Thumbnail

2018 წელი დასრულდა. სპორტულ სამყაროს თავისი გმირები ამ წელსაც ჰყავდა. ბევრი რამ ვნახეთ - მსოფლიოს ჩემპიონატი, რეალის ზედიზედ მესამე და გოლდენ სტეიტის ზედიზედ მეორე, ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფალური დაბრუნება, რეკორდსმენი პეპი და რეკორდსმენი იუვენტუსი, "მეფე ჯეიმსის" წასვლა კალიფორნიაში და კრიშტიანო რონალდოს ჩასვლა იტალიაში. ყველა ეს ისტორია 2018 წლის კუთვნილებაა და ყველა ამ ისტორიას თავისი გამარჯვებულები და დამარცხებულები ჰყავს. სწორედ მათზე მოგითხრობთ.

Winner - მბაპე, დეშამი და საფრანგეთის ნაკრები

წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა 2018 წლის მუნდიალი იყო. მუნდიალის ტრიუმფატორების გარეშე გამარჯვებულთა სია ვერ იქნება. საფრანგეთის ნაკრები ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობდა, თუმცა ყველაზე ძლიერი კი აღმოჩნდა. როგორც იქნა, დიდიე დეშამს მშვიდად შეუძლია ეძინოს - მის „ანგარიშზე“ რამდენიმე წაგებული დიდი ტურნირი იყო - მათ შორის 2 წლის წინ სახლში გამართული ევროპის ჩემპიონატი. ეს წარუმატებლობები დეშამს ბრალდებოდა და ამ წლამდე მას ადგილი სტაბილურად Loser-ებს შორის ეკუთვნოდა, წელს კი იგი მსოფლიოს ჩემპიონია.

ტრიუმფატორთა ტრიუმფატორი კი 20 წლის კილიან მბაპე აღმოჩნდა. ჯერ მუნდიალზე გაიბრწყინა, სექტემბრიდან კი პარი სენ ჟერმენში ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ პარიზული კლუბის ლიდერი ისევ ნეიმარი მხოლოდ ბრაზილიელის მეგობრებს და ოჯახის წევრებს ჰგონიათ.

მბაპემ თავი მუნდიალის ფინალშიც გამოიჩინა

Loser - ნეიმარი

ნეიმარი კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს წელი მისი არ იყო. ჯერ იყო და, პარი სენ-ჟერმენმა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ნაადრევად დათმო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი - ამჯერად რეალთან.

მადრიდელებთან პირველივე შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, შემდეგ ჯანმრთელობის გარისკვა არ მოინდომა, აღარც მეორე თამაში ითამაშა და არც სეზონის დარჩენილი ნაწილი, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. აქედან კარგი არაფერი გამოვიდა - ნეიმარი მუნდიალზე ცუდად გამოიყურებოდა და, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მას აკრიტიკებდა. ბრაზილია ბელგიასთან გამოვარდა, ნეიმარს კი გამუდმებული (და არცთუ ნიჭიერი) სიმულაციების გამო მთელი მსოფლიო დასცინოდა. ასე შეიქმნა - Neymar Challenge - არცთუ ისე კარგი მიღწევა იმ კაცისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს, მესის და რონალდოს მემკვიდრე იყოს.

ასე დასცინოდნენ ნეიმარს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში

Winner - ზინედინ ზიდანი და მადრიდის რეალი

წლის გამარჯვებულებში ტრადიციულად ადგილი დაიბევა მადრიდის რეალმა. "სამეფო კლუბმა" ზედიზედ მესამედ და ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. რეალის საჩემპიონთალიგო ტრიუმფი იმდენად პროზაული გახდა, რომ ამაზე ბევრი წერა აღარ ღირს, თუმცა სექტემბრიდან რეალი ისე თამაშობს, რომ მომავალ წელს მადრიდელებს Winner-ებში ყოფნა ძალიან გაუჭირდებათ.

ყველაზე ჭკვიანი კი ზინედინ ზიდანი აღმოჩნდა - იმდენად ჭკვიანი, რომ სრულიად ლეგიტიმურია კითხვა: ზიდანი ფეხბურთელი უფრო ჭკვიანია, თუ ზიდანი მწვრთნელი. ზიზუმ ძალიან კარგად და ყველაზე ადრე იცოდა, რომ მისი გუნდი გადაიღალა, თავისი წარმატების პიკს მიაღწია და კრიზისი ახლოვდებოდა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ თავისი ნებით წავიდა რეალიდან. ზიდანი იშვიათი მწვრთნელია, რომელიც, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი წავიდა და მოახერხა ის, რომ რეალიდან არ გაუგდიათ.

Loser - ხულენ ლოპეტეგი

წლის ყველაზე უიღბლო და არცთუ ისე ჭკვიანი კაცი ხულენ ლოპეტეგი აღმოჩნდა. მის ხელში ესპანეთის ნაკრები ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა და მუნდიალის ფავორიტი იყო. ლოპეტეგიმ მოახერხა და ჯერ ესპანეთის ნაკრებთან გაახანგრძლივა კონტრაქტი, შემდეგ ზედ მუნდიალის დაწყების წინ, მადრიდის რეალს გაურიგდა ახალ კონტრაქტზე. ერთი დღით ადრე ჩემპიონატის სტარტამდე ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან სკანდალით გააგდეს. ესპანეთმა ჩემპიონატი, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ ითამაშა და შედეგიც შესაბამისი ჰქონდა - პლეი ოფში მარცხი რუსეთთან. ამ ნაკრების ფონზე არტიომ ძიუბა დიდიე დროგბად გამოიყურებოდა. შედეგად, ლოპეტეგის გულშემატკივარი საქართველოში ნამდვილად არ მომატებია.

რეალში მან სულ რაღაც 137 დღე იმუშავა და კატასტროფული შედეგები ჰქონდა - გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე იყო და ზედიზედ ოთხი თამაში გოლი ვერ გაჰქონდა. რეალიდან ლოპეტეგი მალევე გამოუშვეს. ასე დაკარგა მან 4 თვეში სამსახური ორ უდიდეს გუნდში და დაასამარა თავისი, როგორც დიდი გუნდის მწვრთნელის კარიერა.

როცა სახის გამომეტყველება მრავლისმთქმელია

Winner - გოლდენ სტეიტი

განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ გოლდენ სტეიტი წელსაც გამარჯვებულია. ზედიზედ მეორედ NBA-ში გოლდენ სტეიტს წინააღმდეგობას ვერავინ უწევს (ერთადერთ გამონაკლისზე ქვემოთ მოგახსენებთ) და ისეთი განცდაა, რომ სანამ ეს ოთხეული (კარი, დურანტი, გრინი, ტომპსონი) ერთად თამაშობს, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს (არ დაგავიწყდეთ, რომ ქვემოთ გამონაკლისი იქნება). წელსაც, სტეფ კარი ყრიდა ცენტრიდან სამიანებს, დურანტი ყრიდა, როცა და როგორ უნდოდა და თუ ამ ორს თამაში არ მისდიოდა, კლეი ტომპსონს ყოველთვის შეუძლია, "სულ რაღაც" 30-იოდე ქულით გუნდს დაეხმაროს. დღეს NBA-ში ეს სიტუაციაა - მე პირადად მომბეზრდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ.

ასე გრძნობს თავს სტეფი ლიგაში

Loser - კრის პოლი

არც ბოროტი ვარ და არც შურიანი, რომ კრის პოლს loser ვუწოდო. ახლავე აგიხსნით რა ხდება. კრის პოლი წაგებული არ არის, უბრალოდ ძალიან უიღბლოა. NBA-ში დიდი ხანია ფიქრობენ, რომ კრის პოლს რაღაც წყევლა აქვს. თავისი თაობის საუკეთესო გამთამაშებელმა წინა წლებში ზედიზედ ორჯერ მიიღო პლეი ოფში ტრავმა და თავის გუნდს, ლოს ანჯელეს კლიპერსს გამოაკლდა. მესამედ კრის პოლთან ერთად გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა ბლეიკ გრიფინმა ზედ პლეი ოფის წინ თავისივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი რესტორანში ისე გალახა, რომ ხელი მოიტეხა და პლეი ოფი გამოტოვა. კრის პოლის და გრიფინის კლიპერსის ამბებიც ასე უიღბლოდ და უსახელოდ დასრულდა.

პოლი ჰიუსტონში წავიდა, თუმცა უიღბლობა არსად არ გამქრალა. თუკი ვინმეს შეეძლო გოლდენ სტეიტის დამარცხება და ეს უნდა გაეკეთებინა შარშან კრის პოლის და ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონ როკეტსი იყო (გამონაკლისზე უკვე გითხარით). ტექსასელებმა რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულეს, ჰარდენი MVP გახდა, კრის პოლი კი ძალიან მაგარ კალათბურთს თამაშობდა. გადამწყვეტ სერიაში გოლდენ სტეიტთან ჰიუსტონი 3-2-ს იგებდა, გოლდენ სტეიტი პირველად ბოლო ორ სეზონში პარკეტზე უფრო სუსტ გუნდად გამოიყურებოდა. კრის პოლი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა მეხუთე მოგებული თამაშის ბოლო წამებზე ფეხი იტკინა და შემდეგი ორ შეხვედრა გამოტოვა. თავისი ლიდერის გარეშე ჰიუსტონმა კალიფორნიელებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. დიდი გამარჯვების ნაცვლად კიდევ ერთი უიღბლობა კრის პოლს 2018 წელს.


Winner -ანდრია ანიელი და კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდომ წელსაც გაიტანა ძალიან ბევრი გოლი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა - უკვე მეხუთედ, როგორც თავადვე გვამცნო.

რონალდოსთვის ეს ციფრი განსაკუთრებულია, რადგან ლეო მესის ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული და კრიშტიანოც 5-მდე ძალიან ბედნიერი სახით ამიტომ ითვლის. შემდეგ კრიშტიანო რეალიდან იუვენტუსში წავიდა. როგორც თვითონ აღნიშნა, მის ასაკში, 33 წლის ფეხბურთელები ჩინეთში ან ყატარში მიდიან ფულის საშოვნელად, ის კი იუვენტუსში გადავიდა, თუმცა ფულს იუვეშიც შოულობს - კრიშტიანო ტურინში 30 მილიონ ევროს იღებს ანუ ზუსტად იმდენს, რამდენსაც იგი რეალს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სთხოვდა.

ამ ისტორიით ყველაზე მოგებული ანდრია ანიელი დარჩა. ძალიან რთული კითხვაა, თუ როგორ შეიძლება გააძლიერო გუნდი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ 7-ჯერ მოიგო და ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა. ანიელიმ ამ კითხვას ისე უპასუხა, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა - კრიშტიანო რონალდო იყიდა, კაცი, რომელმაც ბოლო 5 თამაშში იუვეს 7-ჯერ გაუტანა.

ამ გოლის მერე იუვემ კრიშტიანოს ყიდვა გადაწყვიტა

ანიელიც მიხვდა, რომ ასეთი კაცი ჯობია შენ გუნდში გყავდეს, ვიდრე მის წინააღმდეგ ითამაშო.

Loser - ფლორენტინო პერესი

ხულენ ლოპეტეგის შესახებ უკვე მოგიყევით. ლოპეტეგის რეალში მოყვანის იდეა ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. პერესმა გადაწყვიტა, რომ რეალისთვის გენიალურ მწვრთნელს მიაგნო, აჩქარდა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას არ დაელოდა, ისე გაუფორმა ლოპეტეგის კონტრაქტი. ფლორენტინომ ერთი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ორი დიდი გუნდი დაშალა. ფლორენტინო წლის ერთ-ერთი მთავარი Loser-ია - 2018 წელი ზიდანით და კრიშტიანო რონალდოთი დაიწყო და სანტიაგო სოლარით და იმის იმედით ასრულებს, რომ ბენზემას გოლების გატანა გაახსენდება.


Winner -გვარდიოლა და მანჩესტერ სიტი

გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ გასულ სეზონში პრემიერლიგის ყველა რეკორდი დაამხო. სიტიმ ინგლისის ჩემპიონობა 100 ქულით და 106 გატანილი გოლით მოიპოვა. სექტემბრის შემდეგ სიტი კვლავ ძალიან ძლიერად გამოიყურება და 100 ქულას, სავარაუდოა, წელსაც ასცდება. არადა მახსოვს ლეგენდა, რომ თურმე გვარდიოლას ფეხბურთის თამაში პრემიერლიგაში არ გამოვიდოდა. ლეგენდის თანახმად, გვარდიოლასთვის და მესისთვის სტოკში წვიმიან საღამოს გასვლაზე თამაში რთული უნდა ყოფილიყო. მესი სტოკში წვიმიან საღამოს კი არა, ამ კაცის ხელში რაჰიმ სტერლინგიც უაღრესად დახვეწილ და ინტელექტუალურ ფეხბურთელად გამოიყურება.

Loser - ჟოზე მოურინიო

არც კი ვიცი ჟოზე უფრო ძალიან წაგებულია ამ წელს, თუ ხულენ ლოპეტეგი. ჟოზეს სულ ცოტა დააკლდა, ორი კვირაც და იგი 2018 წელს უსამსახუროდ არ დაასრულებდა. მოურინიოს კატასტროფული წელი ჰქონდა - მანჩესტერ იუნაიტედი მთელი წელი საშინელ ფეხბურთს თამაშობდა - აი ისეთს, გულშემატკივარი სათადარიგო სკამიდან მარუან ფელაინის რომ ელოდება, თამაში გადაარჩინოს. ჟოზეს ხელში მისი ყველა პერსპექტიული ფეხბურთელი - პოგბა, სანჩესი, ლუკაკუ, მარსიალი - რეგრესირებდა. მოურინიოს, კაცს, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ გამარჯვებას აღიარებს, საქმე ისე გაუხდა, რომ შარშანდელი მეორე ადგილით ტრაბახობდა. არადა მახსოვს, სულ 10-იოდე წლის წინ რანიერის და არსენ ვენგერს სწორედ ამ მეორე ადგილების გამო სისხლი გაუშრო და სულ Loser-ები ეძახა. გუნდის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა ლივერპულთან სამარცხვინო წაგებამ აუვსო - იუნაიტედი ქვედა ლიგის გუნდივით გამოიყურებოდა, ლივერპულმა კარისკენ 36-ჯერ დაურტყა და მოურინიოს გუნდი ყოველ მეორე პასს არაზუსტად აკეთებდა.

ამას დაამატეთ ჟოზესთვის ჩვეული სკანდალები, კონფლიქტები ფეხბურთელებთან და მიხვდებით, რომ 2018 წელს ჟოზესი არ უნდა გშურდეთ. მოურინიომ წელს ციფრებით ლაპარაკი დაიწყო და იუნაიტედი უკვე მესამე, დიახ მესამე, გუნდია, საიდანაც ჟოზე სკანდალით წამოვიდა.

სამი ჟოზესთვის სიმბოლური რიცხვია

Winner - ნოვაკ ჯოკოვიჩი

როცა ნოვაკ ჯოკოვიჩი ფორმაშია, მგონია ხოლმე, რომ მასში დემონია ჩასახლებული - სერბი ყველა ბურთს ასწრებს, ყველაფერს აბრუნებს და რაღაც სხვა სისწრაფეზე თამაშობს. ჯოკოვიჩის კარიერა რამდენიმე ეტაპად იყოფა: 2006-2010 წლები - ნოვაკი კარგი ჩოგბურთელია, თუმცა ნადალის და ფედერერის ჩრდილშია, 2011-2015 წლები - ჯოკოვიჩში დემონია ჩასახლებული და 4 წლის მანძილზე ყველას და ყველაფერს უგებს. სტატისტიკა საპირისპიროს გვეუბნება, მაგრამ მე ისეთი განცდა მაქვს, ამ პერიოდში ნოვაკს არცერთი თამაში, არცერთი სეტი, არცერთი გათამაშება არ წაუგია. 2016-2018 ჯოკოვიჩი კვლავ ადამიანურ დონეზე დაბრუნდა. 2018 წლის მეორე ნახევრიდან კი ჯოკოვიჩში კვლავ რაღაც მოხდა - ზედიზედ 29 თამაშიდან 28 მოიგო, მათ შორის ორი დიდი სლემი და ეს წელი ნომერ პირველ ჩოგნად დაასრულა, არადა 2018 წლის მაისში ნოლე 22-ე ჩოგანი იყო.

Loser - სერენა უილიამსი

მე თანახმა ვარ, რომ ყველა ჟურნალისტს, რომელიც კი სერენასთან მიმართებაში სიტყვა Loser-ს გამოიყენებს, სამუდამოდ აეკრძალოს წერა. ვიცი და ვადასტურებ, რომ სერენა ყველაზე დიდი ქალი ჩემპიონია, ვისაც კი ჩოგანი ხელში ოდესმე სჭერია. 2018-ში სერენა საერთოდაც ფეხმძიმობიდან დიდ სპორტში დაბრუნდა.

მოკლედ, წელს სერენას წელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სერენამ წელს ორი დიდი სლემის ფინალი წააგო და სერენა იმდენად დიდი ჩემპიონია, რომ მარცხის ახსნა თუნდაც ფეხმძიმობით გამოწვეული იძულებული პაუზით, მისთვის თავის გასამართლებელი არ არის.

ყველაზე ცუდი ამბავი კი სერენას ის მოუვიდა, რომ ნიუ იორკში, ამერიკის ღია პირველობის ფინალი 20 წლის ნაომი ოსაკასთან დათმო. მარცხის მიზეზი მისივე ნერვები აღმოჩნდა. სერენა მსაჯს ეჩხუბა, რომელმაც იგი მწვრთნელთან კომუნიკაციის გამო დააჯარიმა. სერენამ მსაჯი რასიზმსა და ქალთმოძულეობაში დაადანაშაულა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამავე მსაჯს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფა ნადალი ამავე მიზეზით უკვე ჰყავდა დაჯარიმებული. შესაბამისად, მას შეიძლება ის დავაბრალოთ, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და თვითშეფასებას იმით იმაღლებს, რომ ჩოგბურთის ლეგენდებს უმნიშვნელო მიზეზების გამო აჯარიმებს, თუმცა არავითარ შემთხვევაში რასიზმი და ქალთმოძულეობა. თვით სტივენ ეი სმიტმა, ყველაზე ცნობილმა აფროამერიკელმა ჟურნალისტმა და სერენას დიდმა გულშემატკივარმაც კი, ფინალში მარცხში იგი დაადანაშაულა. მოკლედ, წელს სერენას ნერვებმა უღალატა და ტრიუმფალური დაბრუნება ჩოგბურთში არ შედგა.


Winner - სალაჰი, კლოპი და ლივერპული

იურგენ კლოპმა წელს ლივერპული ევროპული ფეხბურთის უპირველეს გრანდებში დააბრუნა. ლივერპული ჯერ სენსაციურად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, შემდეგ ზაფხულში კიდევ უფრო გაძლიერდა და წელს კლოპის გუნდმა პირველი 19 თამაშიდან 16 მოიგო და პრემიერლიგას 6 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. კლოპი ძალიან ახლოს არის, რომ ენფილდზე თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა დააბრუნოს. მის მხარეზეა სტატისტიკაც - პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა საშობაოდ 6 ან მეტი ქულიანი სხვაობის შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება (ნიუკასლმა 1995/96 წლის სეზონში 10 ქულიანი სხვაობა გაანიავა).

ლივერპულის მთავარი შემოქმედი მოჰამედ სალაჰი აღმოჩნდა. სალაჰმა შარშან პრემიერლიგის ყველა რეკორდი მოხსნა და 36 გოლი შეაგდო. ეგვიპტელი ისე თამაშობდა, როგორც ლეო მესი თავის საუკეთესო თამაშებში. არადა ისიც მახსოვს, სალაჰი ჩელსიდან, რომ გამოუშვეს და პრემიერლიგაში სრულიად უპერსპექტივოდ გამოიყურებოდა.

Loser - მესუტ ოზილი და გერმანიის ნაკრები

მესუტ ოზილი ფეხბურთს ისე თამაშობს, გეგონება, ძალით გამოუშვეს სტადიონზე და ეს მისთვის ყველაზე მოსაწყენი საქმეა. ოზილმა ჯერ ვენგერს გაუშრო სისხლი - გერმანელი, როცა თამაშობს, სტადიონზე დასეირნობს, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ მისთვის ცნობილი მიკროტრავმების მიზეზით, საერთოდ არ თამაშობს.

ამას ის მოყვა, რომ ოზილმა და გიუნდოგანმა მუნდიალის წინ ფოტო თურქეთის პრეზიდენტ ერდოგანთან ერთად გადაიღეს. ერდოგანს დასავლეთში დიქტატორის სახელი აქვს გავარდნილი და ცივილიზებული ხალხი მას ბოლო წლებია თავს არიდებს.

გერმანიაში დიდი სკანდალი ატყდა - გიუნდოგანმა ბოდიში მოიხადა, ოზილმა კი არა. ეს სკანდალი არავის გაახსენდებოდა, ოზილს და გერმანიის ნაკრებს კარგი ფეხბურთი, რომ ეთამაშათ, თუმცა გერმანიის ნაკრები უსუსტესად გამოიყურებოდა, ჯგუფის ბოლო თამაშში სამხრეთ კორეასთან დამარცხდა და პირველად თავის ისტორიაში ჯგუფიდან ვერ გავიდა. ოზილი ამ უსუსტეს გერმანიის ნაკრებშიც კი ყველაზე სუსტი იყო. მუნდიალის შემდეგ გერმანიაში ალაპარაკდნენ, თუ რა ნეგატიურად აისახა ბუნდესგუნდზე ერდოგანთან დაკავშირებული სკანდალი. გაბრაზებულმა ოზილმა მთელი გერმანია რასიზმში დაადანაშაულა და გერმანიის ნაკრებიდან წავიდა. მასთან სალაპარაკოდ ჩასული იოახიმ ლიოვი კი არსენალის საწვრთნელი ბაზის კარებთან დატოვა და არც კი შეხვდა.

თუკი წლის პირველ ნახევარში ცუდი თამაში არსენ ვენგერს ბრალდებოდა, ახალი სეზონიდან ოზილს და მის არსენალს ახალი მწვრთნელი ჰყავთ - უნაი ემერი. ემერის ხელში არსენალი კარგად თამაშობს, თუმცა პოზიტიური ცვლილებები ოზილს არ შეხებია. იგი მითიური ტრავმების გამო თამაშებს ისევ აცდენს, როგორც ამბობენ, მთელი ღამეები fortnite-ს თამაშობს, ფორმაში არ არის და არსენალის შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.

ამ წელს ოზილს კიდევ ერთი ცუდი ამბავი გაუხსენეს - აღმოჩნდა, რომ მისი აგენტის როლს მამამისი მუსტაფა ოზილი ასრულებს. რეალში თამაშის დროს მუსტაფა ფლორენტინო პერესს შეხვდა და ხელფასის მომატება მოითხოვა, უარის შემდეგ კი ფლორენტინოს კარები მიუჯახუნა. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მესუტი მადრიდიდან მალევე გამოუშვეს. მოკლედ თუ წარმატებული 2019 წელი გინდათ გქონდეთ, მესუტ ოზილივით ნუ მოიქცევით.


Winner - ლეო მესი

ლეო მესის წელს სტანდარტული წელი ჰქონდა - 51 გოლი შეაგდო და ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა. რომელიმე მო სალაჰისთვის ძალიან კარგი შედეგი, თუმცა მესისთვის განსაკუთრებული არაფერი. მაგრამ მესი Winner-ების სიაში, რომ არ შევიყვანო, შეიძლება ხვალ საღამოს, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, რომელიმე ლევანტეს სამი ჯადოსნური გოლი შეუგდოს და თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობ.

Loser - ლეო მესი და არგენტინის ნაკრები

მოლოდინისამებრ არგენტინის ნაკრები წლევანდელი წლის Loser-ების სიაშია. არგენტინა მუნდიალზე კატასტროფულად გამოიყურებოდა და ისლანდიასთან ფრეს და ხორვატიასთან 3-0 წაგებული შეხვედრის შემდეგ, ძლივს გავიდა ჯგუფიდან, მხოლოდ ნიგერიასთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით.

არგენტინულ ფეხბურთში სრული ქაოსია და ეს ნაკრებზეც აისახება. გუნდს მუნდიალზე ხორხე სამპაოლი წვრთნიდა, უფრო სწორად, სამპაოლის ეგონა, რომ წვრთნიდა, თუმცა ამ გუნდის მწვრთნელის არაფერი ეტყობოდა.

ერთ გოლში მთელი არგენტინის ნაკრები

სამპაოლი გაუშვეს და მის ნაცვლად ლაიონელ სკალონი დანიშნეს - უცნობია რა დამსახურებების გამო. მესიმ კიდევ ერთი და შესაძლებელია მისთვის უკანასკნელი წარუმატებელი მუნდიალი ჩაატარა, ძალიან რთულია, არგენტინის ნაკრებში რამე გააწყო. მუნდიალის მერე კი ლეო ნაკრებიდან წავიდა, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება საბოლოო და როდის დაბრუნდება მესი ნაკრებში, ჯერ არ ვიცით.


Winner -ლებრონ ჯეიმსი

ლებრონ ჯეიმსს საქმე ისე აქვს დაყენებული, რომ როდესაც მისი გუნდი კარგად თამაშობს და იგებს, მისი დამსახურებაა, როცა აგებს კი, ესეიგი გუნდი არ უწყობს ხელს - მოკლედ ჭკვიანი კაცია. წელს ჯეიმსმა უსუსტესი კლივლენდი, პირადად და მარტომ, გაიყვანა NBA-ს ფინალში. აღმოსავლეთ კონფერენციაში ზედიზედ 8 წელია ფინალში მხოლოდ ლებრონის გუნდები გადიან. როგორც ჩანს, ლებრონს აღმოსავლეთში გამარჯვება მობეზრდა და დასავლეთით, ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადავიდა. შემდეგი მიზანი ლოს ანჯელესში ჩემპიონობის დაბრუნებაა.

წლის ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში კი ლებრონის კლივლენდის პირველი ფინალური შეხვედრა აღმოჩნდა გოლდენ სტეიტთან. ლებრონმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, 51 ქულა გააკეთა და კინაღამ მარტომ მოუგო გოლდენ სტეიტს ის 1 თამაში (ამ კლივლენდისთვის 1 თამაში მაქსიმუმი იყო).

საბოლოოდ ლამაზი ისტორია არ გამოვიდა - ლებრონს გუნდში ჯორჯ ჰილი და ჯეი არ სმიტი ჰყავდა. ჯორჯ ჰილმა ბოლო წამებზე ჯარიმა ააცილა, ჯეი არმა ბურთი შეტევაში მოხსნა, თუმცა NBA-ს ფინალში ანგარიში დაავიწყდა და სროლის ნაცვლად დროის გაყვანა დაიწყო. ამ კადრების შემდეგ მიხვდებით, თუ რა მასშტაბის მოვლენა იყო ამ კლივლენდის ფინალამდე მითრევა.

ჯეი არ სმიტს ანგარიში დაავიწყდა

Loser - კლივლენდ კავალიერსი

თუ როგორი გუნდია კლივლენდი ლებრონის გარეშე, ამაზე ზემოთ მოგახსენეთ. ლებრონის წასვლის შემდეგ კლივლენდს 8 მოგება და 27 წაგება აქვს. საერთოდაც, მოხერხება უნდა, რომ ისე გაგიმართლოს შენ ქალაქში ლებრონი დაიბადოს და იმდენად ცუდად წაიყვანო გუნდის საქმეები, რომ ორჯერ გადაწყვიტოს გუნდიდან წასვლა.


Winner - ლუკა მოდრიჩი და ხორვატიის ნაკრები

2018 წლის ყველაზე ლამაზი ისტორია ხორვატიის ნაკრებს უკავშირდება. ხორვატიის ნაკრებმა ყველასთვის მოულოდნელად მუნდიალის ფინალს მიაღწია - თანაც ისე, რომ ზედიზედ სამი დამატებითი დრო ითამაშა. 4 მილიონიანი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ხორვატთა საუკეთესო მოთამაშე ლუკა მოდრიჩი იყო, რომელმაც ჩემპიონატამდე რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და კარიერის ყველაზე წარმატებული წელი გამოუვიდა. მისი ამ დამსახურებების გამო იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. წელს აღმოვაჩინეთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს მოკვდავებიც იგებენ - პირველად ბოლო 10 წელში მესის და რონალდოს გარდა სხვა რომელიმე ფეხბურთელმა ეს ჯილდო მოიგო.

მოდრიჩის გოლი მუნდიალზე

Loser - ანტონიო კონტე

ანტონიო კონტეს Loser-ი უწოდო ძალიან უხერხულია. კონტეს ჩელსის რთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ კონტემ ინგლისის თასის მოგება მაინც მოახერხა. კონტესთვის მთავარი უსიამოვნებები მოედანს მიღმა დაიწყო. იგი მთელი სეზონის მანძილზე გუნდის ხელმძღვანელობას სუსტი სატრანსფერო კამპანიის გამო აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, მას დაავიწყდა, რომ ჩელსის მფლობელი რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩია. აბრამოვიჩის ჩელსი ცნობილი იმით არის, რომ თავის მწვრთნელებს არცთუ ისე ცივილიზებულად და პატივისცემით ეპყრობა. კონტესაც ასე მოუვიდა. იგი გუნდიდან ისეთ დროს გაუშვეს, რომ სხვა გუნდში გადასვლა ვეღარ მოახერხა, ინგლისის ჩემპიონობისა და თასისთვის ნორმალურად მადლობაც კი არ უთხრეს და კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაცია არ გადაუხადეს.

წელს კონტეს თავისი კუთვნილი ფულის მისაღებად სასამართლოში სიარული უწევს, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საყვარელი საქმე აკეთოს. კონტე არც ფეხბურთელებს უნდა ჰყვარებოდათ მაინცადამაინც - ედენ აზარი და ვილიანი ღიად აცხადებდნენ, რომ ჩელსიში კონტეს დარჩენის შემთხვევაში ლონდონს დატოვებდნენ. 2018 წელი ის წელი იყო, როდესაც კონტემ აღმოაჩინა, რომ ლონდონის ჩელსი თავის მეტსახელს - „არისტოკრატები“ აბსოლუტურად ვერ ამართლებს. არც არის გასაკვირი - დიდი რუსული ფული და არისტოკრატია ერთმანეთთან ძალიან დაშორებული ცნებებია.


Winner - დონჩიჩი და ანტენეტოკუმპო

2018 წელი ახალი ვარსკვლავების დაბადების წელიც იყო. 19 წლის ლუკა დონჩიჩმა ჯერ მადრიდის რეალთან ერთად ევროლიგა მოიგო, თან ისე, რომ რეალს მთელი სეზონის მანძილზე თავისი ლიდერი - სერხიო იული აკლდა, შემდეგ NBA-ში წავიდა და დალას მავერიქსში ისე თამაშობს, რომ წელს დიდი ალბათობით წლის საუკეთესო ახალწვეულის ჯილდოს ის უნდა დაეპატრონოს. დონჩიჩი კალათბურთის მომავალია.

რა შეუძლია იანისს ეს უკვე ვიცოდით. თუმცა, 2018 წელს აღმოჩნდა, რომ თუკი იანისს ნორმალური მწვრთნელი ჰყავს და მასთან ერთად პარკეტზე 4 მოთამაშეა, რომელმაც სროლა იცის, იანისს შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოუგოს. იანისის მილუოკიმ სეზონი კარგად დაიწყო, იანისი კი ისე თამაშობს, რომ რთული დასაჯერებელია, რომ ის ადამიანია, რაღაც სხვა პლანეტიდან ჩამოსულს უფრო ჰგავს.

Loser - პოლ პოგბა

მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ეს 2018 წელს პოლ პოგბას ცხოვრებაში ერთადერთი კარგი ამბავი გახლდათ. პოგბა ინგლისში პრემიერლიგის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მთელი წლის მანძილზე ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. სეზონის ბოლოს მოურინიომ პოგბა სათადარიგო სკამზეც კი დასვა და ვერავინ იტყვის, რომ პოგბას გარეშე ისედაც საშინლად მოთამაშე იუნაიტედი კიდევ უფრო უარესი გახდა.

ცუდი თამაშის გარდა, პოგბა მთელი წელი მოურინიოსთან ომობდა. მოურინიოზე ზემოთ უკვე დავწერეთ, თუმცა პოგბასთან კონფლიქტი ალბათ ერთადერთია, რომელშიც პორტუგალიელი მართალი იყო. პოგბას ვარსკვლავური სენი სჭირს - ცოტას დარბის, ცოტას იბრძვის და ხშირად თითქოს თამაში ეზარება. მისი ძირითადი აქტივობა სოციალურ ქსელებს და ვარცხნილობის შეცვლას უკავშირდება. მოურინიო გუნდიდან წავიდა და პოგბას თავის გასამართლებელი აღარ აქვს - 2019 წლისთვის ის უნდა ჩამოყალიბდეს, მას უნდა ვარსკვლავი ინსტაგრამში იყოს, თუ მწვანე მინდორზე.


კომენტარები

ბოლო ამბები