Thumbnail
  • 2019 წლის სპორტული კალენდარი ქართველი გულშემატკივრისთვის
  • მსოფლიოს თასი, ევრო 2020-ისა და ევრობასკეტის შესარჩევი ციკლები
  • ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, რასაც 2019 წელს ველოდებით

რამდენად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის ჩავლილი 2018 წელი, ამის შესახებ შეჯამაბელ სტატიაში წაიკითხავთ, აქ კი ახალი, 2019 წლის სპორტულ კალენდარს წარმოგიდგენთ და იმ მნიშვნელოვან მოვლენებს დავაანონსებთ, რომელთა მიმართ ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებული მოლოდინი ექნება.

წინ რაგბის მსოფლიო თასი, ევრო 2020-ისა და ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევი ციკლები, ევროპული თამაშები და სხვადასხვა სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები გველის, სადაც ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლის იმედი გვაქვს. ამ ყველაფერთან ერთად, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.  

ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა 2019 წელს ფიფას რეიტინგში 89-ე ადგილზე აღზევებული ხვდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის 2018 განსაკუთრებულად წარმატებული იყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა უეფას ახალ ტურნირში - ერთა ლიგაში, D დივიზიონის ჯგუფი მოიგო და ევრო 2020-ის საგზურისთვის პლეი ოფში ბრძოლა გაინაღდა. მანამდე კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შესარჩევ ციკლში შეეცდება, სადაც მეტოქეებად შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრლატარი ჰყავს. ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო მოიპოვებს.

მეტი ამ თემაზე: რამდენად რთულია ჯგუფი? როგორი ბალანსი გვაქვს ამ გუნდებთან?

ვაისის გუნდი ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში გამოსვლას 23 მარტს, შვეიცარიის ნაკრებთან თბილისური მატჩით დაიწყებს და ამავე მეტოქესთან 15 ნოემბერს სტუმრად ჩატარებული შეხვედრით დაასრულებს.

ევრო 2020. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი

23/03/19 საქართველო - შვეიცარია
27/03/19 ირლანდია - საქართველო

07/06/19 საქართველო - გიბრალტარი
10/06/19 დანია - საქართველო

08/09/19 საქართველო - დანია

12/10/19 საქართველო - ირლანდია
15/10/19 გიბრალტარი - საქართველო

15/11/19 შვეიცარია - საქართველო

ვაისის გუნდმა 2018 წელს ჯამში 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც დათმო.

ცნობისთვის, შესარჩევ ციკლში წარუმატებლობის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ევროპირველობაზე მოხვედრის შანსი უკვე 2020 წელს, უეფას ერთა ლიგის პლეი ოფიდან ექნება, სადაც ½-ფინალში მეტოქედ, დიდი ალბათობით, ბელარუსი ეყოლება.

ეროვნული ლიგა, ევროთასები

საბურთალომ საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა

ევროტურნირებზე კვლავაც ოთხი საუკეთესო ქართული კლუბი წარსდგება. საქართველოს ჩემპიონი საბურთალო, პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა კი - ევროპალიგის საკვალიფიკაციოზე.

იქამდე კი, მარტში, სტარტს საქართველოს 10-გუნდიანი ეროვნული ლიგა აიღებს, რომელშიც ეროვნული ლიგა 2-იდან აღზევებული ბათუმის დინამო და ვიტ ჯორჯიაც გამოვლენ.

რაგბი

ბორჯღალოსნები

მილტონ ჰეიგის გუნდი 2019 წელს მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-13 ადგილზე ხვდება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წელიწადია -  "ბორჯღალოსნები" ისტორიაში მეხუთედ იასპარეზებენ მსოფლიოს თასზე. იაპონიაში გასამართი ტურნირის D ჯგუფში მილტონ ჰეიგის გუნდის მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე, 2003 წლიდან მოყოლებული, მუდმივად გამოდიან. ჯამში ოთხ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩი მოიგო და 12 დათმო.

იაპონიაში ტურნირი, სადაც პლანეტის 20 საუკეთესო ნაკრები წარსდგება, 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში გამოსვლას ქალაქ ტოიოტაში, უელსთან დაპირისპირებით დაიწყებს და შიზუოკაში, ავსტრალიასთან შეხვედრით დაასრულებს. "ვებ ელისის თასისთვის" ბრძოლას პლეი ოფში ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გააგრძელებს.

მსოფლიოს თასი 2019. D ჯგუფი

21/09/2019 საქართველო - უელსი
29/09/2019  საქართველო - ურუგვაი
03/10/2019 საქართველო - ფიჯი
11/10/2019 საქართველო - ავსტრალია

ცნობილია, რომ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის წინ შოტლანდიასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ - 24 აგვისტოს შინ, 7 სექტემბერს კი სტუმრად.  

წელიწადს კი საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატით დაიწყებს. "ბორჯღალოსნები" ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირში, სადაც მათთან ერთად რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია და გერმანიაც გამოვლენ, თებერვლიდან ჩაებმებიან, ორ მატჩს შინ (თბილისში - ესპანეთთან, ქუთაისში - გერმანიასთან) ჩაატარებენ და სამს - გასვლაზე.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ერთა თასის) 10-გზის გამარჯვებულია

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

09/02/2019 რუმინეთი - საქართველო 
16/02/2019 საქართველო - ესპანეთი
02/03/2019 ბელგია - საქართველო
09/03/2019 საქართველო - გერმანია
17/03/2-019 რუსეთი - საქართველო

მეტი ამ თემაზე: რაგბი ევროპა 2019 | ვიწყებთ რუმინეთში, ვასრულებთ რუსეთში

უმცროსი ბორჯღალოსნები

უმცროსი ბორჯღალოსნები ელიტაში ზედიზედ მეოთხედ გამოვლენ

ეროვნული ნაკრების მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნებიც" იასპარეზებენ, რომლებიც არგენტინაში 4-ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გასამართ ტურნირში გამოვლენ. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის თანატოლთა გუნდები ჰყავს.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი

04/06/2019 საქართველო - ახ.ზელანდია
08/06/2019 საქართველო - სამხრ.აფრიკა
12/06/2019 საქართველო - შოტლანდია

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ზედიზედ მეოთხედ გამოდიან, საუკეთესო მიღწევა კი ილია მაისურაძის შეგირდებს 2018 წელს ჰქონდათ - საფრანგეთში გამართულ ტურნირში ირლანდიას, იაპონიასა და შოტლანდიას სძლიეს და 12 გუნდს შორის მე-9 ადგილი დაიკავეს.

კალათბურთი

დიდი ალბათობით, 2019 წელს გოგა ბითაძე მეექვსე ქართველი გახდება, ვისაც NBA-ს დრაფტზე აირჩევენ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ციკლში გამოსვლას თებერვლის ბოლოს დაასრულებს.

ფიბას 2019 წლის მსოფლიოს თასი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირში პირველად ისტორიაში პლანეტის საუკეთესო 32 ნაკრები იასპარეზებს.

ილიას ზუროსის გუნდი L ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საამისოდ ქართველმა კალათბურთელებმა 21 თებერვალს სტუმრად საბერძნეთს უნდა აჯობონ, სამი დღის შემდეგ კი თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთს მოუგონ. მაგრამ საქართველოს ნაკრები მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე არ არის დამოკიდებული. დარჩენილ ორივე მატჩში უნდა დამარცხდეს სერბეთის ნაკრები, რომელსაც სათამაშო სტუმრად ესტონეთთან (21 თებერვალს) და შინ ისრაელთან (24 თებერვალს) აქვს.

წლის ბოლოს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. წილისყრის შემდეგ პირველი მატჩები უკვე 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. 

ჩოგბურთი

2018 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე ნიკამ დიდი სლემის მერვედფინალში პირველად ითამაშა, სადაც ნადალთან დამარცხდა

გასული 2018 წელი კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენისთვის იყო ზეწარმატებული -  ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიისა და ჩინეთის ღია პირველობების მოგებით, ATP-ის რეიტინგში, თავის კარიერაში საუკეთესო, 21-ე პოზიციას მიაღწია და იმედია, 2019-შიც არანაკლები წარმატებით გააგრძელებს გამოსვლას.

26 წლის ქართველი  ჩოგბურთელი ახალ სეზონს დოჰაში დაიწყებს, სადაც 1-8 იანვარს ყატარის ღია პირველობა გაიმართება. დოჰაში მას გარანტირებული აქვს ძირითადი ბადე. ნიკა ყატარიდან სიდნეის საერთაშორისო ტურნირზე გადაინაცვლებს, რომელიც სტარტს 7 იანვარს აიღებს. წლის პირველი დიდი სლემი კი - ავსტრალიის ღია პირველობა, 15 იანვრიდან დაიწყება. მელბურნში ბასილაშვილი, თუ არაფერი შეიცვალა, 22-ე ნომრად იქნება განთესილი. 

რაც შეეხება დიდი სლემის დანარჩენ ტურნირებს, 26 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით როლან გაროსი გაიმართება, 1-14 ივლისს - უიმბლდონი, 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით კი - აშშ-ის ღია პირველობა.

2019 წელს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მეორე ევრო-აფრიკულ ზონაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ქალთა ნაკრები კი ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.

 ძიუდო

რეიტინგის ლიდერს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა ტოკიოში მოუწევს

ისევე, როგორც სხვა სახეობების წარმომადგენლებისთვის, 2019 ქართველი ძიუდოისტებისთვისაც ოლიმპიადის სალიცენზიო წელიწადია და ტურნირებში მოპოვებულ ქულებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

IJF-ის კალენდარში წლის პირველი ტურნირი თელ ავივის გრან პრია, რომელიც 24-26 იანვარს გაიმართება, ბოლო კი -  შენჟენის მასტერსი, რომელიც 13-15 დეკემბერს ჩატარდება. 

2019 წლის მთავარ ტურნირს - მსოფლიოს ჩემპიონატს, 25-31 აგვისტოს ტოკიო უმასპინძლებს, სადაც მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მოქმედი ჩემპიონის რანგში წარსდგება. 

ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი 2019 წელს ევროპული თამაშების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ისტორიაში მეორედ ჩატარდება და მას ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 21-30 ივნისს მიიღებს. ევროპულ თამაშებში მედლებისთვის სპორტის 15 სახეობაში 50 ქვეყნის სპორტსმენები იბრძოლებენ.  

მანამდე კი, 29-31 მარტს, ქართველი ძიუდოისტები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წარსდგებიან - თბილისი გრან პრიზე.

ჭიდაობა 

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებას ეცდება

2019 წელს ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც, რომლებსაც თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატი ელით, რომელიც ბუქარესტში 8-14 აპრილს ჩატარდება. 

მოგვიანებით ქართველი ფალავნები მინსკში ევროპულ თამაშებში (25-30 ივნისი) გამოვლენ, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი კი ასტანაში 14-22 სექტმებერს დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც მოქმედი ჩემპიონის რანგში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) ჩავა.

8-11 აგვისტოს თბილისი ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას მემორიალს უმასპინძლებს.

სუმო 

იმედია, ტოჩინოშინი საქართველოს დროშას იაპონიაში კიდევ ბევრჯერ ააფრიალებს

ლევან გორგაძემ 2018 წელს იმპერატორის თასი მოიგო, ოძეკი გახდა და შედეგად, საქართველოში სპორტის ეს სახეობა ზეპოპულარული გახადა. ბუნებრივია, გულშემატკივარი ტოჩინოშინისგან 2019 წელსაც წარმატებებს ელის, ქართველ სუმოისტს კი პირველი გამოცდის ჩაბარება იანვრის ბაშოზე მოუწევს, რომელიც ტოკიოში 13-27 იანვარს გაიმართება. 

იაპონიის დედაქალაქში ასევე გაიმართება მაისისა (12-26) და სექტემბრის (8-22) ბაშოები, სუპერტურნირს 10-24 მარტს ოსაკა მასპინძლობს, 7-21 ივლისს - ნაგოია, ხოლო 10-24 ნოემბერს - კიუშუ (ქალაქი ფუკუოკა).

იმისათვის, რომ ლევან გორგაძემ მინიმუმ ოძეკის რანგი შეინარჩუნოს, ზედიზედ ორ ბაშო უარყოფითი ბალანსით არ უნდა არ დაასრულოს. საუკეთესო შემთხვევაში კი ტოჩინოშინს უმაღლესი - იოკოძუნას რანგის მოპოვების შანსიც აქვს, რისი უმთავრესი პირობაც ზედიზედ სამ ბაშოზე ბრწყინვალედ ასპარეზობაა. 

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს, თეიმურაზ ჯუღელი მესამე დივიზიონიდან მეორეში აღზევდა და 2019 წელს მისი ამოცანა, მინიმუმ, ეშელონში ადგილის შენარჩუნება, მაქსიმუმ კი უმაღლესში გადასვლა იქნება.

სხვა სახეობები

ძალოსნობა

ლაშა ტალახაძე საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

ქართველი ძალოსნებისთვის, ლაშა ტალახაძის მეთაურობით, წლის პირველი დიდი ტურნირი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 6-13 აპრილს ბათუმში გაიმართება, მთავარ შეჯიბრებას - მსოფლიოს ჩემპიონატს კი 18-27 სექტმებერს ტაილანდის ქალაქი პატაია უმასპინძლებს, სადაც ტალახაძე შტანგას ზედიზედ მეოთხე ტიტულისა და ახალი რეკორდებისთვის შეეჭიდება. ქართველი ძალოსნები, გარდა მედლებისა და ტიტულებისა, 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვისაც იბრძვიან.

ნიჩბოსნობა

ზაზა ნადირაძე დისციპლინის შეცვლასა და 1000 მეტრ დისტანციაზე გადასვლას აპირებს

ევროპის ჩემპიონი კანოისტი (200 მეტრზე) ზაზა ნადირაძე ტიტულის შენარჩუნებას 21-30 ივნისს, მინსკში დაგეგმილი ევროპული თამაშების ფარგლებში უნდა შეეცადოს, 22-26 აგვისტოს კი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც უნგრეთის ქალაქ სეგედში ჩატარდება. ზაზამ დისციპლინა უნდა შეიცვალოს, რადგან 200 მეტრი დისტანცია ოლიმპიურ თამაშებში აღარაა.

სამბო

ვახტან ჩიდრაშვილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი, ბესარიონ ბერულავა, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე ტიტულის დასაცავად 8-10 ნოემბერს სეულში იასპარეზებენ. იქამდე კი ქართველი სამბისტების კალენდარში, ესპანეთის ქალაქ ხიხონში გასამართი ევროპის ჩემპიონატი (17-19 მაისი) და მინსკის ევროპული თამაშებია (22-23 ივნისი) ჩანიშნული.

კომენტარები

ბოლო ამბები