Thumbnail

7 წელი მიხაელ შუმახერის ტრაგედიიდან და ახალი შუმი ფორმულა 1-ში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზუსტად 7 წლის წინ, მიხაელ შუმახერი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა
  • ავტოსპორტის ლეგენდამ ტვინისა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები მიიღო
  • ტრაგიკული შემთხვევის ნაცნობი და უცნობი დეტალები

2013 წლის 29 დეკემბერი. საფრანგეთის პატარა სათხილამურო კურორტ მერიბელში მზემ დილის 8 საათსა და 18 წუთზე ამოანათა. თხილამურებით სრიალის ნებისმიერი მოყვარულისთვის ფანჯრიდან გრანდიოზული ხედია: ლურჯი ცა და დაახლოებით 20-სანტიმეტრიანი ახალი თოვლი. ერთი სიტყვით, იდეალური დღე…

მიხაელ შუმახერმა (მაშინ 44 წლის) უკვე ისაუზმა, ახლა კი მეგობრებთან და შვილთან, მიკ შუმახერთან (14) ერთად თხილამურებით სრიალისთვის ემზადება. ხილვადობა კარგია, ამაზე უკეთეს გარემოს ვერცერთი მოთხილამურე ვერ ინატრებს.

შუმახერს მერიბელში საკუთარი ვილა აქვს. ფორმულა 1-ის ცოცხალი ლეგენდა და რეკორდსმენი აქ ძალიან ხშირად დადის, რადგან უსწრაფესი ბოლიდებით რეკორდების დამყარების გარდა, ყველაზე მეტად სწორედ ზამთრის კურორტებზე დასვენება და თხილამურებით სრიალი უყვარს. შუმი შესანიშნავი მოთხილამურეა - ბავშვობიდან სრიალებს. რომ არა ავტოსპორტი, ალბათ სწორედ ამ სპორტის ჩემპიონი იქნებოდა.

ერთ-ერთ მონაკვეთს “Chamois” ჰქვია - ეს საშუალო სირთულის მონაკვეთია. ერთ ადგილზე ეს მონაკვეთი ორად იყოფა. შუაში ქვებიანი ადგილია. ჩვეულებრივ, ეს ადგილი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ქვები თოვლში ღრმადაა ხოლმე ჩაფლული, მაგრამ ამ სეზონში ჯერ ბევრი არ უთოვია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ წინა ღამით მოთოვა და ქვების დიდი ნაწილი არ ჩანს. თუმცა, ერთი შეხედვით, ყველაფერი მაინც ისეა, როგორც თითქმის ყოველთვის. ასეა შუმახერისთვისაც, რომელსაც ამ ადგილზე უთვალავჯერ უსრიალია.

შუმახერს ოფიციალური მონაკვეთიდან აქამდეც ძალიან ბევრჯერ გადაუხვევია - ეს ადგილები ზეპირად იცის. ახლაც ისე სრიალებს, როგორც ყოველთვის, მისთვის კომფორტული სისწრაფით - არც ნელა, არც ძალიან სწრაფად. მოგვიანებით, გამოძიება დაადგენს, რომ მიხაელის საშუალო სისწრაფე 20 კმ/სთ იყო. როგორც ყოველთვის, ოფიციალური გზიდან ამჯერადაც მაქსიმუმ 6 მეტრით გადადის და მერე ისევ ბრუნდება. ეს არის ის, რაც ფორმულა 1-ის ტრასებზე რბოლის შემდეგ ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებს...

11-ს რამდენიმე წუთი აკლდა, როცა ის საშინელება მოხდა.

შუმახერი უხილავ ქვას დაეჯახა, კონტროლი დაკარგა, ჰაერში ავარდა და თავით, დაუმუხრუჭებლად დაეცა მეორე ქვაზე.

ადგილი, სადაც შუმახერი დაეცა. 2013 წლის 29 დეკემბერს ქვები არ ჩანდა - წინა ღამეს ოდნავ მოთოვა 

გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველ (შეჯახების) და მეორე (დაცემის) ქვებს შორის მანძილი 10 მეტრი და 40 სანტიმეტრი იყო. შუმახერი იმდენად მძლავრად დაეცა, რომ მისი ჩაფხუტი გატყდა. ჩაფხუტში ჩამონტაჟებული, უსაფრთხოების GoPro-კამერა ყველაფერს იღებდა და გადაღება დაცემის შემდეგაც გააგრძელა. ამ კამერის კადრები არსად გავრცელებულა - მოგვიანებით ოჯახს გადასცეს.

ფოტო ტრაგედიის შემდეგ არის გადაღებული - ეს მიხაელ შუმახერის სისხლია

ამ ამბიდან ზუსტად 7 წელი გავიდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები, გერმანული გაზეთის, “ბილდის” ჟურნალისტები მერიბელში ჩავიდნენ და ეს ადგილი მოინახულეს. ორ ოფიციალურ მონაკვეთს შორის ეს ადგილი ჯერ კიდევ არსებობს. იქ ახლაც ისეთივე ზამთარია - ნაკლები თოვლით. დღეს, შუმის ტრაგიკული დაცემიდან 7 წლის შემდეგ, ღამით ისევ ცოტათი მოთოვა. უფრო ნაკლებად, ვიდრე მაშინ.

64 წლის ინსტრუქტორი ანდრე გეგონე მაშინაც აქ იყო - შუმახერის დაცემიდან დაახლოებით 30 წუთში მოვიდა ამ ადგილზე. “დღეს ქვები ჩანს. 7 წლის წინ ოდნავ მეტი თოვლი იდო და ეს ქვები არ ჩანდა,” - ამბობს ანდრე.

ინსტრუქტორი ანდრე გერმანელ ჟურნალისტებს უჩვენებს იმ ადგილს, სადაც 6 წლის წინ შუმახერი დაეცა 

ტრასა და მისი მონიშვნა ზუსტად ისეა, როგორც 7 წლის წინ. ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ამ 7 წლის განმავლობაში ამ ადგილზე აღარავინ დაცემულა - არავის არაფერი შემთხვევია.

54 წლის კრისტოფ გერნიონ-ლეკომტი მაშინ აქ ტურიზმის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და გვეუბნება: “მას მერე აქ საკმაოდ ბევრი ჩამოვიდა გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც, რათა ზუსტად ის გზა გაევლოთ, რომელიც იმ დღეს მიხაელ შუმახერმა გაიარა. სპეციალურ ტურებს აწყობდნენ სწორედ ამ ადგილზე, სადაც შუმი დაეცა.”

ტრაგედიის დღეს დავუბრუნდეთ.

დაცემიდან რამდენიმე წუთში შუმახერთან მაშველები მივიდნენ, რომლებიც მიხაელის მეგობრებმა გამოიძახეს. დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ საკმაოდ დიდი ალბათობით, მაშინ აქ გაუგებრობა მოხდა.

როდესაც მაშველები მივიდნენ, შუმახერს გრძნობა და გონება არ ჰქონდა დაკარგული და ცდილობდა, ელაპარაკა. მას მარჯვენა საფეთქელთან სისხლი მოსდიოდა. მერიბელის მაშველებისა და პირველადი დამხმარეების აზრით, ეს ერთი ჩვეულებრივი ტრავმა იყო. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ შუმახერი კომაში მაშინვე იმიტომ არ ჩავარდა, რომ 44 წლის ასაკშიც კი იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იყო.

2013 წლის 29 დეკემბერს გადაღებული ფოტო: ეს ის მომენტია, როცა სამაშველო ვერტმფრენი ტრაგედიის ადგილზე დაჯდა

სამაშველო ვერტმფრენი დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე აფრინდა - შუმი 13 კილომეტრში მდებარე კლინიკისკენ წაიყვანეს. ვერტმფრენში მიხაელის მდგომარეობა გაუარესდა. მაშველები იძულებულები გახდნენ, გზად ერთხელ გაჩერებულიყვნენ - ეს მიხაელის სუნთქვისთვის გახდა აუცილებელი. როგორც კი მუტიეში ჩაფრინდნენ, იქაური კლინიკის ექიმებმა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გრენობლის კლინიკაში გადაყვანა იყო აუცილებელი. მუტიედან გრენობლამდე 71 კილომეტრია. გრენობლის კლინიკა სწორედ თავის ტრავმებზეა სპეციალიზებული.

გრენობლის კლინიკაში შუმახერი 12 საათსა და 40 წუთზე შეიყვანეს. დაცემის ადგილიდან პირდაპირ გრენობლში რომ გადაეფრინათ, მიხაელი 20 წუთში, ანუ, 50 წუთით ადრე მოხვდებოდა იმ ექიმების ხელში, რომლებიც სჭირდებოდა. ასე კი, 50 წუთი დაიკარგა.

ოდნავ მოგვიანებით, კლინიკაში მიხაელის მეუღლე კორინაც (მაშინ 44 წლის) მივიდა. შუმახერის სიცოცხლისთვის ბრძოლა კლინიკის მეხუთე სართულზე დაიწყო. იმავე დღეს ორი ოპერაცია გაუკეთეს, ღამით მესამე - მიხაელი გადარჩა. ფორმულა 1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობის შესახებ პირველი ცნობები 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელდა. შუმიმ თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო. ჰქონდა სისხლდენა და სისხლჩაქცევები ტვინში.

კორინა და მიხაელი მერიბელში ხშირად ისვენებდნენ. მათ იქ საკუთარი ვილა ჰქონდათ

2014 წლის 4 აპრილს შუმახერის ოჯახმა პირველი პოზიტიური ცნობა გაავრცელა - მიხაელს გონზე მოსვლისა და გამოფხიზლების მომენტები აქვსო. მანამდე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ შუმი კომაში იყო. მას მერე, მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები აღარ ვრცელდება. ოჯახი პრესას ამ თემაზე არ ესაუბრება. არავინ არაფერი იცის და ვინც იცის, არაფერს ამბობს. არ გავრცელებულა ფოტოებიც. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსა სხვადასხვა ვებ-გვერდები წერდნენ, სიცრუე, ან უბრალოდ ვარაუდი იყო. არც მიხაელის ფოტო გავრცელებულა. იყო მცდელობები, რომ პაპარაცებს კლინიკაში შეეღწიათ და მიხაელისთვის ფოტოები გადაეღოთ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ოჯახმა მიხაელს მალევე საკუთარ სახლში მოუწყო კლინიკა და მას მერე შუმი პაპარაცებისგან დაცულია.

გამოძიება 2014 წლის 17 თებერვალს დასრულდა. შუმის დაცემაში ბრალი არავის მიუძღვის.

ეს უბრალოდ ძალიან დიდი, დაუჯერებელი უიღბლობა იყო.

ტრაგიკული დაცემიდან 7 წლის შემდეგ, მიხაელ შუმახერის ჩვეულებრივ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება.

მიხაელ შუმახერის ეპოქა  ფორმულა 1-ში 1991 წელს დაიწყო. 30 წლის შემდეგ, ელიტაში ასპარეზობას უკვე მისი შვილი იწყებს. გადაწყვეტილია: 21 წლის მიკ შუმახერი მომავალ სეზონში ჰაასის პილოტი იქნება! უმცროსი შუმის დებიუტი F1-ში 21 მარტს, მელბურნში შედგება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები