Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანი რეალთან შეხვედრაში დაშავდა
  • თოკომ მუხლის მყესები დაიზიანა და 3-4 კვირის განმავლობაში დასვენება მოუწევს

თორნიკე შენგელია ახალ წელს ტრავმით შეხვდა. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ბასკონიას კაპიტანმა რეალის წინააღმდეგ 2018 წლის ბოლოს გამართულ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. 

ACB ლიგის მე-14 ტურში შენგელიას და მეტ ჯენინგის გუნდმა საკუთარ მოედანზე 
"სამეფო კლუბი" მიიღო და ანგარიშით 74:91 დამარცხდა. ჯენინგი სასტარტოში იყო, შენგელია კი - სათადარიგო. 

თოკო ბასკონიას ფანებთან ერთად რეალთან მატჩის წინ

შენგელიამ მოედანზე 15:21 წუთი გაატარა, მარჯვენა მუხლის ტრავმა კი დრიბლინგის დროს, მეტოქესთან კონტაქტის შედეგად მიიღო, ცუდად დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. თოკოს ანგარიშზე ამ დროისთვის 10 ქულა და 5 მოხსნა იყო. 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეორე კალათბურთელს, იმ მატჩში მეტ ჯენინგმა მოედანზე 25:07 წუთი დაჰყო და 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თორნიკე შენგელიას მარჯვება მუხლის მყესები აქვს დაზიანებული, მის მოსაშუშებლად კი 3-4 კვირის განმავლობაში ფიზიოთერაპიის კურსის ჩატარება და სპორტული რელაქსაციის გავლა დასჭირდება. ქართველი კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები კი მოგვიანებით, მომდევნო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.

თოკო 2018 წელს ACB ლიგაში საუკეთესო მექულე იყო.

შენგელიას და ჯენინგის გუნდს 10 მოგება და 4 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის უნიკახასთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

ბასკონია 4 იანვარს ევროლიგაში სტუმრად ფენერბაჰჩესთან ითამაშებს, ACB ლიგაში კი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, სტუმრად მანრესასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები