Thumbnail
  • ჩილეში პიცის შემცვლელს მიაგნეს.
  • ალექსის სანჩესს და კომპანიას კოლუმბიელი რეინალდო რუედა გაწვრთნის.

ჩილეს საკმაოდ ძლიერმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი ხუან ანტონიო პიცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახლა კი ჩილეს ნაკრებს ახალი დამრიგებელი ჰყავს: ალექსის სანჩესს და კომპანიას კოლუმბიელი რეინალდო რუედა გაწვრთნის.

60 წლის რუედამ 2010 წელს მუნდიალზე ჰონდურასის ნაკრები გაიყვანა, ოთხი წლის შემდეგ კი ასეთივე წარმატებას ეკვადორის ნაკრებთან ერთად მიაღწია. ჩილელთა ახალი დამრიგებელი ბოლოს ბრაზილიურ ფლამენგოში მუშაობდა, სადაც კონტრაქტი ორშაბათს გაწყვიტა. რამდენიმე საათის შემდეგ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ მისი დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

მიზანი: 2022 წლის მუნდიალი

“ჩვენ შევთანხმდით, რომ რუედა ჩილეს ნაკრებში 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს,” - განაცხადა ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეს ფასიომ.

კოპა ამერიკას და კოპა სენტენარიოს მოგების შემდეგ, 2017 წელს ჩილეს ნაკრებმა კონფედერაციათა თასის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანიასთან დამარცხდა. ასეთი წარმატებების შემდეგ, ჩილემ მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჩილეს ნაკრებიდან გათავისუფლებული ხუან ანტონიო პიცი მუნდიალზე მაინც მიდის - ის საუდის არაბეთის ნაკრების დამრიგებლად დანიშნეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები