Thumbnail

‘ნუღარ გამომიძახებთ ბრაზილიის ნაკრებში’ - ფერნანდინიოს ემუქრებიან

  • მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი მუნდიალის შემდეგ მუქარის წერილებს იღებს
  • 33 წლის ბრაზილიელს ფანატები ბელგიასთან მატჩში ავტოგოლს არ პატიობენ
  • არადა, ტიტეს ბრაზილიის ნაკრებში მისი გამოძახება პირველ რიგში სურდა

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველს ფერნანდინიოს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში აღარ სურს. ამის მიზეზი მუქარებია, რომელსაც ფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ იღებს.

ფერნანდინიოს პრობლემების შესახებ ინფორმაცია ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გაასაჯაროვა, რომლის თქმით, მუნდიალის შემდეგ ფეხბურთელის ოჯახს ემუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გასულ ზაფხულს გამართული ტურნირის მეოთხედფინალში, ბრაზილიის ნაკრები ბელგიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. იმ მატჩში ევროპელებმა ანგარიში სწორედ ფერნანდინოს ავტოგოლის წყალობით გახსნეს, ბრაზილიის ნაკრები კი საბოლოოდ მუნდიალს დაემშვიდობა. 

როგორც ირკვევა, მას შემდეგ 33 წლის ფეხბურთელსა და მისი ოჯახს სოციალურ ქსელში ანგარიშსწორებით ემუქრებიან და ამის გამო ფერნანდინიომ ტიტეს თავად სთხოვა, უახლოეს მომავალში აღარ მიიწვიოს ნაკრებში.

ტიტეს აზრით, ფერნანდინიო მისი გუნდისთვის დასაკარგი ფეხბურთელი არაა

"ფერნანდინიო პირველი იყო, ვისი გამოძახებაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მსურდა. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, უდიდესი გამოცდილებით. ფერნანდინიო პირადად მოვინახულე და ველაპარაკე მას, რადგან ის ჩვენი ნაკრების სიამაყეა. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, მე კი მაქსიმალურად დავუჭერ მხარს", - აქვეყნებს ტიტეს ნათქვამს El Espanol.

33 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში მეექვსე სეზონს ატარებს, მანამდე კი ის დონეცკის შახტარის ღირსებას იცავდა. ფერნანდინიოს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები