Thumbnail
  • 📅 26 დეკემბერი | ⌚ 23:30 | ⚽ ინტერი V ნაპოლი
  • მილანში მეორე და მესამეადგილოსნები ხვდებიან
  • სპალეტის მილანში ნაინგოლანი ვერ დაეხმარება

იტალიელები შუა კვირაში, შობის მეორე დღეს, სერია A-ს მე-18 ტურს ატარებენ, რომლის მთავარი დაპირისპირება "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება. მილანში ჩემპიონატის მესამე გუნდი ინტერი მეორეადგილოსან ნაპოლის მასპინძლობს და უნდა გაირკვეს, ამ ორიდან რომელი გააგრძელებს საჩემპიონო მარათონში იუვენტუსის დევნას.

სტატისტიკოსების ცნობით, ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 153-ჯერ დაუპირისპირდნენ. უკეთესი მაჩვენებელი კი მასპინძლებს აქვთ - 66 მოგება, ნეაპოლელებს 45-ჯერ გაუმარჯვიათ, კიდევ 37 შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა. გასულ სეზონში ინტერისა და ნაპოლის ორივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 

უდისციპლინობა სპალეტის გუნდში

იკარდის ანგარიშზე სერია A-ში ნაპოლის წინააღმდეგ ჩატარებულ 10 მატჩში 2-2 გოლი და საგოლე პასია

უკვე ორი მეორე სეზონია, რაც რომადან წამოსული ლუჩანო სპალეტი ინტერს თავკაცობს და ამ დროში მან არამხოლოდ ნაინგოლანი გადაიბირა ყოფილი კლუბიდან, მილანში ბრძოლისუნარიანი გუნდიც შეკრა, რომელიც სერია A-ში იუვენტუსისა და ნაპოლის შემდეგ, მესამეა. წელს "ნერაძურის" სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასულიყო, სადაც მეტოქეებად ბარსელონა, ტოტენჰემი და პსვ ჰყავდა. შედეგზე ცუდი ძნელად ითქმის იმის გათვალისწინებით, რომ ინტერს ამ ტურნირში უკვე 6 წელიწადი არ ეთამაშა…

მომავალი შეხვედრა კი სპალეტის გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ინტერი მეორე ადგილს 6 ქულით ჩამორჩება, პირველს - 14-ით. წაგების შემთხვევაში "ნერაძურიმ" ამ სეზონში არამხოლოდ სკუდეტოზე, ვიცე-ჩემპიონობაზე ფიქრიც უნდა შეწყვიტოს.

და სწორედ ამ დროს მწვრთნელს პრობლემები გუნდის ერთ-ერთ ლიდერ რაჯა ნაინგოლანთან აქვს, რომელიც კლუბმა უდისციპლინობის, ვარჯიშებზე სისტემატურად დაგვიანება-გამოუცხადებლობისა და კაზინოებში სიარულის გამო დასაჯა

რაჯა ნაინგოლანმა ლუჩანო სპალეტის იმედები გაუცრუა 

კარლო ანჩელოტის ხელი

მაურიციო სარის ხელმძღვანელობით ნაპოლი მთელი სეზონის მანძილზე დაუნდობელი ჩანდა ხოლმე, მაგრამ ბოლო მომენტში, როდესაც ყველა ელოდა, რომ იუვენტუსის ჰეგემონიას როგორღაც დაასრულებდა, ენერგია ეცლებოდა, იფიტებოდა და ჩემპიონატის გამარჯვებულებიც ისევ ტურინელები ხდებოდნენ.

ლორენცო ინსინიეს ანგარიშზე ინტერის წინააღმდეგ ჩატარებულ 10 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასია.

სარის ეპოქა დასრულდა, გუნდის საჭესთან კი კარლო ანჩელოტი დადგა, რომლის ხელშიც ნაპოლის თამაში უფრო პრაგმატული და ტაქტიკური გახდა. და თუკი თავიდან ისე ჩანდა, რომ "პაპა კარლოს" ახალ კლუბში არცთუ ყველაფერი გამოსდიოდა, პსჟ-სა და ლივერპულთან, ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ დღეს ნეაპოლელებს ბრძოლა ნებისმიერთან შეუძლიათ.

ნაპოლის ანგარიშზე ჩემპიონატში 13 მოგება, 2-2 ფრე და მარცხია და რომ არა იუვენტუსის არანორმალური თამაში, რომელმაც ქულები მხოლოდ ერთხელ დაკარგა, ანჩელოტის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერი იქნებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ისეა, რომ პირველი ადგილამდე 8 ქულა აშორებს და ამ ვითარებაში წაგებისა და ჩამორჩენის კიდევ უფრო გაზრდის ფუფუნება არ აქვს, თუკი იუვენტუსთან სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლას ამ სეზონშიც აპირებს.

ნაპოლის მზადება შობის წინა დღეს

მილანის ინტერი მატჩს ძირითადის ორი ფეხბურთელის დანაკლისით ხვდება - დისციპლინარული მიზეზით რაჯა ნაინგოლანი ვერ ითამაშებს, მირანდას კი ტრავმა აქვს. ნაპოლის "ჯუზეპე მეაცაზე" მცველი ვლად კირიკეში ვერ დაეხმარება. 

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანის ინტერმა სერია A-ში ნაპოლისთან ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო (2016 წელს), 5 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი ნაპოლიმ გაიმარჯვა.

⚽ ლუჩანო სპალეტის გუნდის ბოლო 4 მატჩში (ყველა ტურნირში) 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა. ასეთივე გამოდგა ნაპოლის ბოლო 3 შეხვედრა.  

⚽ მილანის ინტერი ნაპოლისთან მატჩს ჩემპიონატში ზედიზედ 6 საშინაო მოგებით ხვდება, რაც 2017 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე გრძელი წარმატებული სერიაა. 

⚽ ინტერის შეტევების უმეტესობას მაურო იკარდი ასრულებს. არგენტინელი კაპიტნის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია. უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლია.

⚽ მილანის ინტერის მონაწილეობით ჩემპიონატში გამართული 17 მატჩიდან 6-ში მინიმალური ანგარიშით მოგება დაფიქსირდა. 

⚽ მილანის ინტერს ჩემპიონატის ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, რაც 2010 წლის შემდეგ საუკეთესი შედეგია.

⚽ ნაპოლი ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გუნდის სახელს იუვენტუსთან იყოფს (34 გოლი), გაშვებული ბურთების სიმცირით კი მეორე-მესამე ადგილს სწორედ ინტერთან ინაწილებს (14).

⚽ ნაპოლის ჩემპიონატში ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში კი ანჩელოტის გუნდმა კარი მშრალად შეინახა.

⚽ მიმდინარე სეზონში ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირი არკადიუშ მილიკია (8 გოლი). პოლონელმა, რომელსაც თითო ბურთით ჩამორჩებიან მარტენსი და ინსინიე, სერია A-ს ბოლო 3 მატჩში 4-ჯერ შეაგდო.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ვრსკალკო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი, მარიუ - პოლიტანო, იკარდი, პერიშიჩი.

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, რუისი - მილიკი, ინსინიე.

კომენტარები

ბოლო ამბები