Thumbnail
  • ფრანგმა მუნდიალზე მიღებული საპრიზო თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა
  • იუვეს ნახევარმცველი გაჭირვებულ ოჯახებს 330 ათასი დოლარით დაეხმარა
  • მატუიდი ამბობს, რომ ბავშვების სახეზე ღიმილის დანახვა აბედნიერებს

ტურინის იუვენტუსისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ ქველმოქმედებისთვის დიდი თანხის გაღება არ დაინანა. გასულ ზაფხულს საფრანგეთის ეროვნული გუნდი რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა, რაშიც თავისი წვლილი მატუიდიმაც შეიტანა. 

მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ, 23 ფეხბურთელისგან შემდგარმა საფრანგეთის ნაკრებმა  საპრიზო თანხა 38 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც თითოეულს ფეხბბურთელს 330 ათასი დოლარი ერგებოდა.

როგორც ირკვევა, 31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ეს თანხა მის მიერვე დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას The Tremplins Blaise Matuidi-ს გადაურიცხა, რომელიც ბავშვებსა და გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება.

"ყველა თავისუფალია ქველმოქმედებისა და მისი გამჟღავნების საკითხში, მაგრამ გეტყვით, რომ დიახ, მე თანხა საკუთარ ასოციაციას გადავეცი. მბაპე მართალია, როდესაც ამბობს, რომ ფეხბურთელები ისედაც ძალიან დიდ თანხებს გამოვიმუშავებთ და ჩვენთვის ეს გასამრჯელო უმნიშვნელოა, მაგრამ სამაგიეროდ, ის დიდ საქმეს გაუკეთებს მათ, ვისაც უჭირს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სიკეთე გულიდან მოდის და ამას მართლა იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვანაღვლებს ეს საკითხი. როდესაც ბავშვის სახეზე ღიმილს ვხედავ, ბედნიერი ვარ", - აქვეყნებს მატუიდის ნათქვამს Football Italia.

კილიან მბაპე და ბლეზ მატუიდი საფრანგეთის ნაკრებში 

ბლეზ მატუიდი საფრანგეთის ნაკრებიდან პირველი არაა, ვინც მუნდიალზე გამომუშავებული საპრიზო თანხა ქველმოქმედებას მოახმარა. პსჟ-ის ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ჯერ კიდევ ტურნირის მიმდინარეობის დროს გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვის სანაცვლოდ ის ფულს არ აიღებდა და გამომუშავებულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარდა.

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას ანგარიშით 4:2 მოუგო და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები