Thumbnail
  • ჰიუსტონმა ბოსტონი 127:113 დაამარცხა
  • როკეტსისთვის ეს ზედიზედ მე-9 საშინაო მოგებაა
  • მატჩის გმირი ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელიც სტუმრებმა ვერ შეაჩერეს

ჯეიმს ჰარდენი ბრწყინვალე ფორმაშია - მის შეჩერებას ვერ ახერხებენ!

მისმა ჰიუსტონმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მერე წინა სეზონის MVP ფორმაში შევიდა და ახლა, 45 ქულით, როკეტსს ბოსტონთან უმნიშვნელოვანესი მატჩი 127:113 მოაგებინა, რაც ჰიუსტონელებისთვს ზედიზედ მე-9 საშინაო გამარჯვებაა.

29 წლის ჰარდენმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში შეძლო მინიმუმ 30 ქულის ჩაგდება, ზედიზედ მე-6 მატჩში 35-ზე მეტი ჩააგდო. ეს არის რიგით მესამე 35+ სერია ბოლო 20 წელიწადში - კობი ბრაიანტისა (13) და ლებრონ ჯეიმსის (9) შემდეგ!

არადა, მატჩის წინ ჰარდენის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ჰიუსტონის ლიდერი წინა შეხვედრაში, ოკლაჰომასთან მსუბუქად დაშავდა. თუმცა, ჯეიმსმა მაინც ითამაშა. სამაგიეროდ, ტექსასელებს კრის პოლი აკლდათ.

სუპერვარსკვლავმა პირველივე წუთებში დაამტკიცა, რომ ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იქნებოდა - პირველივე მეოთხედში მას 17 ქულა და 4 პასი ჰქონდა - ჰარდენმა ამ დროში 5 სამქულიანი ჩააგდო, საერთო ჯამში კი მის აქტივში 9 ზუსტი სამიანია.

მეორე პერიოდის დასაწყისში მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ ჰარდენი სკამზე დატოვა და ამ დროს ბოსტონელებმაც მოუმატეს. ეს განსაკუთრებით კაირი ირვინგზე ითქმის, რომელმაც 23 ქულითა და 11 პასით საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა. მასთან ერთად, მარკუს მორისის (19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი) და ოლ ჰორფორდის (15 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი) დამსახურებაა, რომ სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

მესამე პერიოდის დასაწყისში სელტიკსი დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მერე ისევ ჰარდენის დრო დადგა, რომელმაც უქულო მეორე პერიოდის შემდეგ ისევ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. უშუალოდ მესამე მეოთხედი კი როკეტსმა ოსტინ რივერსის ბაზერბითერით მოიგო და ბოლო მეოთხედს 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

ბოლო მეოთხედში ბოსტონელებს ნამდვილად ჰქონდათ იმის იმედი, რომ თამაშს სათავისოდ შეატრიალებდნენ, მაგრამ ეს იმედები მათ ჰარდენმა დაუსამარა. 19 მოგებითა და 15 მარცხით როკეტსი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, ბოსტონი კი აღმოსავლეთში მეხუთეა.

📺 ჯეიმს ჰარდენის ფანტასტიკური თამაში ბოსტონთან

ლეიკერსი და გოლდენ სტეიტი დამარცხდნენ

ლებრონ ჯეიმსი ტრავმირებულია და ლეიკერსი საკრამენტოსთან ერთი ქულით, 116:117 დამარცხდა. როგორც იცით, 33 წლის ლებრონი გოლდენ სტეიტთან მოგებულ შეხვედრაში დაშავდა და ამერიკული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. ოთხგზის MVP-ს არყოფნაში კაელ კუზმამ (33 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი) და ლონზო ბოლმა (20 ქულა, 12 პასი, ორმაგი დუბლი) ითამაშეს. საკრამენტოდან საუკეთესო ბოგდანოვიჩი იყო 23 ქულით.

კევინ დურანტის სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა

ასევე 1 ქულით, ოღონდ ოვერტაიმში დამარცხდა გოლდენ სტეიტი - მოქმედმა ჩემპიონმა პორტლენდთან 109:110 წააგო. სტეფ კარიმ 29 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა დააგროვა, კევინ დურანტმა სამმაგი დუბლი შეასრულა (26 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა), მაგრამ უორიორსმა ზედიზედ მეორე მარცხი მაინც იწვნია.

კომენტარები

ბოლო ამბები