Thumbnail
  • წლის ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა
  • წარმატებული წელი ქართული ფეხბურთისთვის
  • წლის საუკეთესო გუნდი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებია
  • წლის საუკეთესო მენეჯერი სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია

რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2018 წელს თურქმენეთში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და შვიდი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძემ თურქმენეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

"დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მარტო ჩემი, ყველა იმ ადამიანის წარმატებაა, ვინც გვერდში მედგა მთელი წლის განმავლობაში. მინდა, რომ 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს ქართველი სპორტსმენებისთვის და ქართული სპორტისთვის" - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ 2018 წლის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძე სპორტის სამინისტროს ვერსიით წლის საუკეთესო ქარტველი სპორტსმენია
ფოტოები: POPSPORT.COM

ლაშა ტალახაძის კონკურენტები იყვნენ: გენო პეტრიაშვილი (ჭიდაობა), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი). აქვე აღვნიშნოთ, რომ 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე დაასახელეს, რომელიც საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს უდგას სათავეში და ბუნებრივია, რომ ლაშა ტალახაძის წარმატებებში მისი როლი დიდია.

ღონისძიებაზე ქართველი სპორტსმენები და სპორტის სამყაროში მოღვაწე პირები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. 2018 წლის საუკეთესო მენეჯერად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დასახელდა. წლის საუკეთესო გუნდის ტიტული საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა. შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის წელი წარმატებულად შეფასდა.

ლევან კობიაშვილი თბილისის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა
ფოტოები: POPSPORT.COM

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი გახდა, რომელიც სამბოში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნინო პირველი ქართველი ქალია, რომელიც ჭიდაობის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი რევაზ დავითაძეა, რომელმაც ძალოსნობაში არაერთ დიდ წარმატებას მიაღწიას: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია უფროსებს შორის, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.

ირმა ხეცურიანი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა
ფოტოები: POPSPORT.COM

წლის სააუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ირმა ხეცურიანი გახდა, რომელიც მსოფლიო თასის 5-გზის მფლობელია ხმლით ფარიკაობაში. წლის საუკეთესო კაცი პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური გახდა, მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 2-გზის გამარჯვებული პარაძიუდოში. წლის აღიარება ქართულ ჭიდაობას ერგო, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.  

კომენტარები

ბოლო ამბები