Thumbnail

‘ხუთი წლით უკან დაბრუნება რომ შემეძლოს’ - რას აპირებს ოქრიაშვილი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • თორნიკეს პირველი ვრცელი ინტერვიუ კრასნოდართან დამშვიდობების შემდეგ 
  • უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად მალდივებზე ისვენებს
  • 26 წლის ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი კლუბი სულ მალე გამოუჩნდება
  • ნახევარმცველმა მის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ამბებზეც ისაუბრა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსულმა კრასნოდარმა ხელშეკრულება გაუწყვიტა და ამჟამად უკლუბოდაა, ოჯახთან ერთად მალდივის კუნძულებზე ისვენებს. 26 წლის ქართველ ფეხბურთელთან sports.ru-მ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც თორნიკემ თავის მომავალზე, ასევე მის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ისტორიებზე ისაუბრა. 

ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ.

მალდივებზე ისვენებთ, როგორ მიდის საქმე?

ოქრიაშვილი: 9 საათზე გავიღვიძე და უმალ აუზში ჩავხტი. აქ არარეალურად ცხელა, ოთახში კი ბავშები არიან (ოქრიაშვილს ორი, 3 და 6 წლის ვაჟი ჰყავს) და ღამით კონდიციონერს ვერ ვრთავთ. დღისით ბანანზე ვისხედით, ორჯერ გადავბრუნდით. სიმართლე გითხრათ, მალდივებზე განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებ. შეგიძლია მხოლოდ გაირუჯო, ითამაშო ჩოგბურთი ან ფეხბურთი. ერთ საათში 7X7 თამაშს ვაპირებთ - ადგილობრივი ყოფილი ფეხბურთელების გუნდთან.

მალდივებზე პირველად ვარ, ოჯახთან და ბავშვებთან ერთად კი აქ ძალიან კარგია. მსგავსი სილამაზე არსად მინახავს. საერთოდ, შვებულების გატარება დიდ ქალაქებში უფრო მიყვარს, მაგალითად, ბარსელონაში. მალდივებზე კიდევ ოთხ დღეს გავჩერდები, საქართველოში დაბრუნება კი მალე მინდა.

ოქრიაშვილი შვებულებას მალდივებზე ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ატარებს

კრასნოდარი დატოვეთ და თავისუფალი აგენტი ხართ. რას აპირებთ შვებულების დასრულების შემდეგ?

ოქრიაშვილი: ახლა უცნაური შეგრძნება მაქვს: კარიერაში პირველად დავრჩი კლუბის გარეშე და ველოდები წინადადებებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შვებულების შემდეგ რაღაც გაირკვევა, იანვრის დღესასწაულების შემდეგ კი ახალ გუნდთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები.

როდესაც საქართველოში ჩავალ, ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ყოველდღე მინი-ფეხბურთს ვითამაშებ.

მინი? იქ ხომ მტკივნეულია "მაკრატელას" შესრულება?

ოქრიაშვილი: არა-არა. არც ასეთი ფანტაზიორი ვარ! აი, ხომ ხედავთ, როგორი ასოციაცია გაგიჩნდათ. ამიტომ მინდა რუსეთში დარჩენა, რომ ყველას ვუჩვენო, არამხოლოდ "მაკრატელას" გატანა, ფეხბურთის თამაშიც შემიძლია. ბევრი ტრავმა მქონდა, შესაძლებლობები ვერ ვაჩვენე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი შემიძლია. უბრალოდ, პრაქტიკა მჭირდება.

გავრცელდა ისტორია, რომ ზაფხულში შეკრებაზე, თანაგუნდელებთან ერთად, ღამით სადღაც გაიპარეთ, დილით კი უარი თქვით სამედიცინო შემოწმების გავლაზე და ეს ფაქტი კრასნოდართან განშორების მიზეზი გახდა.

ოქრიაშვილი: სისულელეა. ჰა-ჰა! მეგობარო, კრასნოდარში ასეთი რამ გამორიცხულია. ასეთი რამ არცერთ ნორმალურ კლუბში მოხდება. ჯერ ერთი, შეკრებაზე ყველაზე მოთამაშე თვალთახედვის არეშია, მეორეც, ამისთვის უზარმაზარი ჯარიმაა. ის კლუბში ყველას განსხვავებული ჰქონდა, მე კი კონტრაქტის თანახმად, 10 ათასი ევროთი დამაჯარიმებდნენ. როგორ გგონიათ, ასე გავრისკავდი? მესამეც, პროფესიონალი ფეხბურთელები ასე არ იქცევიან. მეც წავიკითხე ეგ ისტორია, ვნახე კომენტარებიც, 150-იდან 130-ში ეწერა, რომ ეს ტყუილია და ასეთი რამ შეუძლებელია. ძალიან მესიამოვნა, რომ ადამიანები ამას არ აყვნენ.

თორნიკემ გენტში ორი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც ბელგიას დაემშვიდობა

მსგავსი ისტორია გენკში გქონდათ, როდესაც სახლის გზას ვერ აგნებდით.

ოქრიაშვილი: დიახ და ძალიან მრცხვენია იმ ისტორიის გამო. არ გვინდა ამის გახსენება. უკვე დიდი ხანია, გავიზარდე, ის ისტორია კი შორეულ წარსულში დარჩა.

კარგი, თქვენ გაიზარდეთ, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები კი ჯერ არა. რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ დაავიწყდეთ, სად ცხოვრობენ?

ოქრიაშვილი: ერთი რამ უნდა გაიაზრო, რომ თუკი თავად არ მოისურვებ ყველაფრის სწორად გაკეთებას და დროსტარებაზე უარის თქმას, ვერავინ დაგეხმარება. მხოლოდ შენ შეგიძლია ამ ყველაფრისგან თავი დაიცვა.

საუკეთესო რჩევაა: ვარჯიშის დასრულების შემდეგ უმალ გასახდელში გაქცევა არ შეიძლება. უნდა დარჩე, ბოლომდე დაიხარჯო და ისე დაიღალო, რომ სხვა აღარაფერი გსურდეს.

უწინ მეგონა, რომ საათანახევრიანი ვარჯიში საკმარისი იყო, მე კი ყველაფერი შემეძლო. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. რაღაცას რომ მიაღწიო, ორჯერ უფრო მეტი უნდა იშრომო. ხუთი წლით უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ყველაფერი არ დამიკარგავს. უფრო ზუსტად, ყველაფერი წინაა. და თუ მაინც გსურთ მსგავსი ისტორია, იმაზე გიამბობთ, როგორ ვიჩხუბე ბელგიაში.

თორნიკე და ანელე ჩხუბის შემდეგ ბოდიში მოიხადეს და შერიგდნენ

ვიღაც კაბოვერდელ ბიჭთან?

ოქრიაშვილი: დიახ. გუნდში ორი კვირის მისული ვიყავი. თამაშის შემდეგ სასეირნოდ გავედით. როდესაც ბრუნდებოდით, კაბოვერდელმა მოთამაშემ ანელე ნკგონგამ, რომელიც ნასვამი იყო, შეურცხყოფა მომაყენა. არ მესმოდა, რას ამბობდა, მაგრამ რაღაც "ფაქ იუს" მსგავსი მითხრა. მივუბრუნდი და ინგლისურად ვუთხარი: "მომისმინე, არ გინდა ასე. ორი კვირაა, ერთმანეთს ვიცნობთ. თუ შენთვის ასეთი ხუმრობა მისაღებია, ჩემთვის - არა". გავაგრძელეთ გზა, მან კი ისევ რაღაც მითხრა და მიიღო კიდეც. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის შესახებ არავინ გაიგებდა, დილით ბაზაზე მისულს კი ყველა საქმის კურსში დამხვდა, ყველასთვის მოუყოლია ამბავი. ორივე 10 ათასი ევროთი დაგვაჯარიმეს.

პირდაპირ ყბაში მოსდეთ?

ოქრიაშვილი: არა, რა ყბაში, მხოლოდ მსუბუქად გავარტყი. რუსეთსა და საქართველოში კი წერდნენ, რომ მას რასისტული შეუარცხყოფა მივაყენე, მაგრამ ეს გამორიცხულია! მსგავსი რამ ჩემგან წარმოუდგენელია, უამრავი მეგობარი მყავს აფრიკიდან, მთელი მსოფლიოდან. ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ჩხუბის შემდეგ უმალ თამაში გენტთან გვქონდა - დერბი. ანგარიში 2:2 იყო და 85-ე წუთზე პასი ანელემ მომცა და გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ მოვეხვიეთ ერთმანეთს, შევრიგდით და დავმეგობრდით. მასთან ურთიერთობა და კავშირი აქამდე მაქვს.

არის კიდევ ისტორია, რომ გადაადგილდებოდით "მერსედესით", რომელსაც ბენზინი გასდიოდა...

ოქრიაშვილი: ღმერთო ჩემო, რა? გეფიცებით, ამის შესახებ პირველად მესმის. ავტომობილთან დაკავშირებით მხოლოდ ის იყო, რომ 180 კმ/სთ სიჩქარით გავიარე იქ, სადაც 50 კმ/სთ იყო დასაშვები. ტრასა ნორმალური იყო, უბრალოდ, იმ მონაკვეთზე დასახლება ყოფილა. სასამართლო გაიმართა, მართვის მოწმობის ჩამორთმევა სურდათ, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და ვთქვი, რომ ვერ შევნიშნე. სიბნელეში მართლა ვერ დავინახე. საქართველოში საგზაო ნიშნები საერთოდ არ გვაქვს. 

ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ უკლუბოდ დიდხანს არ დარჩება

რას ნიშნავს არწივი, რომელიც მკერდზე დახატული გაქვთ?

ოქრიაშვილი: რომელი არწივი? ეს ბუა! უბრალოდ, მომწონს ეს ფრინველი და გეხვეწებით, ნუ მომთხოვთ მისი მნიშვნელობის ახსნას.

შეკითხვა "მაკრატელას" ექსპერტთან: რონალდოს გოლი იუვენტუსთან თუ ბეილისა ლივერპულთან?

ოქრიაშვილი: მგონია, რომ ბეილის, რადგან რონალდოს დარტყმის მომზადებისთვის დრო ჰქონდა. ბეილი უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მან გადაწყვეტილება წამის მეასედში მიიღო და არარეალურად მოარტყა. ბეილის გოლს ხუთი მცდელობიდანაც კი ვერ გავიმეორებდი, რონალდოსას - ნამდვილად. 

კომენტარები

ბოლო ამბები