Thumbnail
  • ოკლაჰომამ დენვერის მარცხით ისარგებლა
  • სითი თანდერი დასავლეთში ერთ-ერთი ლიდერია
  • პოლ ჯორჯმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
  • კლიპერსი კრიზისში აღარ არის, გალინარი დაფრინავს
  • დალას მავერიკსმა ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო

NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში დენვერი ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის. ნაგეთსი ლოს ანჯელეს კლიპერსთან 111:132 დამარცხდა, უახლოესმა მდევარმა ოკლაჰომამ კი იუტას სტუმრად 107:106 მოუგო და ცხრილში დენვერს გაუთანაბრდა - დასავლეთში ორივე გუნდი 21 მოგებითა და 10 წაგებით ლიდერობს.

სტუმრებისთვის ეს ზედიზედ მე-4 გამარჯვება გახლდათ. მატჩის მთავარი გმირი ოკლაჰომას ფორვარდი პოლ ჯორჯი გახდა, რომლის აქტივშიც 43 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. რაც შეეხება რასელ ვესტბრუკს - ის ძალიან ახლოს იყო თავის მორიგ სამმაგ დუბლთან - 8 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი. ცენტრმა სტივენ ადამსმა 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

იუტადან 20-20 ქულა დააგროვეს დონოვან მიტჩელმა და რუდი გობერმა. რიკი რუბიოს ანგარიშზე ორმაგი დუბლია (12 ქულა, 14 პასი).

კლიპერსი კრიზისიდან გამოვიდა

დენვერის (21-10) მარცხი მეტოქის შესანიშნავი, გუნდური თამაშის დამსახურებაა. ზუსტად ისე, როგორც წინა მატჩში დალასთან, ლოს ანჯელეს კლიპერსმა (19-13) ამჯერადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კონფერენციის ლიდერი დამსახურებულად დაამარცხა (132:111) და ნაგეთსის 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლოს ანჯელესელთა ფორვარდები, დანილო გალინარი და ტობიას ჰარისი გახდნენ, რომლებმაც 21-21 ქულა დააგროვეს. მონტრეზლ ჰარელმა ორმაგი დუბლი შეასრულა (20 ქულა, 10 მოხსნა), ცენტრი მარტინ გორტატი 11 მოხსნით გამოირჩა. დენვერიდან საუკეთესო კვლავ ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც ამჯერად 19 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. ჯამალ მარეის ანგარიშზე 18 ქულაა.

დალასის ზედიზედ მეხუთე მარცხი

მიუხედავად იმისა, რომ იბრძოლა და თამაშში დაბრუნება მოახერხა, დალასი გოლდენ სტეიტთან მაინც დამარცხდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მავერიკსის ლეგენდა დირკ ნოვიცკი დაბრუნების შემდეგ ჯერ კიდევ მოუგებელია. “ბებერი” დირკისა და ახალგაზრდა ლუკა დონჩიჩის გუნდმა მოქმედ ჩემპიონთან 116:120 წააგო. მავერიკსისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია. 

შეხვედრის მთავარი გმირი გოლდენ სტეიტის ფორვარდი კევინ დურანტი გახდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან (29 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი). უორიორსიდან ასევე შთამბეჭდავი იყო და 23 ქულა დააგროვა იუნას იერებკომ, სტეფ კარის ანგარიშზე კი 22 ქულაა. დრეიმონდ გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა (14 ქულა, 10 მოხსნა).

დალასიდან ყველაზე კარგი შედეგი მცველ უესლი მეტიუზს ჰქონდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა. ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე ამჯერად 19 ქულა, 5 პასი და 3 მოხსნაა. ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 23 მოხსნა). გოლდენ სტეიტთან მარცხის შემდეგ დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, უორიორსი კი - ისევ მესამე გახლავთ.

კიდევ რა მოხდა NBA-ში საინტერესო?

🏀 ვაშინგტონისა და ფინიქსის დაპირისპირება უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა - გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო და საბოლოოდ ვაშინგტონმა 149:146 მოიგო. მატჩის გმირი ბრედლი ბილია, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო და პლუს 15 პასითა და 11 მოხსნით სამმაგი დუბლი გაიფორმა.

40-ქულიანი სამმაგი დუბლი - ვაშინგტონის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა. პირველი კრის ვებერის იყო (1995 წელს, 40/10/10)

🏀 ჰიუსტონმა სან ანტონიო 108:101 დაამარცხა. ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 39 ქულა, 10 პასი და 4 მოხსნაა. კლინტ კაპელამ (ასევე ორმაგი დუბლი) 21 ქულა და 23 მოხსნა გააკეთა.

🏀 ფილადელფიამ ტორონტოს დამარცხება შეძლო - 121:101. ჯოელ ემბიიდმა (27 ქულა, 11 მოხსნა) და ბენ სიმონსმა (26 ქულა, 8 მოხსნა, 12 პასი) ორმაგი დუბლები შეასრულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები