Thumbnail

შევჩენკო: 'სუპერთასზე მილანს იუვენტუსის დამარცხება შეუძლია'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანდრეი შევჩენკომ იტალიის სუპერთასსა და მილანის გეგმებზე ისაუბრა
  • უკრაინელს სჯერა, რომ გატუზოს გუნდს ფინალის მოგება შეუძლია

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ 'გაზეტა დელო სპორტთან' იტალიის სუპერთასის ფინალსა და მილანზე ისაუბრა. შევჩენკოს სჯერა, რომ იტალიის სუპერთასის ფინალში მილანს იუვენტუსის დამარცხება შეუძლია.

ანდრეი შევჩენკო: 'იუვენტუსი სერია A-ს უძლიერესი კლუბია. მათი დამარცხება ფინალში ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩია. თუ მილანი კარგად მოემზადება და დეტალებზე ყურადღებას გაამახვილებს, ფინალში გამარჯვება წარმოუდგენელი არ იქნება. მილანს შეუძლია იუვენტუსის დამარცხება.'

შევჩენკომ იტალიურ მედიასთან გონსალო იგუაინზე, ჯენარო გატუზოსა და მილანის იმ პროექტზე ისაუბრა, რომელშიც მისი მეგობრები აქტიურად არიან ჩართულნი. უკრაინელს მიაჩნია, რომ იგუაინზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც არგენტინელი კლუბში ბოლომდე ვერ ათამაშდა, მაგრამ ეს დრო აუცილებლად გაივლის და გონსალოც ძველებურად ითამაშებს. ანდრეი ჯენარო გატუზოს მხარდაჭერას უცხადებს.

ანდრეი შევჩენკო: 'რინო ამ სამუშაოსთვის საჭირო პერსონაა. ლეონარდომ და პაოლო მალდინიმ იციან თუ რა სჭირდება გუნდს. გატუზოსთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ის გუნდს ყველაფერში ეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ კლუბმა ის თანამდებობაზე დატოვა, რადგანაც ის ამას იმსახურებს.'

შევჩენკოს მიაჩნია, რომ კლუბმა სწრაფად უნდა მოახერხოს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, რადგანაც მილანის ადგილი სწორედ იქ არის. შევჩენკო ამბობს, რომ მილანს ძველი დიდების დაბრუნება შეუძლია და ამისთვის დროსთან ერთად მოთმინებაა საჭირო.

იტალიის სუპერთასის ფინალი 16 იანვარს საუდის არაბეთში გაიმართება. მილანი და იუვენტუსი ამ სეზონში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. იტალიის სერია A-ს მატჩში იუვენტუსმა 'როსონერის' 2:0 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები