოყვარულთა უმეტესობამ კარგად იცის Supercell-ის თამაში - Clash of Clans, რომელიც დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ აღნიშნული თამაშის პერსონაჟებზეა დამყარებული Clash Royale. 2016 წლის შემდეგ Royale-მა შემოსავლის სახით ორ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო და თამაშს როგორც Android-ზე, ასევე IOS-ზე უამრავი მიმდევარი ჰყავს.

2018 წელს კი Clash Royale League-ც შეიქმნა და თამაში უკვე ოფიციალურად ჩაეწერა ელექტრონული სპორტების სიაში. ტურნირებზე მონაწილეობა ხუთი რეგიონის 40-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო და საპრიზო თანხა ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

2019 წლის ტრენდებზე საუბრისას ვახსენეთ, რომ მობილური eSports-ის პოპულარობა საგრძნობლად მოიმატებს და ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ Supercell და მათი თამაში Clash Royale-ა.

რა არის Clash Royale?

Clash Royale ექსკლუზიურად მობილური ტელეფონებისთვის და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშია. ის ფინურმა კომპანიამ 2016 წლის მარტში გამოუშვა.

Clash Royale-ში თითოეული მოთამაშე დაპირისპირების დაწყებამდე ირჩევს რვა კარტს (82 შესაძლოდან). კარტების სამი ტიპი არსებობს - ჯარისკაცი, ჯადოქრობა და შენობა. კარტები იმის მიხედვითაც იყოფა, თუ რამდენად იშვიათია - სტანდარტული, იშვიათი, ეპიკური და ლეგენდარული. თითოეული მატჩის მთავარი მიზანი მეტოქის მეფის კოშკის დანგრევაა.

ამისთვის, მოთამაშეები კარტებს იყენებენ, რომლებიც სათამაშო ველში პერსონაჟს, შენობას ან 'ჯადოს' (Spell) განათავსებენ, რომლებიც შეხვედრის დასრულებამდე, ან საკუთარ სიკვდილამდე დამოუკიდებლად იბრძვიან. მოთამაშეებს კარტების როგორც შეტევისთვის, ასევე თავდაცვისთვის გამოყენება უწევთ. თუკი სამ წუთში ვერც ერთი მათგანი ვერ მოახერხებს მეტოქის მეფის კოშკის დანგრევას, შეხვედრას ის იგებს, რომელმაც მეტი კოშკი დაანგრია. თუკი მოთამაშეები აქაც თანაბრად არიან, იწყება 'ოვერტაიმი', სადაც მოწინააღმდეგის პირველივე კოშკის დანგრევა გამარჯვების ტოლფასია. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა აქაც ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა, ფრე ფიქსირდება. 

Clash Royale-ს ძირითადად ერთი ერთზე თამაშობენ, თუმცა მას ასევე აქვს ორი ორზე თამაშის რეჟიმიც.

რა არის Clash Royale League?

2016 წელს ჩატარებული მცირე მასშტაბების ღონისძიებების შემდეგ, Supercell-მა 2017-ში უკვე საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირები გამართა, მაგრამ ოფიციალური ლიგა მხოლოდ 2018-ში ჩამოყალიბდა. პირველ ეტაპზე მხოლოდ აზიის რეგიონი აქტიურობდა, თუმცა ჩრდილო ამერიკა, ევროპა და სამხრეთ ამერიკა მალევე ჩაერთვნენ საქმეში. თითოეულ რეგიონში წლის მანძილზე რვა გუნდმა იასპარეზა.

რეგულარული სეზონი აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი ტოკიოში, გასული წლის დეკემბერში შედგა. უცნაურია, რომ ფინალში გამარჯვებულს თანხა არ მიუღია, რადგან საპრიზო ფონდი (მილიონი აშშ დოლარი) სეზონის და პლეიოფების მანძილზე გათამაშდა.

Immortals გამარჯვებას ზეიმობს

რატომ არის Clash Royale უნიკალური eSports სახეობა?

მობილური ტელეფონები უკვე იმდენად განვითარებულია, რომ ამ პლატფორმაზე არაერთი პოპულარული თამაში და ელექტრონული სპორტი არსებობს (თუნდაც PUBG Mobile), მაგრამ Clash Royale ყველასგან განსხვავებულია.

Vainglory-სგან, Arena of Valor და სხვა თამაშებისგან განსხვავებით, Clash Royal-ს ორიგინალური შინაარსი აქვს. ეს არის თამაში, რომელსაც პერსონალურ კომპიუტერზე ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ამიტომ წარმოადგენს ექსკლუზიურად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილ ელექტრონული სპორტის სახეობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ Royale არ არის კომპიუტერული თამაშის 'გამარტივებული' ვარიაცია, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია.

Clash Royale-ს შეხვედრების ხილვა Twitch-ის ნაცვლად YouTube-ზეა შესაძლებელი და Supercell ამ პლატფორმას შესანიშნავად იყენებს. ვინაიდან Royale-ს მობილურ ტელეფონზე თამაშობენ, ტურნირების საყურებლად ენთუზიასტები ძირითადად ამ საშუალებას იყენებენ და თამაშის პოპულარობა თვიდან თვემდე იმატებს.

კომენტარები

ბოლო ამბები