Thumbnail
  • მეტ ჯენინგი - 30 წუთი, 10 ქულა
  • ბითაძის სუპერსტატისტიკა ტურში

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-16 ტურში ბასკონია ფენერბაჰჩეს ესტუმრა და 87:96 დამარცხდა. თორნიკე შენგელიას მუხლის მძიმე ტრავმის გამო 3 თვის გამოტოვება მოუწევს, ტრავმირებული ლიდერისა და კაპიტნის გარეშე კი ესპანურმა გუნდმა კიდევ მაგრად იბრძოლა რეგულარული სეზონის ლიდერთან. 

საქართველოს ნაკრების მსროლელმა მეტ ჯენინგმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 29:27 წუთი გაატარა. ჯენინგმა ამ დროში გუნდს 10 ქულა მოუტანა, თან ისე, რომ 2-ქულიანი არ ჩაუგდია (სულ ერთხელ ესროლა). სამქულიანის ხაზის გარედან მეტმა 8-ჯერ ისროლა და 3-ჯერ ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც დაუმატა. მის ანგარიშზეა ასევე 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა. ჯენინგის მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 7 იყო. 

"რა მაგარი თამაში იყო, მაგრად იბრძოლეთ ბიჭებო! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, როგორც ყოველთვის", - დაწერა თორნიკე შენგელიამ ტვიტერზე. 

ველიმირ პერასოვიჩი (ბასკონიას მწვრთნელი): "სხვა გუნდს დღეს აუცილებლად მოვუგებდით ისე კარგად ვითამაშეთ. თუკი ბაზარზე ვნახავთ ვინმეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიას შემცვლელს შევიძენთ". 

ბასკონია 16-დან 7 მოგებით მე-10 ადგილზეა და პლეი ოფის ზონას 1 მოგება აშორებს, თუმცა, თითქმის, სეზონის ბოლომდე მას თორნიკე შენგელია არ ეყოლება, ეს კი ბასკების შანსს ამცირებს. გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი 3 მოგებით მე-15 ადგილზეა.

ბითაძე - MVP ვერა, მაგრამ...

ბითაძის სამი დაფარება მილანთან ტურის საუკეთესო შედეგია

გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა მორიგი მარცხი წინა დღით მილანში იგემა, თუმცა თავად ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალედ ითამაშა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (31) ტურის პირველი დღის შემდეგ (აიონთან ერთად) საუკეთესო იყო. თუმცა ტურის MVP გოგა ვერ გახდება - ოლიმპიაკოსის სერბმა ცენტრმა ნიკოლა მილუტინოვმა პანათინაიკოსთან საოცრებები აკეთა - 18-18 ქულა და მოხსნა და მან მარგი ქმედების კოეფიციენტიც მაღალი დააგროვა - 41. 

გოგა ტურის ლიდერი იყო ქულებში (როლთან და დაგლასთან ერთად) - 23. 

ასევე ტურის ლიდერი იყო ის დაფარებებშიც (გუდაიტისთან და უაიტთან ერთად) - 3.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს გოგას მხოლოდ მეორე მატჩი იყო კარიერაში ევროპის საუკეთესო საკალათბურთო ტურნირში. 

კომენტარები

ბოლო ამბები