Thumbnail
  • უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის საპრიზო თანხა გაზარდა
  • საქართველოს ნაკრებს ფინალურ სტადიაზე მოხვედრა 9 მილიონ ევროს მოუტანს
  • ტურნირის გამარჯვებული საუკეთესო შემთხვევაში 34 მილიონი ევროს გამოიმუშავებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობისთვის საერთო საპრიზო თანხა 371 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, თანხა 23%-ით მეტია იმაზე, რაც ევროპის წინა ჩემპიონატზე იყო. საფრანგეთში გამართულ ევრო 2016-ზე საპრიზო თანხა 301 მილიონი ევროს შეადგენდა.

ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის 24-ივე ნაკრები, სულ ცოტა, 9,25 მილიონი ევროს მიიღებს. ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებისთვის ნაკრები დამატებით 1,5 მილიონ ევროს, ფრეს შემთხვევაში კი 750 ათას ევროს მიიღებს. 

ტურნირის ⅛-ფინალში გასვლისთვის საპრიზო თანხას 2 მილიონი ევრო დაემატება, ¼-ფინალში გასვლისთვის - 3,25 მლნ, ნახევარფინალში კი - 5 მლნ. ევროპის ჩემპიონატის გამარჯებისთვის კი 10 მილიონია დაწესებული, ფინალისტისთვის - 7 მლნ.

ევრო 2020-ის გამარჯვებული, თუკი ჯგუფურ ეტაპზე სამ მოგებას მიითვლის, ჯამში 34 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ევრო 2016-ზე ეს თანხა 27 მლნ-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ  ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პირველად კონტინენტის 12 ქალაქში გაიმართება: ამსტერდამში, ბაქოში, ბილბაოში, ბუქარესტში, სანკტ პეტერბურგში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში, დუბლინში, გლაზგოში, ლონდონში, მიუნხენსა და რომში. ტურნირის ნახევარფინალსა და ფინალს ლონდონი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საგზურისთვის შესარჩევ D ჯგუფში იბრძოლებს, სადაც მეტოქეებად: შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი ეყოლება. ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

შესარჩევ ციკლში წარუმატებლობის შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპირველობაზე მოხვედრის შანსი უეფას ერთა ლიგის პლეი ოფიდან ექნება, სადაც ½-ფინალში მეტოქედ, დიდი ალბათობით, ბელარუსი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები