Thumbnail

ვინ გაწვრთნის სკუადრა აძურას? იტალიურმა მედიამ კანდიდატები დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიური მედია ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს ასახელებს.
  • სამიდან ერთი კანდიდატი - რობერტო მანჩინი არაფერს გამორიცხავს.
  • რას გადაწყვეტენ კარლო ანჩელოტი და ანტონიო კონტე, ჯერ ძნელი სათქმელია.
  • იტალიის ნაკრების ახალ თავკაცს წელიწადში 5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სამ კანდიდატს განიხილავს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

La Stampa-ს ცნობით, ვაკანტურ პოსტზე, რომელიც ჯამპიერო ვენტურას გაშვების შემდეგ გამოთავისუფლდა, პრეტენდენტები რობერტო მანჩინი, ანტონიო კონტე და კარლო ანჩელოტი არიან.

იტალიის ნაკრებს ბოლოს ჯამპიერო ვენტურა წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. "სკუადრა აძურა" შესარჩევი ციკლის პლეი ოფში შვედეთთან დამარცხდა.

► იტალია ყველაფერს ნულიდან დაიწყებს

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, წელიწადში კი 5 მლნ ევროს გადაუხდის.

კარლო ანჩელოტი უმუშევარია

მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ადრევე აღნიშნა, რომ კვლავაც საკლუბო დონეზე სურს მუშაობის გაგრძელება.

► ანჩელოტის მთელი იტალია ეხვეწება - რას იტყვის კარლო?

58 წლის ანჩელოტის იტალიაში რეჯანაში, პარმაში, იუვენტუსსა და მილანში, ქვეყნის გარეთ კი ჩელსიში, პსჟ-ში, რეალსა და ბაიერნში უმუშავია. ამჟამად უკლუბოდაა.

ანტონიო კონტეს საკლუბო ასპარეზი უფრო ხიბლავს

რაც შეეხება კონტეს, ლონდონის ჩელსის ამჟამინდელი მწვრთნელი არცთუ დიდი ხნის წინ, “სკუადრა აძურაში” მუშაობისას (2014-16 წლებში) წუწუნებდა, რომ ეროვნულ გუნდში მოთამაშეებთან საქმიანობისთვის დრო ცოტაა.

48 წლის მწვრთნელს ეროვნული ნაკრების გარდა, სამშობლოში სიენა, არეცო, ბარი, ატალანტა და იუვენტუსი გაუწვრთნია. 2016 წლიდან კი ლონდონის ჩელსის თავკაცია.

რობერტო მანჩინი არაფერს გამორიცხავს

რაც შეეხება მანჩინის, სანკტ-პეტერბურგის ზენიტის თავკაცი მზადაა, განიხილოს წინადადება, თუკი ასეთი შეთავაზება იქნება.

“იტალიის ნაკრები? ჯერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია ასარჩევი. არ გამოვრიცხავ, რომ ივნისში ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დამნიშნონ. ამის თქმა ნებისმიერ სპეციალისტს შეუძლია, რადგან ჩვენი პროფესია ისეთია, ვერაფერს გამორიცხავ”, - აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს fcinter1908.it.

53 წლის მანჩინის ზენიტის გარდა, ლაციო, ფიორენტინა, ინტერი, მანჩესტერ სიტი და გალათასარაი გაუწვრთნია.

იტალიის ნაკრები ისტორიაში სულ ორჯერ დარჩა მუნდიალს მიღმა. პირველად ეს 1958 წელს მოხდა.

ნაკრების ფიასკოს შემდეგ თანამდებობა ჯერ ჯამპიერო ვენტურამ დატოვა, შემდეგ კი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ.

კომენტარები

ბოლო ამბები