Thumbnail
  • ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი 127:101 დაამარცხა
  • ლებრონ ჯეიმსმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო
  • ჯეიმს ჰარდენის 41 ქულა, კაირი ირვინგის 40

გოლდენ სტეიტისა და ლეიკერსის დუელს მთელი საკალათბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა, რადგან ლებრონ ჯეიმსისა და უორიორსის დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ ამბავმა, რომელიც მესამე მეოთხედში მოხდა, მთლიანად თამაში და მისი შედეგი გადაფარა.

ლებრონმა ორთაბრძოლის შემდეგ საზარდული იტკინა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო! მიუხედავად ამისა, ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი მაინც დაამარცხა და თანაც, საკმაოდ სოლიდური ანგარიშით - 127:101! აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 65:50 იყო - ანუ, გადამწყვეტი უპირატესობა ლოს ანჯელესელებმა ლებრონთან ერთად მოიპოვეს.

ტრავმის მიღებამდე, 14-გზის ოლსტარმა ჯეიმსმა ორმაგი დუბლის შესრულება მოასწრო - 17 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ანდრე იგუდალა გახდა, რომლის ანგარიშზე 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასია. კევინ დურანტმა 21 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, სტეფ კარიმ - 15 ქულა და 5 პასი. ლეიკერსიდან კარგი იყო კაელ კუზმა, რომელმაც 19 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ლეიკერსი (20-14) დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, უორიორსი (23-12) კი - მეორეზე.

“ტრავმებს იშვიათად ვიღებ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. ჩვენ ბრწყინვალე სამედიცინო შტაბი გვაქვს და ყველაფერი მაქსიმალურად კარგად იქნება,” - თქვა მატჩის შემდეგ ლებრონმა. საკალათბურთო სამყარო ახლა ზუსტი დიაგნოზის მოლოდინშია. ლებრონს დეტალურ გამოკვლევას დღეს ჩაუტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად მძიმეა მისი საზარდულის ტრავმა.

ჯეიმს ჰარდენის 41

ჰიუსტონმა ოკლაჰომა 113:109 დაამარცხა - როკეტსისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება, ხოლო სითი თანდერისთვის კი ზედიზედ მეორე მარცხია. ჯეიმს ჰარდენი კვლავ საუკეთესო იყო - მან 41 ქულა ჩააგდო (7 პასი, 6 მოხსნა)! პოლ ჯორჯმა ორმაგი დუბლი მიითვალა (28 ქულა, 14 მოხსნა), რასელ ვესტბრუკს კი სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (21 ქულა, 9 პასი, 9 მოხსნა). ოკლაჰომა დასავლეთში მესამეა, ჰიუსტონი - მეშვიდე.

კაირი ირვინგის 40

ბოსტონისა და ფილადელფიას მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო და საბოლოოდ, სელტიკსმა სიქსერსი 121:114 დაამარცხა. მატჩის გმირი ბოსტონელთა ვარსკვლავი კაირი ირვინგია, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო და 10 მოხსნაც ჰქონდა, რაც ორმაგ დუბლს ნიშნავს. აღსანიშნავია ფილადელფიას ცენტრის, ჯოელ ემბიიდის ძალიან კარგი თამაშიც - 34 ქულა, 16 მოხსნა. სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, სიქსერსი - მეოთხეზე.

კომენტარები

ბოლო ამბები