Thumbnail

ერიკსენისგან ბევრს ისწავლის - ბრიტანული მედია ჩაკვეტაძის შანსებზე ტოტენჰემში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ტოტენჰემს, ბორნმუთსა და შახტარს დაუკავშირეს.
  • ბელგიური მედიის ხმები ბრიტანულმა მედიამაც აიტაცა.
  • გამოხმაურებები ძირითადად დადებითია.

HITC

ბრიტანულმა hitc.com-მა გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერს ტოტენჰემში სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ჯორჯ ბერდი ამტკიცებს, რომ ჩაკვეტაძე სწორედ საუკეთესო ასაკშია იმისთვის, რომ ლონდონურ კლუბში კარიერის აწყობა სცადოს.

BREAKING: გიორგი ჩაკვეტაძეში ტოტენჰემი და ბორნმუთი 6 მილიონ ევროს იხდიან?!

"ტოტენჰემი 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერთან დააკავშირეს. ცენტრალური ნახევარმცველი და მარცხენა ვინგერი HLN-ის ინფორმაციით, ასევე ბორნმუთს აინტერესებს. 

ჩაკვეტაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, იგი გენტში თბილისის დინამოდან გადავიდა. თუმცა ახალგაზრდამ ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა გენტის პირველ გუნდში.

გასულ სეზონში ჩაკვეტაძემ თავისი ტალანტი უკვე კარგად წარმოაჩინ, როცა დინამოში თამაშისას 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

ჩაკვეტაძე ნამდვილი ტალანტია, მაგრამ ცხადია, რომ მას ტოტენჰემში ცდა მოუწევს, თუკი მართლა გადავა ინგლისურ კლუბში.

მიუხედავად ამისა, მას მხოლოდ წაადგება ისეთი ნიჭიერი ვარსკვლავების გვერდით ვარჯიში, როგორიც კრისტიან ერიკსენია. 

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, დიდი შანსია, მან არგენტინელი ხუან ფოიტის გზა გაიმეოროს. ცენტრალური მცველი პრემიერლიგის მატჩებში სათადარიგოთა სკამზე ზის, მაგრამ თამაშობს თასების მატჩებზე.

ჩაკვეტაძე ახლა განვითარების ისეთ ეტაპზეა, როცა ყველაფრის სწრაფად სწავლა შეუძლია "დიდი" ფეხბურთელებისგან. მისი ჩართვა უკვე შესაძლებელია ტოტენჰემის მთავარ გუნდში, შემდეგში კი იმედია, ის თავის კვალს დატოვებს იქ."

FutnSoccer

"ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა ტოტენჰემს სულ რაღაც 5 მილიონ ფუნტად შეუძლია. 6 თვის წინ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ჩაკვეტაძე გენტში გადავიდა. ბელგიურმა კლუბმა მაშინ ბაიერნსა და ლევერკუზენს აჯობა. 

დიდი ალბათობით, თუ "დეზები" აიყვანენ ქართველს, მას თავიდან 23-წლამდელთა გუნდში უფრო ათამაშებენ, ვიდრე მთავარში. სხვა საქმეა, რას არჩევს თავად ფეხბურთელი - ტოტენჰემის სარეზერვო გუნდს თუ გენტის მთავარს."

90min.com

"ტოტენჰემს იანვარში ჯერ არავინ აუყვანია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველ ტალანტ გიორგი ჩაკვეტაძეში კლუბის ხელმძღვანელობა მომავლის ვარსკვლავს ხედავს. მაურისიო პოჩეტინოს ახალგაზრდებთან კარგად მუშაობის რეპუტაცია აქვს.

ასე რომ, "დეზების" ფანები ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილნი ქართველის პოტენციალზე."

გიორგი ჩაკვეტაძე გენტში ზაფხულში გადავიდა

ჰუფნაგელს ვერ შეხვდა

ამასობაში გენტი სეზონის განახლებისთვის ესპანურ ოლივაში ემზადება, სადაც 9 იანვარს II ბუნდესლიგის ნიურნბერგს დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო.

სხვათა შორის, გერმანელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი იყო. 

აი, ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია. ის მესამე დღეა, რაც გუნდს შეუერთდა და 2 სხვა თანაგუნდელთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები