Thumbnail
  • 26 წლის მცველმა მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი მოიგო
  • კვერკველია პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა საიტმა championat-მა გამოარჩია

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალური მცველი საბა კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2017/18 წლების სეზონში მოსკოველ “რკინიგზელებთან” ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა, ამ ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა გამოარჩია და 11 საუკეთესოს შორის შეიყვანა.

“საბა კვერკველიამ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა კალენდალური წელიწადი ორი ჩემპიონატის ნაწილებისგან შედგება. ლოკომოტივის საჩემპიონო სეზონი კი მის კარიერაში საუკეთესო იყო. ტრავმირებული ჩორლუკას არყოფნაში, ქართველი გუნდის წამყვანი მცველი გახდა და ტურნირში ყველაზე ნაკლები მატჩი გამოტოვა. გასული სეზონის ლოკომოტივი დაცვაში იდეალური არ იყო, მაგრამ ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის ნახევარზე მეტ მატჩში მეტოქეს სახიფათო მომენტები (Big Chances) არ შეაქმნევინა. კვერკველია, რომელიც ასწრებდა თავისუფალი ზონების დაზღვევას და ახარხებდა მეტოქეთა პოტენციური სახიფათო შეტევების დასაწყისშივე ჩაშლას, თამაშის წაკითხვის უნარით იური სიომინის გუნდს ძალიან დაეხმარა”.

საბა კვერკველია მოედანზე თავდაუზოგავი თამაშითაც გამორჩეულია

26 წლის საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში ყაზანის რუბინიდან, 2016/17 წლების სეზონში, ზამთარში ჯერ იჯარით გადავიდა, მოგვიანებით კი კლუბმა მისი ტრანსფერი გამოისყიდა. საბამ ლოკომოტივთან ერთად ჩემპიონობამდე რუსეთის თასის მოგება შეძლო.

მიმდინარე ჩემპიონატში ლოკომოტივი ისეთი წარმატებით ვეღარ გამოდის, 17 ტურის შემდეგ 25 ქულით, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. კვერკველიამ ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები