Thumbnail

'ბითაძე ნაკრებს დააკლდება, მაგრამ ამას ავიტანთ' - ჟურნალისტები გოგას ტრანსფერზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 19 წლის ქართველი კალათბურთელი კარიერას ბუდუჩნოსტში გააგრძელებს
  • რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ამ ტრანსფერს
  • ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლების შეფასებები

19 წლის ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის ტრანსფერმა მეგა ბიმაქსიდან ბუდუჩნოსტში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გულშემატკივართა ერთ ნაწილს გოგას უკეთეს გუნდში ხილვა სურდა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ევროლიგაში მოასპარეზე მონტენეგრული გუნდი მისთვის ოპტიმალური ვარიანტია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ბითაძის ტრანსფერზე სპორტული ჟურნალისტები...  

გოგა ბითაძე ბუდოჩნოსტის ღირსებას 11-ნომრიანი მაისურით დაიცავს

დავით ბანანაშვილი ("პირველი არხი")

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი?

როდესაც გოგა ბითაძე ვითაში მოიყვანეს, კლუბში ვმუშაობდა და მაშინვე ვთქვი, რომ ამ მოთამაშეს დიდი მომავალი ელოდა. საბედნიეროდ, ამართლებს გაცემულ ავანსებს და ის არის ალმასი, რომელიც ბრილიანტად გადაიქცევა. მისი კარიერა სწორად ვითარდება, რადგან ჯერ მეგა ბიმაქსში გადავიდა, გუნდში, რომელიც ტალანტების სამჭედლოა NBA-სთვის და შემდეგ, ბუდუჩნოსტში, რომელიც ევროლიგაში ევროპის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობს. გოგას 16 ტურის ჩატარება მოუწევს ევროლიგაში და შემდეგ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე დადგება, სადაც პირველ რაუნდში აირჩევენ და სავარაუდოდ, 24-ე ნომერი იქნება. სახელდება ფილადელფიას ვარინტი, თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტიც იყოს და ლაპარაკია მინიმუმ 10-მილიონიან კონტრაქტზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გოგა ბითაძე თავის სიტყვას ამერიკაშიც იტყვის.

რას უნდა ველოდოთ?

ვფიქრობ, გოგა დაიმკვიდრებს ადგილს ბუდუჩნოსტის ძირითად შემადგენლობაში და მას თამაშში 15 წუთზე მეტი მიეცემა. ჩემი აზრით, სხვანაირად ეს ტრასფერი არც შედგებოდა. სამწუხაროდ, გოგა რამდენიმე სანაკრებო თამაშს გამოტოვებს, მაგრამ ამას ავიტანთ, რადგან წინ დიდი მომავალი ელოდება.

დავით ბანანაშვილი

ვაჟა სიმონიშვილი (გაზეთი "ლელო")

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი?

გავიხსენოთ ზაზა ფაჩულიას გზა, რომელმაც 2003 წელს ულქერსპორთან ერთად ევროლიგაში ორი მატჩი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბების ყურადღება მიიპყრო. სწორედ ამ გზას გადის გოგა ბითაძე და ჩემი პირადი აზრით, გუნდიც სწორად შეურჩიეს. ბითაძის პოზიციაზე ბუდუჩნოსტში არ არის დიდი კონკურენცია და მას აუცილებლად მიეცემა დიდი სათამაშო დრო. საინტერესოა, როგორ ითამაშებს ევროლიგაში მოასპარეზე ცენტრების წინააღმდეგ. ერთი ფაქტია, ევროლიგაში თამაშით ბითაძე NBA-ს კლუბების ყურადღებას მიიპყრობს.

რას უნდა ველოდოთ?

გოგას ბოლო ერთ წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. საინტერესო იყო საქართველო-საბერძნეთის მატჩი, სადაც ეს პროგრესი კარგად გამოჩნდა. ბერძნებიც კი ერიდებოდნენ ჩვენ საჯარიმოში შემოსვლას და პერიმეტრიდან ცდილობდნენ ქულების მოგროვებას. ვფიქრობ, ამ პროგრესის გათვალისწინებით, ევროლიგაშიც კარგად წარმოაჩენს თავს. ევროლიგის გუნდში გადასვლის გამო, შესაძლოა საქართველოს ნაკრების რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს, მაგრამ მისი წინსვლა და იგივე NBA-ში გადასვლა, საბოლოოდ სწორედ საქართველოს ნაკრებს და ქართულ კალათბურთს წაადგება.

გიორგი ზურაბიშვილი (სპორტული ჟურნალისტი)

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი?

ჩემი აზრით, გოგა ბითაძემ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ ბუდუჩნოსტში გადავიდა. თუ გვინდა, რომ NBA-ში მოხვდეს და ამერიკაში თავი წარმოაჩინოს, ევროლიგის გამოცდილება აუცილებლად უნდა მიიღოს. მეგა ბიმაქსიდან პირდაპირ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრა სარისკო იყო, რადგან დონეებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ასე რომ, ვინც ბითაძეს გულშემატკივრობს, ყველას უნდა გაუხარდეს ეს ტრანსფერი. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ შესაძლოა გარკვეული პერიოდი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს, მაგრამ ჩვენ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის პრაქტიკული შანსი არ აქვს და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

რას უნდა ველოდოთ?

წინასწარ რთულია პროგნოზირება, თუ რამდენად სწრაფად დაიმკვიდრებს გოგა ბითაძე ბუდუჩნოსტის ძირითად ხუთეულში ადგილს, თუმცა ერთი ფაქტია: რადგან ეს ტრანსფერი შედგა, ე.ი. ამ გუნდში მისი საჭიროება დაინახეს. მთავარია მოინდომოს, ბევრი ივარჯიშოს და სათამაშო დრო ყველა ვარიანტში მიეცემა. დანარჩენი თავად გოგაზეა დამოკიდებული. 

გიორგი ზურაბიშვილი

გია პლატონიშვილი (გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა)

რას ნიშნავს ეს ტრანსფერი?

გულშემატკივრები მაქსიმალისტები არიან და შესაძლოა, გოგა ბითაძეს პირდაპირ NBA-ში გადასვლა სურდათ, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ბუდუჩნოსტში გადასვლა არ იყო ცუდი ვარიანტი. ამ ტრანსფერს 5-ბალიანი სისტემით კარგ 4-იანს დავუწერდი. ჯერ ერთი, ეს გუნდი ევროლიგაში ასპარეზობს და მეორე, გიგას იქვე ბალკანეთში მოუწევს თამაში, ამ გარემოს კი უკვე შეჩვეულია და ადაპტაცია არ დასჭირდება. კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც NBA-ში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია. მთავარია, ადგილზე არ გაჩერდეს და პროგრესი გააგრძელოს. ჩემი აზრით, გოგა ბუდუჩნოსტში მაქსიმუმ ერთი სეზონი უნდა გაჩერდეს. 

რას უნდა ველოდოთ?

როგორც აღვნიშნე, პროგრესს და კიდევ უკეთეს გუნდში გადასვლას. ევროლიგის და ფიბას სტრუქტურებიდან გამომდინარე, გოგა ალბათ საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაშს დააკლდება. ბუნებრივია, ნაკრებს დაეტყობა გოგას არყოფნა, მაგრამ ილიას ზუროსის გუნდში თაობათა ცვლის პროცესია და დღეს, ეს დანაკლისი უნდა ავიტანოთ. მით უმეტეს, საქართველოს ნაკრები თორნიკე შენგელიას გარეშე ახერხებს ღირსეულად თამაშს. მთავარია, რომ ბითაძე უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს და ეროვნულ გუნდს კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები