Thumbnail
  • ინგლისის პრემიერლიგაში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა
  • მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე კრისტალ პალასთან 2:3 წააგო
  • თაუნსენდმა ედერსონს საჯარიმოს გარედან სუპერგოლი გაუტანა
  • ლონდონის ჩელსი შინ ლესტერ სიტისთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა

პეპ გვარდიოლას გუნდს საშობაოდ ჩავარდნა აქვს და ამის ნიშნები ჯერ კიდევ ინგლისის ლიგის თასის ¼-ფინალში, რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, როდესაც სიტის ლესტერის ბარიერის დასაძლევად პენალტების სერია დასჭირდა. რაც შეეხება პრემიერლიგას, აქ მოქმედმა ჩემპიონებმა სეზონში მეორედ წააგეს, ოღონდ, თუკი პირველად ეს ლონდონში, ჩელსისთან დაემართათ და გამართლება კიდევ ჰქონდათ, ამჯერად "ეტიჰადზე" შერცხვნენ, თანაც - კრისტალ პალასთან.

ილქაი გიუნდოგანმა მიმდინარე პრემიერლიგაში მეოთხე გოლი მიითვალა

არადა, თამაშის დასაწყისი ისეთი გამოვიდა, მასპინძლებს შიში არაფრის უნდა ჰქონოდათ. თანაც, უკვე 27-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმაც ფაბიან დელფის მაღალი ჩაწოდების შემდეგ თავით შეაგდო და ანგარიში გახსნა.

გვარდიოლას გუნდისთვის კოშმარი აქედან ხუთიოდე წუთში დაიწყო. ჯერ ჯეფრი შლუპმა გაათანაბრა ანგარიში, ტაიმის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი ენდროს თაუნსენდმა საჯარიმოს გარედან, ერთი შეხებით დარტყმით ისეთი გოლი გაუტანა ედერსონს, სეზონის საუკეთესოობაზე რომ ექნება პრეტენზია. 

მეორე ტაიმში უპირატესობა ორბურთიანი მას შემდეგ გახდა, რაც უოლკერმა მაიერზე იუხეშა. არბიტრმაც პენალტი დანიშნა, რომელიც ლუკა მილივოევიჩმა გოლად აქცია.

პეპ გვარდიოლამ მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით გადაწყვიტა, გაანახევრა დაცვის ხაზი, მოედანზე კი აგუერო, დე ბრუინი და მაჰრეზი შეუშვა. ამ სამიდან მხოლოდ ბელგიელს გაუმართლა - მარჯვენა ფრთიდან სავარაუდოდ, საჯარიმოში ჩაწოდება დააპირა, მაგრამ სტუმართა მეკარის დაგვიანებული რეაქციის გამო, ბურთი კარში აღმოჩნდა. ყველა შემთხვევაში, გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა. 

დე ბრუინს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტური გამოუვიდა

მანჩესტერ სიტიმ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო, აქტივში კი ისევ 44 ქულა რჩება და შობას ლიდერ ლივერპულთან 4 ქულიანი ჩამორჩენით შეხვდება. მომდევნო მატჩს გვარდიოლას გუნდი სტუმრად ლესტერთან 26 დეკემბერს გამართავს.

კრისტალ პალასს "ეტიჰადზე" მოგების შემდეგ 18 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზეა.

თაუნსენდს პრემიერლიგაში 17 გოლი აქვს გატანილი და აქედან 10 - საჯარიმოს გარედან

სიტი 2:3 კრისტალ პალასი

გოლები: 1:0 გიუნდოგანი (27’), 1:1 შლუპი (33’), 1:2 თაუნსენდი (35’), 1:3 მილივოევიჩი (51’ პენ.), 2:3 დე ბრუინი (85')

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი (50’ აგუერო), ლაპორტი, დელფი (62’ დე ბრუინი) - გიუნდოგანი, სტოუნსი, სილვა - სტერლინგი (69’ მაჰრეზი), ჟეზუში, სანე. 

კრისტალ პალასი (4-5-1): გუაიტა - ვან-ბისაკა, ტომკინსი, საკო, ანჰოლტი - თაუნსენდი, მაკარტური, მილივოევიჩი, შლუპი, მაიერი (95' პანჩეონი) - ზაჰა (88' აიუ).

არსენალი 3:1 ბარნლი

გოლები: 1:0, 2:0 ობამეიანგი (14’, 48’), 2:1 ბარსი (63’), 3:1 აიუობი (90’)

ჩელსი 0:1 ლესტერი

გოლი: 0:1 ვარდი (51’)

 

კომენტარები

ბოლო ამბები