Thumbnail
  • 📅 29 დეკემბერი | ⌚ 15:30 | ⚽ იუვენტუსი V სამპდორია
  • სერია A-ს წლის ბოლო ტური სტარტს ტურინში აიღებს
  • ფაბიო კვალიარელა კრიშტიანოს სულ ერთი გოლით ჩამორჩება

იტალიის ჩემპიონატში 2018 წლის დასკვნით, მე-19 ტურს ტურინში გასამართი შეხვედრა გახსნის, სადაც იუვენტუსი გენუის სამპდორიას უმასპინძლებს. ამ თამაშს თამამად შეგვიძლია ტურის ცენტრალური დაპირისპირება ვუწუდოთ, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებისგან ფეხის ზედიზედ მეორედ დაცდენას ნაკლებად ვინმე ელოდება, თუნდაც ბოლო დროს შთამბეჭდავად მოთამაშე გენუელებისგან.

იუვენტუსი

წინა ტურში ალეგრი წაგებისგან, მოედანზე შეცვლაზე შესულმა კრიშტიანომ იხსნა

მართალია, წინა ტურში ატალანტამ მოქმედ ჩემპიონსა და ცხრილის ლიდერს საბოლოოდ მაინც ვერ მოუგო, მაგრამ ჩემპიონატში ტურინელთა მოგებათა რვამატჩიანი სერია მაინც შეწყვიტა. გენუის სამპდორიასთან თამაშს კი იუვენტუსი 50 ქულითა და უახლოეს მდევარ ნაპოლისთან 9-ქულიანი უპირატესობით ხვდება.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ში სხვა მხრივაც საუკეთესოა - გატანილი გოლების სიმრავლითაც (36) და გაშვებული გოლების სიმცირითაც (10). ზემოთ ხსენებული ატალანტა კი ბოლო შვიდ ტურში პირველი გუნდი აღმოჩნდა, შჩესნის კარში გოლი რომ შეაგდო.

სამპდორია

მარკო ჯამპაოლოსთვის კვალიარელა რონალდოცაა და მესიც

გუნუური დერბიდან მოყოლებული, სამპდორიამ ბრწყინვალე ექვსმატჩიანი სერია გამოაცხო - ხუთი მოიგო და კიდევ ერთხელ ფრეს დასჯერდა. შედეგად, "ბლუჩერკიატის" სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია უკავია. როგორც ჩანს, გენუელ ფეხბურთელთა თამაშზე უარყოფითად ვერც მათი კლუბის პრეზიდენტ მასიმო ფერეროსთან დაკავშირებული ამბები მოქმედებს, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

სამპდორიას აღმაფრენა, დიდი ალბათობით, ტურინში დასრულდება. ჯერ ერთი, იუვენტუსი საკუთარ მოედანზე ქულებს ძალიან იშვიათად კარგავს (მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ), მეორეც, "ბლუჩერკიატის" შემადგენლობაშიც პრობლემები აქვს. 

"ხვალინდელ ვარჯიშს ჩვენი ექიმი ჩაატარებს. ჩვენი გუნდის ძალიან ბევრი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ შეფასებელია", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სამდორიას მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ, რომელმაც სხვათა შორის ისიც თქვა, რომ "თავისი რონალდო" მათაც ჰყავთ და ეს ფაბიო კვალიარელაა.

სამპდორიას 35 წლის ვეტერანი თავის დროზე სწორედ იუვენტუსის ღირსებას იცავდა (2010-14 წლებში) 

ტურინის იუვენტუსს დისკვალიფიცირებული პიანიჩი უბრუნდება, სამაგიეროდ, ამავე მიზეზით ბენტანკური დააკლდება, რომელმაც ბერგამოში ატალანტასთან წითელი ბარათი მიიღო. ტრავემი აქვთ ბარძალისა და კანსელოს.
 
ბარათების გამო დანაკლისი სტუმრებსაც აქვთ - "ალიანც იუვენტუსზე" ვერ ითამშებს ძირითადი ცენტრალური მცველი იოაკიმ ანდერსენი, რომელმაც იტალიური ტოპ-კლუბების ყურადღება უკვე დაიმსახურა. ჯამრთელობის პრობლემები კი მცველ ბეშენსკისა და ნახევარმცველ ბერეტოს აქვთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსს იტალიის ჩემპიონატში 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+19=3-0, 44:14).

⚽ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა (+6=1-0, 12:2).

⚽ იუვენტუსმა სამპდორიას ბოლო სამი საშინაო მატჩი ისე მოუგო, რომ თამაშში სულ ცოტა 3 გოლს უტანდა (+3=0-0, 12:1),

⚽ გენუის სამპდორიას სერია A-სა და თასზე ჯამში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+5=2-0, 17:7).

⚽ სამპდორიამ იტალიის ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში ტაიმს ფრედ ასრულებდა, თამაშს კი იგებდა.

⚽ სამპდორიას ბოლო ხუთ გასვლით მატჩში გატანას ორივე გუნდი ახერხებდა (+1=2-2, 10:12).

⚽ ჩემპიონატში გენუელების მიერ გატანილი ბოლო 9 გოლიდან 8 შეხვედრის მეორე ტაიმში დაფიქსირდა.

⚽ ტურინში გამართულ ამ გუნდების ბოლო 8 შეხვედრიდან 5-ში სულ ცოტა 5 გოლი დაფიქსირდა.

⚽ კრიშტიანოს რონალდოს მიმდინარე ჩემპიონატში 12 გოლი აქვს გატანილი, ფაბიო კვალიარელას - 11.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დი შილიო, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ემრე ჯანი, პიანიჩი, ხედირა - დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, რონალდო.

სამპდორია (4-3-1-2): აუდერო - სალა, ტონელი, კოლეი, მურუ - პრაეტი, ეკდალი, ლინეტი - რამირესი - კვალიარელა, კაპრარი.

კომენტარები

ბოლო ამბები