Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • ზაზა ფაჩულიას ყოფილი და ამჟამინდელი გუნდების შეხვედრაში არ უთამაშია
  • პორტლენდის ბოსნიელი ცენტრი იუსუფ ნურკიჩი NBA-ს ისტორიაში შევიდა
  • კლიპერსი-ფილადელფიას მატჩში ჯიმი ბატლერმა და ეივერი ბრედლიმ იჩხუბეს  
  • კავაი ლეონარდმა იუტა ჯაზს 45 ქულა ჩაუგდო და კარიერის რეკორდი დაამყარა 

აღმოსავლეთის ლიდერმა მილუოკი ბაქსმა (26-10) საკუთარ მოედანზე დეტროიტ პისტონსი (16-19) მიიღო და მეტოქეს დამაჯერებლად - 121:98 სძლია. ზაზა ფაჩულიას მისი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდების დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, რისი მიზეზიც ფეხის ტრავმაა. ბაქსისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მოგებაა, დეტროიტისთვის კი - ზედიზედ მესამე წაგება.

გამარჯვებულთა შორის 25 ქულით ბრუკ ლოპესი გამოირჩა, დეტროიტში კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ფორვარდ ბლეიკ გრიფინს (29 ქულა, 9 მოხსნა). 

მილუოკი აღმოსავლეთს ლიდერობს, დეტროიტი კი ამავე კონფერენციაში მერვე ადგილზეა. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად მემფის გრიზლისთან ჩაატარებს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა ტორონტო რეპტორსმა საკუთარ არენაზე იუტა ჯაზი მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 122:116 სძლია. მასპინლებმა გამორჩეულად კარგად მესამე მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

შეხვედრის მთავარი გმირი რეპტორსის ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 45 ქულა მიითვალა. მის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა და პასია. თამაშის შემდეგ კალათბურთელმა აღიარა, რომ არ იცოდა, თუ NBA-ში თავისი კარიერის რეკორდს ამყარებდა.

"საფინალო სირენის დრო რომ მოახლოვდა, ვეჭვობდი, რომ კარიერულ რეკორდზე მივდიოდი, მაგრამ ამის შესახებ დაზუსტებით უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ შევიტყვე. ვცდილობდი, ბოლომდე ყველაფერი გამეკეთებინა და მაქსიმუმი გამეღო. პირად სტატისტიკაზე ნაკლებად ვფიქრობდი და ვცდილობდი, გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი", - აღნიშნა თამაშის შემდეგ კავაი ლეონარდმა. 

გამარჯვებულთა შორის 28 ქულა და 10 პასი ჰქონდა პასკალ სიაკამს, იუტა ჯაზში კი ჯეი კრაუდერი გამოირა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა.

ამ მოგების წყალობით ტორონტო (39 მატჩი, 28-11) სატურნირო ცხრილის ლიდერ მილუოკისთან ბრძოლას აგრძელებს. 

ფილადელფია სიქსერსმა სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსი ანგარიშით 119:113 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი მის ცენტრს ჯოელ ემბიდს მიუძღვის (28 ქულა, 19 მოხსნა). მასპინძელთა რიგებში 22 ქულით კი ლუ უილიამსი გამოირა.
 
ამ შეხვედრაში სტუმართა და მასპინძელთა მცველებმა, ჯიმი ბატლერმა და ეივერი ბრედლიმ იჩხუბეს. კალათბურთელები მეოთხე მეოთხედში წაეკიდნენ ერთმანეთს და ამის გამო მოედნიდან გააძევეს. 

სიქსერსი (23-14) აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ლოს ანჯელეს კლიპერსი (21-15) მე-4 ადგილს დასავლეთში იკავებს.

პორტლენდის ცენტრმა იუსუფ ნურკიჩმა საკრამენტო კინგსთან 24 ქულა, 23 მოხსნა, 7 პასი, 5-5 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. ნურკიჩი ლიგის ისტორიაში მე-14 მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში, ხუთი ძირითადი სტატისტიკური კატეგორიიდან თითოეულში, სულ ცოტა, ხუთი პუნქტი დააფიქსირა. ამასთან, ამ კატეგორიაში 24 წლის ბოსნიელი საუკეთესოა 20-ზე მეტი ქულითა და მოხსნით.

პორტლენდმა სტუმრად საკრამენტოს ოვერტაიმში 113:108 მოუგო და 38 მატჩში 22 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. საკრამენტო (19-18) ამავე კონფერენციაში მეცხრე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები