Thumbnail

სათხილამურო სპორტი საერთაშორისო და შიდა ტურნირების მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სათხილამურო სპორტი განსაკუთრებული სეზონის მოლოდინში
  • სამზადისი 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის მესვეურებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც 2019 წლის ზამთრის სეზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, წლევანდელი სათხილამურო სეზონი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა როგორც მოთხილამურეებისთვის, ასევე სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებისთვის. 2019 წლის მარტში, გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებას და ევროპის თასის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფრისტაილსა და სნოუბორდში. აღნიშნული შეჯიბრებები სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს, ორ დისციპლინაში გაიმართება საქართველოში.  

სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ეკა გაბაშვილი

“2018-2019 წლების სეზონზე არაერთ შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებას უნდა გავუწიოთ ორგანიზება, რაც ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. ევროპის თასების ეტაპები, შიდა ჩემპიონატი თავისუფალ სრიალში და სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება, რომელიც 4 ეტაპად ჩატარდება. ამ ტურნირებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებისთვის არის მნიშვნელოვანი. 2023 წელს საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, ეს ყველა ღონისძიება ამ ტურნირის ერთგვარი სამზადისია.

სათხილამურო ფედერაცია ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან, რათა ამ პროცესში ჩაერთონ მოხალისეები. სტუდენტების ჩართულობა სოციალურ პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა დავაანონსო, რომ 20 იანვარს, 39 ქვეყანასთან ერთად, საქართველოში აღვნიშნავთ მსოფლიო თოვლის დღეს. ღონისძიების მიზანია თოვლის პოპულარობა ბავშვებში და შესაბამისი, გასართობი ღონისძიებები გაიმართება გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძის უღელტეხილზე. ასე რომ, წინ საინტერესო შეჯიბრებები და ღონისძიებები გველოდება” - განაცხადა სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკა გაბაშვილმა.  

აქვე აღვნიშნოთ, რომ 2018-2019 წლების ზამთრის სეზონისთვის საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციამ ზაფხულიდან დაიწყო მზადება. საქართველოს ნაკრები ზაფხულსა და შემოდგომაზე ავსტრიის ცნობილ კურორტზე, ჰინტერტუქსში ემზადებოდა. ნოემბერ-დეკემბერში ქართველი სპორტსმენები ევროპაში იმყოფებოდნენ და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარმატებულად იასპარეზეს და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.

რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ ტურნირებს, საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპებზე მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრები გუნდები, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები. საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი 21-22 დეკემბერს მესტიაში გაიმართა. გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში გადანაწილდნენ: ბავშვები  I (2005-2006-წლიანები), ბავშვები II (2003-2004), მოზრდილები და იუნიორები (2002 და უფროსი ასაკის მოთხილამურეები).

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესკონფერენცია
ფოტო: popsport.com

 

კომენტარები

ბოლო ამბები