Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში რუბლევსაც მოუგო - წინ ჯოკოვიჩია!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ყატარის ღია პირველობაზე ანდრეი რუბლევს სძლია
  • 26 წლის ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ზედმეტი დაძაბვის გარეშე აჯობა
  • დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობაზე, რომლის საპრიზო ფონდი 1 313 215 აშშ დოლარია, მეორე შეხვედრაც მოიგო და კარიერაში პირველად, ATP-ის სერიის ამ ტურნირის მესამე წრეში გააღწია. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა (21) დოჰაში რუს ანდრეი რუბლევს (68) ორ სეტში, ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოუგო - 6:3, 6:4 და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც უკვე მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

ნიკა ანდრეი რუბლევს კარიერაში პირველად დაუპირისპირდა. დოჰას ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ ბასილაშვილს მოსკოველი მეტოქის დასამარცხებლად საათზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა. ბასილაშვილის ანგარიშზე 8 ეისი, 8 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკ-პოინტი იყო. რუბლევმა 6 ეისი მოაწოდა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა და 4-იდან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ალბერტ რამოსი (ესპანეთი, 65) საათსა და 40 წუთში დაამარცხა - 6:1, 1:6, 6:1. 

ჯოკოვიჩი ყატარში ადგილობრივ ტრადიციებსაც სიამოვნებით ეცნობა 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირის 1/8-ფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს სამ სეტში მოუგო -  4:6, 6:4, 6:1. შეხვედრამ ორ საათს გასტანა. სერბი და ქართველი ჩოგბურთელის 1/4-ფინალური დაპირისპირება კი 3 იანვარს, სავარაუდოდ, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება. აქამდე ჯოკოვიჩსა და ბასილაშვილს ერთმანეთის წინააღდეგ ერთხელ უთამაშიათ - 2016 წელს, რომის ტურნირში და მაშინ ორ სეტში სერბმა გაიმარჯვა.

Qatar ExxonMobil Open ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირია. შარშან ბასილაშვილმა მეორე წრეში გააღწია, წლეულს მან ეს შედეგი უკვე გააუმჯობესა. 

ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილმა 1 820-მდე გაზარდა ქულათა რაოდენობა და მე-20 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები