Thumbnail

ნამდვილი რონალდო და კვალიარელა - იუვემ წელიწადი მოგებითა და რეკორდით დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსი 2:1 სამპდორია
  • კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და ლიგის მთავარი ბომბარდირია
  • ფაბიო კვალიარელამ ყოფილ კლუბს გაუტანა და ტრეზეგეს მიღწევა გაიმეორა
  • ტურინულმა გრანდმა იტალიის ჩემპიონატში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

ტურინის იუვენტუსმა წელიწადი გამარჯვებით და რეკორდით დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ს მე-19 ტურის სასტარტო შეხვედრაში გენუის სამპდორიას უმასპინძლა და კრიშტიანო რონალდოს დუბლის წყალობით სძლია.

ტურინულმა გუნდმა წელიწადი ფენომენალური შედეგით დაასრულა

თამაშის წინ გენუელთა მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო ამბობდა, ჩვენ ჩვენი რონალდო გვყავსო. არ ხუმრობდა მარკო - ფაბიო კვალიარელა "ბლუჩერკიატისთვის" იმაზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არაა, ვიდრე კრიშტიანოა იუვენტუსისთვის. 

"ალიანც იუვენტუსზე" გამართული შეხვედრის 33-ე წუთზე სტუმრებმა გათანაბრება სწორედ კვალიარელას ზუსტი 11-მეტრიანით მოახერხეს. მანამდე კი თავის საჯარიმოში ხელით ემრე ჯანმა ითამაშა და არბიტრმაც VAR-ის გამოყენების შემდეგ პენალტის ნიშნულისკენ მიანიშნა. 35 წლის იტალიელ თავდამსხმელს კი აშკარად მეორე სუნთქვა აქვს გახსნილი. მან სერია A-ს ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში გაიტანა, ჯამში კი 18 მატჩში 12 გოლს ითვლის. 

⚽ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 9 მატჩში გატანა უკანასკნელად 2005 წელს, იუვენტუსის ფრანგმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ მოახერხა, ამ მხრივ რეკორდი კი გაბრიელ ბატისტუტას ეკუთვნის. ფიორენტინას არგენტინელმა ფორვარდმა 1994 წელს თავის გამოჩენა ზედიზედ 11 თამაშში მოახერხა.

ფაბიო კვალიარელამ სამპდორიას ქომაგს იმედი არც "ალიანც იუვენტუსზე" გაუცრუა

რაც შეეხება "ნამდვილ" რონალდოს, კრიშტიანომ ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა. პაულო დიბალას დიაგონალური პასის შემდეგ ბურთი შეტევის მარცხენა ფრთაზე მიიღო, საჯარიმოში შეაღწია, ჩამოიცილა სტუმართა მცველი და მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 

მეორედ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 11-მეტრიანიდან შეაგდო. კუთხურის შემდეგ ბურთი ხელზე დენის პრაეტს მოხვდა და რონალდომაც შანსი გამოიყენა.

⚽ სერია A-ს 19 მატჩში 14 გოლი (4 პენალტიდან) - ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. მასზე ერთი თამაშით და გოლით ნაკლები აქვს ჯენოას პოლონელ ფორვარდ კშიშტოფ პიონტეკს, მესამე კი ფაბიო კვალიარელაა (12 გოლი).

კრიშტიანომ სერია A-ს უკანასკნელ 8 მატჩში გატანა 7-ჯერ მოახერხა

კომპენსირებულ დროში შეხვედრის არბიტრი პაოლო ვალერი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. შეცვლაზე შემოსულმა რიკარდო საპონარამ ბურთი ტურინელთა საჯარიმოში მიიღო და ბრწყინვალე დარტყმითაც შეაგდო პერინის კარის შორეულ კუთხეში, მაგრამ მსაჯმა ისევ VAR-ს უხმო და სანამ რიკარდო წარმატებას მაისურის გახდით აღნიშნავდა, გოლი თამაშგარე მდგომარეობის მიზეზით გააუქმა, ტანზემოთ შიშველი ფეხბურთელი კი ყვითელი ბარათით დასაჯა.

⚽ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონატის პირველი წრე 53 ქულით დაასრულა, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. უწინდელი მიღწევაც იუვენტუსს ეკუთვნოდა, რომელიც 2005/06 და 2013/14 წლების სეზონებში დაფიქსირდა - 52 ქულა პირველ წრეში.

⚽ სამპდორიას კი ცოტა დააკლდა თანაქალაქელი ჯენოას ამასწინდელი მიღწევის გამეორებამდე, რომელმაც მე-9 ტურში იუვეს ქულები "ალიანც იუვენტუსზე" დააკარგვინა (1:1). ჯამპაოლოს გუნდის 6-მატჩიანი წაუგებელი სერია კი შეწყდა, მაგრამ გენუელებისთვის ლიდერთან მარცხი ტრაგედია ნამდვილად არ უნდა იყოს. 

ეს ყველა დროის საუკეთესო იუვენტუსია - ჯერჯერობით ამის თქმის უფლება გვაქვს

იუვენტუსი 2:1 სამპდორია

გოლები: 1:0 რონალდო (2’), 1:1 კვალიარელა (33’ პენ), 2:1 რონალდო (65’ პენ)

იუვენტუსი (4-3-3): პერინი - დი შილიო, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი (82’ დუგლას კოშტა) - დიბალა, მანჯუკიჩი (69’ ბერნარდესკი), რონალდო.

სამპდორია (4-3-1-2): აუდერო - სალა, ფერარი, კოლეი, მურუ - პრაეტი, ეკდალი (82’ იანკტო), ლინეტი - რამირესი (72’ საპონარა) - კაპრარი (67’ დეფრელი), კვალიარელა.

📺 მატჩის მიმოხილვა

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები