Thumbnail
  • ქართული რაგბის მთავარი მოვლენები 2018 წელს
  • რაგბი ევროპა, ინგლისური შეკრება, დიდი იმედგაცრუება ტესტებზე...
  • ასაკობრივი ნაკრებების წარმატება და გამარჯვებებით დასრულებული წელიწადი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ძალიან დატვირთული წელი ელოდება. წინ მსოფლიო თასი და უმნიშვნელოვანესი მატჩებია. და როგორი იყო 2018 წელი ქართული რაგბისთვის? ერთად გავიხსენოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპა ძალიან მარტივად მოიგო და ანთიმოზ ივერიელის თასიც დაიბრუნა. გულშემატკივარი უკვე მიეჩვია, რომ ნაკრები ამ დონეს მარტივად უმკლავდება და აქ გამარჯვება პრობლემას არ წარმოადგენს. რა ხდება რაგბი ევროპასა და ანთიმოზ ივერიელის თასს მიღმა - ის ამბები, რომლებიც ქართული რაგბიდან 2018 წელს არ უნდა გამოგრჩენოდათ.

წლის მატჩი

ეს იყო თამაში, რომელსაც მთელი საქართველო წლების მანძილზე მოუთმენლად ელოდა - 2018 წლის მთავარი მოვლენა იტალიასთან გამართული მატჩია. ფლორენციაში ჩასატარებელ შეხვედრაზე უამრავი ქართველი ჩავიდა. მხურვალე ქომაგობამ ეროვნულ ნაკრებს ვერ უშველა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პირველი ლელო დადო, მილტონ ჰეიგის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 17:28 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 'ბორჯღალოსნებსა' და ჰეიგს მატჩამდე ბევრი პრობლემა შეექმნათ. ნაკრების რამდენიმე ლიდერმა ტრავმა მიიღო, თამაშში კი საქართველომ რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რაც მარცხის მიზეზიც გახდა.

ოთარ გიორგაძე: "იტალიასთან ბევრი რამ არ გამოგვივიდა. ჩვენი თამაში ბოლოს ვიპოვეთ, მატჩის ბოლო 15 წუთში ბევრს ვცდილობდით. მატჩის გადარჩენა გაგვიჭირდა. პირველ ტაიმში ყოველთვის გვიჭირს, ვისაც უნდა ვეთამაშებოდეთ. გუნდი შეუთამაშებელი იყო, ამის გამო თამაშიც არ გამოგივიდა."

თედო აბჟანდაძე: "იტალიასთან კარგი მატჩი გამოვიდა. პირველი ლელო ჩვენ დავდეთ. მომენტებში უპირატესობაც გვქონდა, ბურთის შენარჩუნების დროს მეტოქეს პრობლემებსაც ვუქმნიდით. იტალია არ ჩანდა ისეთი გუნდი, რომელთანაც მოგება არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე მათ და სამწუხაროდ, დავმარცხდით."

ნოდარ ჭეიშვილი: "იტალიასთან მართლა შეგვეძლო გამარჯვება. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი იყო, ბურთი წინ დაგვივარდა და რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მოლი და შერკინება ისეთი ვერ გამოდგა, როგორიც შემდგომ მატჩებში. შეთამაშება გვაკლდა. მომავალში, თუ შანსი მოგვეცემა, მათ აუცილებლად დავამარცხებთ. იტალია კლასით მაღალი გუნდია და ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით, გამოიყენეს და მოგვიგეს."

ლევან მაისაშვილი: "ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ეპიზოდში მეტოქის ტემპს ვერ ავყევით. იტალიასთან თამაშს სამწვრთნელო შტაბი, მოთამაშეები, გულშემატკივრები, ყველანი მოუთმენლად ველოდით. ძალიან რთულია ყველაფრის დაგეგმვა, წინასწარ განსაზღვრა - მაგალითად იმის, რომ ტრავმების გამო, ბევრი მოთამაშე დაგვაკლდებოდა. ამან ჩვენს მზადებაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, რადგან ძალიან რთულია, მოკლე პერიოდში გუნდთან ამდენი დებიუტანტის იმ დონეზე შეთამაშება, რომ ცვლილებები არ დაგეტყოს"

თამაზ მჭედლიძე: "იტალიასთან ცოტა დაგვაკლდა, ჩვენმა შეცდომებმა დაგვღუპა, თორემ თამაშში არაფერი არ დაგვიკლია. სამოასთან შემოტრიალებულ მატჩში გამოჩნდა ჩვენი ძლიერი მხარეები. იტალიასთან ლელო ორმაგად სასიხარულო იქნებოდა გამარჯვების შემთხვევაში."

ბორჯღალოსნები 'არტემიო ფრანკიზე'

ადვილად მოგებული რაგბი ევროპა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაკრებმა ეს ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო - ხუთი მეტოქე, ხუთი გამარჯვება და პირველი ადგილი. ბელგიასთან და გერმანიასთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ, 'ბორჯღალოსნებმა' კიდევ სამი მეტოქე ესპანეთი, რუსეთირუმინეთი დაამარცხეს და რაგბი ევროპას ტიტული მეათედ მოიგეს.

დავით კაჭარავა ბელგიელი მორაგბის წინააღმდეგ

საქართველომ ხუთივე მატჩი მოიგო, თუმცა ტურნირის მიმდინარეობებისას ნაკრებმა გარკვეული შეცდომები დაუშვა. განსაკუთრებით, ეს შეცდომები ესპანეთთან გამართულ მატჩში გამოჩნდა. მეტოქე კარგად თამაშობდა რაქში, ქართველ მორაგბეებს ნაკლებ სივრცეს უტოვებდნენ და ბურთს ხშირად აკონტროლებდნენ, რის გამოც 'ბორჯღალოსნებს' დაცვაში თამაში უწევდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჰეიგის ნაკრებმა ორივე ტიტული დაიბრუნა, რამაც ეს პატარ-პატარა შეცდომები გადაფარა - შეცდომები, რომლებმაც ივნისის ტესტების დროს იჩინა თავი...

გიორგი მელიქიძემ პირველი სანაკრებო ლელო ესპანეთთან დადო

ნოდარ ჭეიშვილი: "მთავარია, რომ დავიბრუნეთ რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასები. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გუნდებს ვეთამაშეთ, მთავარია დადებითი შედეგი დავდეთ."

გიორგი ნემსაძე: "ამ წელმა ბევრი რამ გვასწავლა, მაგრამ რაგბი ევროპა, ტრადიციულად, მარტივად მოვიგეთ."

სტატისტიკა რაგბი ევროპაზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 26 ლელო დადო, 20 გარდასახვა გაიტანა და 6 ჯარიმა გამოიყენა. ქართველი მორაგბე მინდვრიდან მხოლოდ ორჯერ გაასინბინეს - ბელგიასთან შალვა მამუკაშვილი, რუმინეთთან გიორგი ნემსაძე.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 188 ქულა დააგროვა, აქედან ყველაზე მეტი ქულა ბექა წიკლაურს ეკუთვნის. ბექამ 13 გარდასახვა გაიტანა და ერთი ლელო დადო - სულ 31 ქულა. წიკლაურზე ერთი ქულით ნაკლები ჰქონდა სოსო მათიაშვილს, რომელმაც 6 ჯარიმა და 6 გარდასახვა გაიტანა

ყველაზე მეტი ლელო რაგბი ევროპაზე
გიორგი კვესელაძე სამი ლელოთი გამოირჩა

ბორჯღალოსანთა მხრიდან 26 ლელოს დადება 16-მა მორაგბემ მოახერხა: გიორგი კვესელაძე (3), ზურა ჟვანია (2), ლევან ჩილაჩავა (2), სანდრო თოდუა (2), ანზორ სიჭინავა (2), ანტონ ფეიქრიშვილი (2), მიშო გაჩეჩილაძე (2), კახა ასიეშვილი (2). თითო ლელოთი თავი გამოიჩინეს: ოთარ გიორგაძემ, ლაშა ხმალაძემ, გიორგი მელიქიძემ, მერაბ კვირიკაშვილმა, ლაშა ლომიძემ, შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ფრუიძემ და ბექა წიკლაურმა. ერთიც საჯარიმო ლელო ესპანეთთან.

'ბორჯღალოსნების' ინგლისური შეკრება

თებერვალში საქართველომ უდიდესი გამოცდილება მიიღო. ‘ბორჯღალოსნებმა’ ინგლისის ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს. ვარჯიშის შემდეგ, ინგლისელთა თავკაცმა ედი ჯონსმა განაცხადა, რომ ქართველებისგან ინგლისელებმა ბევრი რამ ისწავლეს. ინგლისის ნაკრების ოფიციალური გვერდი წერდა, რომ მათი მიზანი მსოფლიოში საუკეთესო შერკინების ჩამოყალიბება იყო, ქართველებთან ერთობლივი ვარჯიშის ჩატარებაც სწორედ ამიტომ გადაწყდა.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ინგლისში ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინეთ. ორი სავარჯიშო დღე მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ფაქტია, რომ მათი სურვილი იყო ჩვენი იქ მიწვევა. ედი ჯონსმა პირად საუბარში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ჩვენი შერკინების სიძლიერეს და ვარჯიშით კმაყოფილი დარჩა."

ნოდარ ჭეიშვილი (ინგლისური პირატების მორაგბე): "ინგლისთან ვარჯიშმა ძალიან დიდი გამოცდილება შეგვმატა. ალბათ, ყველა ნაკრების თუ გუნდის ოცნებაა, ასეთ უნდთან ივარჯიშოს ან ითამაშოს. ჩატარდა ძალიან მაგარი ორმხრივი ვარჯიშები, შერკინებამ ცალკე ივარჯიშა და ხაზმაც. შერკინებაში აშკარა უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მოლში ძალიან ძლიერები იყვნენ. ძალიან გამოცდილი მხტომელები და მოთამაშეები ჰყავთ, ჩვენზე ბევრად მეტი, მაგრამ თავი არ დაგვიხრია და საბოლოოდ ორივე მხარემ ვიხეირეთ."

იაპონიასთან 0-ზე წაგებული შეხვედრა

ბორჯღალოსნებმა ფრანგ ბარბაროსებთან და ტონგასთან ერთნაირი ანგარიშით 16:15 იმარჯვეს. ქომაგს ყველაზე მეტად ფრანგების ბოლო წუთზე აცილებული არეკნი და სოსო მათიაშვილის მიერ ტონგასთან დადებული ბრწყინვალე ლელო დაამახსოვრდებოდა.

მომდევნო ორი მატჩი კი ქართული რაგბისთვის მძიმე აღმოჩნდა. მსოფლიოს თასის მომავალ მეტოქესთან, ფიჯისთან მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, 'ბორჯღალოსნები' მეორე ტაიმში დაიღალნენ და საბოლოოდ 15:37 დამარცხდნენ.

იაპონიასთან გამართული მატჩი კი ქართული რაგბის ისტორიაში სამარცხვინო აღმოჩნდა: არსებობის ისტორიაში მეორედ, საქართველოს ნაკრებმა ქულის აღება ვერ შეძლო და იაპონიასთან 0:28 დამარცხდა. გაგახსენებთ, რომ 1998 წელს, ირლანდიამ დუბლინში 70:0 მოუგო ქართველებს...

გიორგი ნემსაძე: "სამწუხაროდ, ზაფხულის ტურნე ჩაგვივარდა, მაგრამ ბევრი რამ დავინახეთ და შესაბამისად ცვლილებებიც მოჰყვა. ნოემბერში კი ისეთი მაღალი ხარისხის რაგბი ვაჩვენეთ, რომ ზაფხულის ტურნირი უბრალო ჩავარდნად უნდა მივიჩნიოთ. ზაფხულის ტურნეში თამაშის სისწრაფე და რაქის სისწრაფე არ ვარგოდა, რისი ხარისხიც ნოემბერში გამოსწორდა."

სოსო მათიაშვილი: "2018 მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი წელი იყო, რომელიც შედარებით სუსტად დავიწყეთ. მოვიგეთ რაგბი ევროპა, მაგრამ მაყურებელი სხვა მატჩებში უფრო მეტს ითხოვდა. ტონგასთან და სამოასთან კი ის შედეგი დავდეთ, რასაც მთელი წლის განმავლობაში ველოდით."

წლის პოზიტიური დასასრული

'ბორჯღალოსნებმა' იტალიასთან მარცხის შემდეგ, მომდევნო ორი მატჩი კუნძულელებთან ჩაატარეს და ორივე მოიგეს. იტალიაში უამრავი გულშემატკივარი წავიდა, მაგრამ ავჭალაში სტადიონი ვერ გაივსო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ორივე მატჩი დამსახურებულად მოიგო. სამოასთან პირველი ცუდი ტაიმის შემდეგ, 'ბორჯღალოსნებმა' შეხვედრა შემოატრიალეს, 13 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეიწყვიტეს (27:19). ჰეიგს დებიუტანტებმა გაუმართლეს, რომლებიც მეორე ნახევარში ცვლილებაზე კარგად შევიდნენ: ბექა გიგაშვილი, თედო აბჟანდაძე და გურამ გოგიჩაშვილი. ზელანდიელმა სპეციალისტმა სწორედ ამ ბიჭების თამაში გამოარჩია ორივე მატჩში.

'ბორჯღალოსნებმა' ტონგასთან მოგებით, წელი გამარჯვებით დაასრულეს. საქართველო ბოლო წუთამდე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ზურა ჟვანიამ ბრწყინვალე ლელო დადო და ნოემბრის ტესტ-მატჩები საქართველომ დადებითი ბალანსით დაასრულა. 2018 წელს საქართველომ 12 მატჩიდან 9 მოიგო და 3 შეხვედრაში დამარცხდა.

20-წლამდელები მსოფლიოს ჩემპიონატზე

2018 წელს ასაკობრივმა ნაკრებებმა საკუთარი სიტყვა თქვეს. 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 შეხვედრა მოიგო, ამდენივე მოიგო ახალმა ზელანდიამ. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავა. სამხრეთ აფრიკასთან აღებული ბონუს ქულისა და საფრანგეთთან დადებული ორი ლელოს შემდეგ, უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს: ირლანდიასთან, იაპონიასთან და შოტლანდიასთან.

იყო უამრავი დაუვიწყარი ეპიზოდი, იაპონიასთან ბოლო წუთზე მოგებული მატჩი და სანდრო სვანიძის ლელო, რომელმაც ირლანდიელებს 2007 წელს გიორგი შკინინის მიერ დადებული ლელო გაახსენა.

საქართველოს ნაკრები უკვე მესამე წელია ელიტაში ადგილს ინარჩუნებს და მომავალ წელსაც ეცდება, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე წარმატებას მიაღწიოს. საქართველო 2019 წელს სამხრეთ აფრიკას, ახალ ზელანდიასა და შოტლანდიას შეხვდება.

გელა აფრასიძე: '20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ყოველ წელს იზრდება. წინა ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ ყველა გუნდთან შეგვიძლია თამაში. რეალურად რომ შეხვედოთ, სამ ისეთ ნაკრებს მოვუგეთ, რომლებიც ტოპ კლასის ნაკრებებად ითვლებიან."

თედო აბჟანდაძე: "20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი კარგის თქმა მომიწევს. ჩვენ ფიზიკურად კარგად ვიყავით მომზადებული. სამი თვე ინტენსტიურად ვვარჯიშობდით და მსოფლიოზე ფორმის პიკში ვიყავით. იაპონიასთან თამაშს გავიხსენებ, სადაც მეტოქეს ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე ვაჯობეთ, დაიღალნენ და ვერ გვაჩერებდნენ. გარდა ამისა, ძალიან დაგვეხმარა აფრიკის ტურნე და სამხრეთ აფრიკასთან ორი მატჩი. ნებისმიერ მეტოქესთან შეგვეძლო კარგად და ტოლ-სწორად თამაში, რაც ბოლო 3 მოგებულ მატჩში დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სათამაშო დღეს ხუთ საუკეთესოს ლელოს შორის ჩვენ ლელოც შედიოდა. ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, ეს იყო იღბალი. ოდნავ მაინც რომ გაგვმართლებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატს უკეთეს ადგილზე დავასრულებდით.'

ევროპის ჩემპიონი 18-წლამდელები

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პოლონეთში ევროპის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა მორაგბეებმა ჰოლანდია გაანადგურეს - მათ მეტოქეს 11 ლელო დაუდეს, რის შემდეგაც პორტუგალიასაც მარტივად სძლიეს, ფინალში კი ფრანგები დაამარცხეს. საქართველო ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა და საფრანგეთთან სამჯერ წაგების შემდეგ, პირველად შეძლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ქართველებმა ფინალი 8:3 მოიგეს. ვანო კარკაძე კი პირველი მორაგბე გახდა, რომელმაც საფრანგეთს ორ ფინალში ორი ლელო დაუდო.

რას ველოდებით 2019 წელს

მიუხედავად ივნისის ტესტებზე ჩავარდნისა, ნაკრებმა წელი მაინც ორი მოგებით დაასრულა - თანაც, იმ გუნდებთან, რომლებთანაც ადრე მოგება ძალიან უჭირდა. მსოფლიოს თასისთვის მზადება უმნიშვნელოვანესი იქნება. ნაკრებს წინ რაგბი ევროპა, ივნისის ტესტები და აგვისტოს ტესტები ელის, სადაც 'ბორჯღალოსნებმა' მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რათა მსოფლიოს თასს ფორმის პიკში შეხვდნენ.

2019 წლის რაგბი ევროპას კალენდარი უკვე ცნობილია.  სავარაუდოდ, ივნისის ტესტებზე ისევ კუნძულელებთან თამაში იქნება კარგი, რადგანაც ჯგუფში ფიჯი გვყავს და კიდევ ერთი მაგარი ამბავი - აგვისტოს ორი ტესტ-მატჩი, სადაც შოტლანდიას ვხვდებით. ბრიტანულ ნაკრებთან შეხვედრით, საქართველო უელსთან თამაშისთვის კარგად მოემზადება.

რჩება ავსტრალია და ურუგვაი - ერთი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მეორე ჯგუფის აუტსაიდერი. მთავარია, რომ ორივე ნაკრებთან ღირსეულად ვითამაშოთ. ურუგვაისთან მაქსიმუმი მხოლოდ მოგება იქნება, მაგრამ სამხრეთამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჰეიგის ნაკრებს მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალონ.

საქართველოს მიზანი 2019 წლის მსოფლიოს თასზე, ჯგუფში, მესამე ადგილის დაკავება უნდა იყოს. ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგანაც ფიჯისთან მოგება გაგვიჭირდება. ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ლევან მაისაშვილი: "მსოფლიო თასზე ემოციურად განსხვავებული თამაშები იქნება, ვიდრე ნებისმიერ ტესტ-მატჩში და ნებისმიერ მათგანში შეიძლება წარმატების მიღწევა. ჩვენი მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა და რატომაც არა - სამისაც."

'ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარეები, რომელიც წელს ფიჯისთან ვერ გამოვავლინეთ და ეს გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებიდან, რომელია უფრო რთული მოწინააღმდეგე, წინასწარ არავინ იცის. თუ გავიხსენებთ, ფიჯი მსოფლიოზე ერთ თამაშს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებს და როდის მოხდება ეს, წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩვენ ამ სამივე თამაშში მაქსიმუმს ვეცდებით და რა გამოვა, იაპონიაში ვნახავთ."

ასაკობრივი ნაკრებებისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ბიჭები ყოველ წელს ვითარდებიან და ქართული რაგბის წინსვლაზე ისიც მეტყველებს, რომ ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, საქართველომ 18-წლამდელებში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რომლის შენარჩუნებასაც ეცდება.

ილია მაისურაძის 20-წლამდე 'ბორჯღალოსნები' 2018 წელს მოგებული სამი მატჩითა და დაკავებული მე-9 ადგილით თავდაუზოგავი შრომის შედეგს გვიჩვენებენ. ასაკობრივი ნაკრები უკვე ახერხებს ახალგაზრდულ ექვს ერში მონაწილე შოტლანდიისა და ირლანდიის დამარცხებას. ამ ნაკრებიდან წამოსულმა ტალანტებმა უკვე დაიკავეს ეროვნულ ნაკრებში ადგილი და კიდევ რამდენიმე ცდილობს საოცნებო მაისურის მორგებას.

სარაგბო წელი მართლაც გადატვირთული იქნება: რაგბი ევროპა, ტესტ-მატჩები, მსოფლიოს თასი, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ამას ლეგიონერებისა და ეროვნული ჩემპიონატის ამბებიც დავუმატოთ. რაგბის მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ და სანერვიულო-საქომაგოც ბევრი ექნებათ. 2019 წელს საქართველოს ნაკრებს თამაშის მაღალი ხარისხი ვუსურვოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მინიმუმ ორი მატჩის მოგება.

კომენტარები

ბოლო ამბები