Thumbnail

‘არის შანსი, რომ მომკლან!’ - NBA-ს ვარსკვლავი ლონდონში ვერ მიდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიუ იორკ ნიქსის ცენტრი ლონდონში გამგზავრებაზე უარს ამბობს
  • ენეს კანტერი შიშობს, რომ მოკლავენ
  • შიშის მიზეზი ერდოღანის კრიტიკაა

ნიუ იორკ ნიქსისა და ვაშინგტონ უიზარდსის შეხვედრაში, რომელიც ლონდონში 17 იანვარს გაიმართება, ნიუ იორკელტა ვარსკვლავი ენეს კანტერი მონაწილეობას არ მიიღებს. 26 წლის ცენტრმა ინგლისის დედაქალაქში გამგზავრებაზე უარი თქვა, რადგან როგორც ამბობს, “არის შანსი, რომ მოკლან”, რის გამოც აშშ-ისა და კანადის საზღვრებს გარეთ გასვლა არ სურს.

კანტერმა ახლო წარსულში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სასტიკად გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას თურქეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. შარშან, თურქეთში კანტერის მამა, მეჰმეთი ტერორისტულ გაერთიანებასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, რასაც კალათბურთელი აბსურდს უწოდებს.

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დაწყევლილი, გიჟი პრეზიდენტის გამო ლონდონში გამგზავრება არ შემიძლია, - განაცხადა კანტერმა, - ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი უკვე ჩემს კარიერასაც შეეხო. ამ დიქტატორის გამო კალათბურთი ვერ უნდა ვითამაშო და ჩემს გუნდს ვერ უნდა დავეხმარო. ეს ძალიან სამწუხაროა.”

კანტერის სტატისტიკა ამ სეზონში: 14,4 ქულა და 10,6 მოხსნა საშუალოდ ერთ მატჩში

ნიუ იორკ ნიქსის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა ამისა, ენეს კანტერს სავიზო პრობლემებიც შეექმნებოდა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ცენტრი საშუალოდ ერთ მატჩში 14,4 ქულას და 10,6 მოხსნას აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიქსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კალათბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები