Thumbnail
  • რატომ არ ითამაშა ჩაკვეტაძემ სერკლ ბრიუგესთან
  • 'არაფერია სანერვიულო' - წერს ქვილითაია

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია - გენტმა ჟუპილერლიგაში მის გარეშე შეძლო სერკლ ბრიუგეს დამარცხება. ბელგიიდან კი არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოდის 19 წლის ფეხბურთელის ტრავმასთან დაკავშირებით.

Walfoot.be წერს, რომ გენტში გიორგის ტრავმის გამო შეშფოთებულები არიან: "ბუფალოებმა" შესაძლოა, გიორგი რამდენიმე კვირით დაკარგონ. ეჭვობენ, რომ ტრავმა სერიოზულია. ქართველმა მუხლი სენტ ტრუიდენთან სათასო მატჩში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე იტკინა. თავიდან ტესტმა ვერაფერი გამოავლინა, მაგრამ ეჭვობენ, რომ საბოლოო დიაგნოზი უფრო მძიმე იქნება. სერკლ ბრიუგესთან მატჩის წინ ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ემზადებოდა, მაგრამ შემდეგ განაცხადში არ იყო", - წერს საიტი. 

Het Laatste Nieuws წერს, რომ გიორგის ტრავმა არ არის სერიოზული, თუმცა წლის ბოლო თამაშს გენკის წინააღმდეგ ის გამოტოვებს. შემდეგ კი გენტი ზამთრის არდადეგებზე გადის. 

არაფერია სანერვიულო

ქვილითაიას ინსტაგრამის სქრინი

გენტის მეორე ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც თავადაც ტრავმირებულია და სულ მალე დაუბრუნდება მოედანს, "ინსტაგრამის" სთორიში გამოფინა ვიდეო, რომელზეც ჩაკვეტაძე ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობს, მინაწერით - არაფერია სანერვიულო.

თუმცა ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ 19 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ერთი ფეხით ეყრდნობა იატაკს მსუბუქი ვარჯიშის შესრულებისას. ვნახოთ, რა იქნება გენკთან, დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძის თამაშს წლის ბოლო მატჩში არ უნდა ველოდოთ, მერე კი 20 იანვრამდე ჟუპილერლიგაში შესვენებაა და ქართველ ფეხბურთელს სრულფასოვნად გამოჯამრთელებისთვის დრო ექნება. 20 იანვარს გენტი სეზონს ბრიუსელის ანდერლეხტთან საშინაო მატჩით განაახლებს, რომელიც ტურში ცენტრალური დაპირისპირება იქნება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. ერთი გოლიც მან ბელგიის თასზე გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები