Thumbnail
  • ქართველი ცენტრის გუნდმა შინ ვაშინგტონ უიზარდსი დაამარცხა
  • ნოვიცკი NBA-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეოთხეა

ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას გუნდმა დეტროიტ პისტონსმა (16-16) გამარჯვება იზეიმა. ქართველი ცენტრის გუნდმა საკუთარ მოედანზე ვაშინგტონ უიზარდსი (13-22) მიიღო და მეტოქეს 106:95 სძლია.

ზაზამ დეტროიტში 30-ე მატჩი ჩაატარა

მასპინძლებმა პირველი ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში დათმეს, მატჩის ბედის თავის სასიკეთოდ გადაწყვეტა კი მესამე მეოთხედში მოახერხეს, რომელიც 14 ქულიანი უპირატესობით მოიგეს (31:17).

ფაჩულია სათადარიგო იყო, მოედანზე გატარებულ 12:42 წუთში კი 5 ქულა, ამდენივე მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ ორივე 2-ქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო და ერთიც პერიმეტრიდან ტყორცნა, მაგრამ არაზუსტად. ქართველი ცენტრი 3-ჯერ დაჯარიმდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დეტროიტის ფორვარდი ბლეიკ გრიფინი გახდა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა მასპინძელთა მთავარი ცენტრი ანდრე დრამონდი, რომლის ანგარიშზე 16 ქულა და 11 მოხსნაა. ვაშინგტონში 21-21 ქულა ჰქონდათ ჯონ უოლსა და ბრედლი ბილს.

დეტროიტ პისტონსს 16 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიცია უკავია. ფაჩულიას გუნდს მომდევნო მატჩი 29 დეკემბერს, სტუმრად ინდიანა პეისერსთან უწევს.

დირკ ნოვიცკის მორიგი მიღწევა

ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი დალასს მავერიკსში დირკ ნოვიცკი კი NBA-ს ისტორიის წერას აგრძელებს. ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა კარიერის 1477-ე შეხვედრა ჩაატარა და ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

ნოვიცკიმ დალასისა და ნიუ ორლეანის დაპირისპირებაში ითამაშა, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 122:119 მოიგეს. გერმანელი ფორვარდი მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:59 წუთით ადრე გამოჩნდა და ჩატარებული მატჩების რაოდენობით NBA-ს რეკორდსმენთა სიაში კარლ მელოუნს გადაასწრო.

დირკზე მეტი შეხვედრა ჩატარებული მხოლოდ ჯონ სტოქტონს (1504), კარიმ აბდულ-ჯაბარსა (1560) და რობერტ პერიშს (1611) აქვთ.

დირკ ნოვიცკი NBA-ს ისტორიაში მერვეა თამაშიდან ზუსტი სროლების რაოდენობით. მანამდე კალათბურთელმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონია ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები