Thumbnail
  • ბენჟამენ პავარის ბაიერნში გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო
  • მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება ბარსელონასაც სურს

მუნდიალის შემდეგ შტუტგარტის მარჯვენა მცველ ბენჟამენ პავარზე დიდი მოთხოვნაა. მსოფლიოს ჩემპიონის მიუნხენის ბაიერნში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო (ყოველ შემთხვევაში, ამას წერდა გერმანული მედია), მაგრამ ახლა ირკვევა, რომ 22 წლის პავარისთვის ბრძოლაში ბარსელონაც ჩაერთო.

როგორც ტრანსფერების იტალიელი ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო წერს, კატალონიური გრანდის ბოსები ფრანგი მცველის მრჩეველსა და ადვოკატს შეხვდნენ და ტრანსფერის ზაფხულში განხორციელებაზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ პავარის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ სეზონის დასრულების შემდეგ მას შტუტგარტიდან წასვლა 35 მილიონ ევროდ შეუძლია.

ბენჟამენ პავარი მუნდიალის ერთ-ერთი გმირია

ბარსელონას ხელმძღვანელებისა და ფეხბურთელის აგენტის შეხვედრა არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. მეტიც, Sky-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები არ გამართულა და პავარს ბაიერნში სურს გადასვლა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი შესაძლოა იანვარშივე განხორციელდეს, თუმცა შტუტგარტი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან გუნდი პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და საუკეთესო ფეხბურთელის გაშვება არ აწყობს.

ბენჟამენ პავარი შტუტგარტში 2016 წელს, ლილიდან გადავიდა. მას მერე მან შვაბთა შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა. ფრანგს შტუტგარტთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები