Thumbnail
  • NBA-ს ტოპ-მატჩში ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტი სტუმრად 135:134 დაამარცხა
  • როკეტსის გამარჯვება ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა
  • ჰიუსტონელთა სუპერვარსკვლავმა სამმაგი დუბლი შეასრულა

ჯეიმს ჰარდენის ბრწყინვალე ტყორცნამ ჰიუსტონს უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა!

გოლდენ სტეიტთან დრამატული დუელი როკეტსმა სწორედ თავისი ლიდერის შესანიშნავი სამქულიანით მოიგო. ოვერტაიმის დასრულებამდე 2,7 წამი იყო დარჩენილი, როცა 29 წლის ჰარდენმა ჰიუსტონი შეუდარებელი სამიანით წინ გაიყვანა. კევინ დურანტმა მოასწრო და თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ უშედეგოდ - უორიორსმა ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ისევ წააგო, ჰიუსტონის მოგებათა სერია კი უკვე 6-მატჩიანია.

📺 ჰარდენის გადამწყვეტი ტყორცნა

არადა, საკმაოდ დიდხანს ისე ჩანდა, რომ მოქმედი ჩემპიონი ამ თამაშსაც მოიგებდა. დიდ შესვენებაზე გოლდენ სტეიტს 17-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მესამე მეოთხედიდან ჰიუსტონელები ძალიან მაგრად ათამაშდნენ და უორიორსს უახლოვდებოდნენ. ამ პერიოდში ჰიუსტონმა 11 ქულით მეტი ჩააგდო.

35 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა - ასეთია სტეფ კარის მონაგარი

ძირითადი დროის დასრულებამდე 51 წამით ადრე, ისევ და ისევ ჰარდენი იყო ის კაცი, ვინც ანგარიში სამქულიანით გაათანაბრა, ტაბლოზე 119:119 დააფიქსირა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. მერე, სირენამდე 23 წამი იყო დარჩენილი, როცა სტეფ კარიმ შესანიშნავი ტყორცნით უორიორსი დააწინაურა და “ორაკლ არენაზე” შეკრებილმა ქომაგებმაც იფიქრეს, რომ მატჩის ბედი ამით გადაწყდა. მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დადგა ჰარდენის დიდი მომენტი - როკეტსის სუპერვარსკვლავმა გოლდენ სტეიტს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო.

📺 კიდევ ერთხელ

ჰარდენი უბრალოდ შეუდარებელ ფორმაშია. 44 ქულა, 10 მოხსნა და 15 პასი იმას ნიშნავს, რომ მან ამ სეზონში უკვე მეხუთედ შეასრულა სამმაგი დუბლი. ამას კლინტ კაპელას 29 ქულა და 21 მოხსნა დაემატა. გოლდენ სტეიტიდან კარიმ 35 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონისა და კევინ დურანტის ანგარიშზე კი 26-26 ქულაა.

ამ წაგების შემდეგ, გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილამდე ჩამოქვეითდა (ლიდერი დენვერია, მეორეზე - ოკლაჰომა), ჰიუსტონი კი უკვე მე-4 ადგილზეა.

📺 ჰარდენის შესანიშნავი თამაში გოლდენ სტეიტთან

კომენტარები

ბოლო ამბები