Thumbnail
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა
  • მადრიდის რეალმა აბუ დაბიში მასპინძელ ალ იანს ანგარიშით 4:1 სძლია
  • მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რივერ პლეიტმა იაპონური კაშიმა დაამარცხა - 4:0

მადრიდის რეალმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, რომელიც აბუ დაბიში გაიმართა, საემიროების ალ აინს იოლად მოუგო და ფიფას ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა, ისტორიაში კი - მეოთხედ.

"შეიხ ზაიედზე" ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, გატანილი გოლით კი ლუკა მოდრიჩი გამოირჩა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან, ქარიმ ბენზემას დაგორებულ ბურთს ძლიერად დაარტყა.

მანამდე კი გატანის კარგი შანსი საემიროების გუნდს, მარსელოს ბავშვური შეცდომის შემდეგ ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუას კარი გაშვებული გოლისგან მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა გადაარჩინა.  

აბუ დაბის სტადიონზე შოუ გარეთ ბეილმაც დადგა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა

მეორე ტაიმში ევროპულმა გუნდმა უპირატესობა, კუთხურის შემდეგ, მარკოს ლორენტეს ბრწყინვალე გოლით გაზარდა, რომელმაც საჯარიმოს გარეთ მოგერიებული ბურთი ერთი შეხებით გაუშვა დაბალ კუთხეში.

23 წლის მარკოს ლორენტემ რეალის მთავარ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა

შეხვედრის მიწურულს გატანა რამოსმაც მოახერხა, რომელიც მოდრიჩის მოწოდებულ კუთხურს გამოეხმაურა და გამარჯვებულის საკითხი პრაქტიკულად საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც.

რეალის ფეხბურთელებს საემიროებში გასეირნება წარმატებული გამოუვიდათ

მაგრამ ამის შემდეგ მაყურებელმა კიდევ ორი გოლი იხილა. პრესტიჟის გოლის გატანა ელ აინის იაპონელმა ლეგიონერმა ცუკასა სიოტანიმ მოახერხა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი იაჰია ნადერმა ავტოგოლი მიითვალა.

რეალის ქომაგი აბუ დაბიში

ფიფას საკლუბო ტურნირი, რომელშიც ექვსი კონფედერაციიდან საუკეთესო გუნდები გამოდიან, 2000 წლიდან ტარდება. რეალის მიღწევა სარეკორდოა - ოთხჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქამდე არავის მოუგია. სამი მოგება აქვს ბარსელონას, კორინთანსს - ორი.

ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული 5 მილიონი აშშ დოლარს იღებს, მეორეადგილოსანი - 4 მილიონს. 

რეალი 4:1 ალ აინი

გოლები: 1:0 მოდრიჩი (14’), 2:0 ლორენტე (60’), 3:0 რამოსი (78’), 3:1 სიოტანი (86), 4:1 ნადერი (90+1' ავტოგოლი).

რეალი: კურტუა, ვარანი, რამოსი, კროოსი (70’ სებალოსი), ბენემა, ბეილი, მარსელო, კარვახალი, ვასკესი (84’ ვინისიუსი), მოდრიჩი, ლორენტე (82’ კასემირო)

 

მესამე ადგილისთვის მატჩში, რომელიც აბუ დაბიში ფინალურ დაპირისპირებამდე გაიმართა, არგენტინულმა რივერ პლეიტმა იაპონურ კაშიმას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლით გონსალო მარტინესი გამოირჩა. 

ტურნირზე მესამე ადგილი არგენტინულმა რივერ პლეიტმა დაიკავა

კაშიმა 0:4 რივერ პლეიტი

გოლები: 0:1 სუკულინი (24’), 0:2 მარტინესი (73’), 0:3 ბორე (88’ პენ), 0:4 მარტინესი (90+3)

კომენტარები

ბოლო ამბები